საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე სახელმწიფო კომპანიების აქციების განთავსების მანიამ შეიპყრო. “საქართველოს რკინიგზის” შემდეგ რიგში გაზისა და ნავთობის კორპორაციაა. საფონდო ბირჟებზე აქციების განთავსებით ხელისუფლება თანხების მობილიზებას გეგმავს, მაგრამ უსაფრთხოებაზე კი ნაკლებად ზრუნავს.
გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციების 25% ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2-3 წელიწადში განთავსდება. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განმარტებით, “ნავთობის და გაზის შესახებ” კანონით ხელისუფლებას კორპორაციის აქციების 75% გაყიდვის უფლება არ აქვს, თუმცა 25%-ის პრივატიზების უფლებას კანონი იძლევა.
მინისტრი ირწმუნება, რომ ლონდონის ბირჟაზე აქციების განთავსება ქვეყნის რეიტინგს კიდევ უფრო გაზრდის და ინვესტორების ნდობის მოსაპოვებლადაც კარგი იქნება.
გაზის და ნავთობის კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენის მფლობელია და სწორედ ამ ფაქტის გამო საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კორპორაციის აქციების ნებისმიერი ფორმით პრივატიზაციას კაპიტულაციად აფასებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ აქციებს ბირჟაზე გატანის შემთხვევაში აუცილებლად რუსეთი შეიძენს. ანუ, არსებობს საფრთხე, რომ გაზის კორპორაციის აქციების მეოთხედი რუსეთმა იგდოს ხელთ და მისი მეშვეობით შეეცადოს მაგისტრალური გაზსადენზე ბერკეტები მოიპოვოს. მართალია, 25% ძალიან დიდი წილი არ არის, მაგრამ მის ერთპიროვნულ მფლობელს გადაწყვეტილების ბლოკირების საშუალება ექნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ვითარებაა “საქართველოს რკინიგზის” აქციებთან დაკავშიებითაც. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე “საქართველოს რკინიგზის” აქციები უკვე განთავსდა.
მთავრობის ინფორმაციით, 250 მილიონი დოლარის ღირებულების ხუთწლიანი ობლიგაციები “საქართველოს რკინიგზამ” საინვესტიციო ბანკების Bank of America-Merrill Lynch და JP MORGAN-ის მეშვეობით განათავსა. ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრში კი აცხადებენ, რომ რკინიგზის აქციების ლონდონის ბირჟაზე განთავსება, შესაძლოა, მისი გაყიდვის წინაპირობა გახდეს.
ცენტრის ექსპერტების თქმით, ლონდონის ბირჟისათვის აღნიშნული პროცენტი მაღალი განაკვეთია, ამიტომ აქციებს ძალიან ბევრი მსურველი გამოუჩნდება. მათივე ვარაუდით, რკინიგზამ 5-7 წლის შემდეგ, შესაძლოა, თანხის უკან დაბრუნება ვერ შეძლოს და დღის წესრიგში მისი გასხვისების საკითხი დადგეს. ამასთან, ექსპერტთა განმარტებით, ლონდონის ბირჟაზე თანხის ძირითადი მსესხებელი, სავარაუდოდ, რუსეთი იქნება, რომელიც “საქართველოს რკინიგზით” დიდი ხანია დაინტერესებულია.
საქართველოს რკინიგზაში კი აცხადებენ, რომ მოზიდულ თანხას გამოიყენებს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის და მოდერნიზაციის პროექტების დასაფინანსებლად.