არჩილ კბილაშვილი:

არჩილ კბილაშვილი: "ხალხი მიიღებს მონაწილეობას ამ საქმეში და ხალხი გაასამართლებს მათ"

"დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრთა პოლარიზაცია ნორმალურია. სანამ ეს ხელისუფლება მოვიდოდა, წინა ხელისუფლებას ჰქონდა კარგად აწყობილი პიარტექნოლოგია, ჰყავდა ლობისტური ჯგუფები, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც კომუნიკაცია დახვეწილი ჰქონდა. ხელისუფლება შეიცვალა, თორემ ის სისტემები ხომ არ შეცვლილა? ის ჯგუფები და ურთიერთობები დარჩა. ამიტომაც ლოგიკურად შეიძლება აიხსნას, რაც უნდა მოიმოქმედოს სამართალდამცავმა ორგანომ და ვინც უნდა მისცეს პასუხისგებაში, იქნებიან ადამიანები, ვინც ამას პოლიტიკურ დევნად აღიქვამენ. ასეთ განცხადებებს სრული სიმშვიდით ვხვდები და ყველას ვთავაზობ, თუ ჩვენთან საუბარი გსურთ, ვისაუბროთ საქმის და მტკიცებულებების მიხედვით. ჩვენ არასდროს წამოვიწყებთ პოლემიკას ისეთ თემაზე, როგორიც არის პოლიტიკური მიზანშეწონილობა, ან რას იტყვიან ჩვენზე იმის გამო, რასაც ვაკეთებთ. ეს ის სფეროა, სადაც პროკურატურა არ უნდა ერთვებოდეს დიალოგში", - აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ერთ თვეში გირგვლიანის საქმეს გახსნილად გამოვაცხადებთ".

"როდესაც კალანდაძის საქმეზე მოვიპოვეთ გარკვეული მტკიცებულებები კონკრეტულ ეპიზოდზე, ის წარმოვაჩინეთ და პირი პასუხისგებაში მივეცით. გარკვეული დროის შემდეგ კიდევ შემოვიდა ახალი განცხადებები და კიდევ ახალი ეპიზოდი გამოვავლინეთ. ამის საფუძველზე კიდევ მივეცით პასუხისგებაში კალანდაძე. ხვალ-ზეგ კიდევ რომ შემოვიდეს ასეთი განცხადება, ბუნებრივია, უკან არ დავიხევთ იმის გამო, რომ კალანდაძე სამჯერ მივეცით პასუხისგებაში და მეოთხედ ვეღარ მივცემთ. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია: თითოეულ დოკუმენტზე, ეპიზოდზე, მიდგომა იყოს ადეკვატური, შევისწავლოთ, მოვამწიფოთ, საგამოძიებო თვალსაზრისით გამოვკვეთოთ მისი პასუხისმგებლობა და შემდეგ წარედგინოს პირს ბრალი. თუ ხვალ-ზეგ ახალი განცხადება შემოვა, მაშინაც ადეკვატურები ვიქნებით. სად გვაქვს იმის გარანტია, რომ კალანდაძის ან ახალაიას ბრალდების თემატიკა ამოწურულია? ასეულობით განცხადება შემოდის და ყველას ერთად ხომ ვერ შევისწავლით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ კბილაშვილი.

"ადვოკატი ვიყავი და კარგად ვიცი, რა იყო საკმარისი ადამიანის დაჭერისთვის წინა ხელისუფლების დროს. საკმარისი იყო ჩამოყალიბებოდათ აზრი ამა თუ იმ პირზე, ის ცუდიაო და უნდა დაეჭირათ. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო. ეს მცდარი, ცუდი მიდგომაა და ამიტომაც დავაყენეთ საკითხი ასე - მთავარია მტკიცებულებები. რაც შეეხება ნიკა გვარამიასა და სხვა პირების საქმეს, 11-ტომიან საქმეზე ინტერვიუში ვერ ვისაუბრებ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 6 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ფაქტზე, რომელიც დიდი ოდენობით ქრთამის აღებას შეეხებოდა და 19 დეკემბერს გამოვაცხადეთ ამ საქმის გახსნის შესახებ. ამ თვე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და მთავარ პროკურატურაში მუშაობა გვიან ღამემდე არ წყდებოდა. მე და ჩემი კოლეგები ადვოკატის პოზიციაში ვიყავით და როდესაც ესა თუ ის თემა მოჰქონდა გამომძიებელს, ოპონირებას ვუწევდით, რომ ეს ასე კი არა, ისე შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული. ამას იმისთვის ვაკეთებდით, რომ თემა ბოლომდე დაწურული ყოფილიყო. ყველა საკითხზე, რომელიც შეიძლებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, პასუხი გაცემულიყო", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ცოცხების თემა გაიხსნა. გაირკვა, რომ იუსტიციის მინისტრის დავალებით გადაუღიათ ის ვიდეოფირი, რომელიც ასახავს პატიმრების წამებას, რათა გადაფარულიყო ბედუკაძის მიერ მოგროვებული მასალები და კარანტინის დაშლა. როდესაც გაიგეს ბედუკაძის მიერ გადაღებული ვიდეოფირის არსებობის შესახებ, ხელოვნურად დაიგეგმა სცენა. ერთ პირს დაუმაგრეს კამერა და გადაიღეს პატიმრების ცემა. ამის მიზანი იყო, საზოგადოებას დაენახა, რომ ხელისუფლება არ არის ტოლერანტული იმისა, რაც ციხეებში ხდება და თვითონ ავლენს ასეთ ფაქტებს. მათ თავიდან არ იცოდნენ, რა ფირს გამოამჟღავნებდა ბედუკაძე, მხოლოდ ის იცოდნენ, რომ მას ეს მასალა ჰქონდა. ცოცხები ბედუკაძემ გადაიღო, კარანტინის დაშლა - სხვა ჯგუფმა, ხოლო ადეიშვილის მითითებით დადგეს სცენა, სადაც ორი ბადრაგი სცემს ერთ პატიმარს. ეს ინსცენირება გაკეთდა მთავრობის იმიჯის გადასარჩენად. აქაოდა, ჩვენ გავხსენით ეს დანაშაული და ციხეში პატიმრების ტანჯვა-წამებას არ შევურიგდებითო. გარდა ამ თემისა, ადეიშვილი "ქართუ ბანკის" თემაშიც ფიგურირებს და იქაც ბრალდებას იმსახურებს. ასე რომ, კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი იქნება ბრალდებული... არის კიდევ ერთი მინისტრი, რომელზეც ერთ-ერთმა საელჩომ გამოგვიგზავნა ნოტა: ეს მინისტრი ჩვენს მოქალაქეებს ფულს სძალავდა და გთხოვთ, გამოძიება დაიწყოთო. როდესაც ასეთი თემებია, სასაცილოა პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკი. გვინდა ინიციატივით გამოვიდეთ, რომ ასეთი დაკავების საკითხები მოსამართლემ კი არა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ხალხი მიიღებს მონაწილეობას ამ საქმეში და ხალხი გაასამართლებს მათ. ჩვენ თუ მიკერძოებული ვართ, ხალხმა გაასამართლოს", - ამბობს არჩილ კბილაშვილი.

"გირგვლიანის საკითხი დიდი სისწრაფით მიდის წინ. "შარდენ ბარის" მზარეულის დამხმარეც კი დავკითხეთ, რომ ყველა ნიუანსი გავარკვიოთ. მე და ჩემს მეგობრებს რომ ამ საქმის გაძღოლის უფლება მოგვეცა, ისტორიული შანსია და ვცდილობთ, მას ღირსეულად გავართვათ თავი. ჟვანიას საქმე გაცილებით რთულია. რამდენიმე ვერსიაა და თითოეულს ვამოწმებთ. გირგვლიანის საქმე წინ გაუსწრებს ჟვანიას საქმის გამოძიებას. ახლო მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში, გირგვლიანის საქმეს გახსნილად გამოვაცხადებთ. გირგვლიანის საქმეში გამოიკვეთნენ პირები, ვისაც საზოგადოება არ იცნობს. საქმეში ახალი პირები არიან ინციდენტამდე პერიოდშიც და მის შემდგომაც. ეს საქმე თითქმის გახსნილია, მხოლოდ მისი დახვეწა, ყველა მტკიცებულების გადამოწმებაა საჭირო", - დასძენს რესპონდენტი.