სემეკს ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ენერგოკომპანიებში 5%-ზე მეტი წილის გასხვისების პროცესის დაბლოკვის უფლება მიეცემა. მთავრობა აღნიშნული ცვლილების კანონში შეტანას დაჩქარებული წესით ითხოვს. მას ეთანხმებიან პარლამენტშიც, რათა გამოირიცხოს ბაზარზე საეჭვო წარმომავლობის კომპანიების შემოსვლის შესაძლებლობა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შესაძლოა, უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს ხუთ პროცენტზე უფრო მეტი წილის-აქციების გასხვისება აუკრძალოს. შესაბამისი ცვლილებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის თანახმად, კომისია ვალდებულია, შეისწავლოს მიღებული შეტყობინება და გასცეს თანხმობა ან აკრძალოს შერწყმა, წილის ან აქციების გასხვისება, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება ან და საოპერაციო აქტივის გასხვისება.
„აკრძალვის საფუძველი, სხვა გარემოებებთან ერთად, შეიძლება, იყოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაძლო შეუსრულებლობა ან და სისტემის ოპერატორის ტარიფზე ტრანზაქციის-ოპერაციის შესაძლო ზეგავლენა“, - ნათქვამია პროექტში.
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ცვლილების მიღება აუცილებელია, რათა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მესაკუთრის ცვლილებამ მომხმარებელთა ინტერესები არ დააზიანოს.
„ჩვენ შევაფასებთ 5%-ის ან მეტი წილის შემძენს რამდენად ექნება შესაძლებლობა შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, რომლებიც ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორს ეხება. შესაბამისად, შევაფასებთ თუ რა გავლენა ექნება ახალი მესაკუთრის შემოსვლას მომსახურების გაუმჯობესებაზე ან რამე სახის გავლენას ხომ არ იქონიებს სერვისის ხარისხზე, ტარიფებზე და ა.შ.
არსებობს გამოცდილება წინა ხელისუფლებიდან, წინა მთავრობის პირობებში განხორციელებული რამდენიმე გარიგება, რომელმაც ნეგატიური გავლენა იქონია. ამის მაგალითად მაშინდელი „ყაზტრანსგაზის“ თემაც საკმარისია. ასევე არსებობდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც შეჩერდა. ყველა ახალი ინიციატივა, რომელიც შესაძლოა, იყოს არასასურველი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე იქონიებს ნეგატიურ გავლენას, გადაიხედება, რათა არ გაუარესდეს მდგომარეობა“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში დადებითად აფასებენ სამთავრობო ინიციატივას. დეპუტატ რევაზ არველაძის აზრით, სემეკისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება ენერგეტიკის სექტორში მდგრადობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. მოხდება ისეთი გარიგების აღკვეთა, რომელსაც სემეკი ქვეყნისთვის არასასურველად ჩათვლის ან ისეთი ინვესტორის შემოსვლა არ მოხდება, რომელსაც არაკანონიერ ქმედებებთან და ფულის გათეთრებასთან აქვს კავშირი.
„ენერგეტიკის დარგს სერიოზული დაცვა სჭირდება. კანონპროექტის მიღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ. როდესაც სისტემის ოპერატორი თავის აქციების ან ქონების 5%-ზე მეტს გაასხვისებს, შეიძლება ეს იყოს 5, 15 ან 100%-იც კი. შესაბამისად, კარგად უნდა ვიცოდეთ, ვინ შემოდის მის პარტნიორად ან მთლიანად ვინ ჩაანაცვლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქედან გამომდინარე, რომ შეიძლება ეს ორგანიზაცია ფულის გათეთრების მიზნით შემოდიოდეს ან სხვა რაიმე მიზნით.
ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ფულის გათეთრების მიზნით იქნება განხორციელებული, შემდგომ ის ტარიფში გადავა და მომხმარებელს მძიმე ტვირთად დააწვება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება გამართლებულია, ვინაიდან სანამ ეს ტრანზაქცია მოხდება და სანამ გასხვისდება ან გაიყიდება 5%-ზე მეტი წილი, მანამდე მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით, თუ როგორი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სფეროში მუშაობის, როგორია ამ ორგანიზაციის ფულის წარმოშობა და ასე შემდეგ. კომისია შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას დააზუსტოს ეს მონაცემები, შემდგომ ან დაეთანხმება ან უარს ეტყვის საქართველოს ენერგეტიკულ სივრცეში შემოსვლაზე“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ არველაძემ.
ამგვარი წინასწარი შეფასება შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთ შემთხვევებთან მიმართებით, როგორც ეს წარსულში რუსული „რაო ეეს“-ის მიერ „თელასის“ 75%-იანი წილის შესყიდვა იყო. რეზო არველაძის აზრით, დედაქალაქს ელექტრომომარაგების ამ მხრივ პრობლემები არ შექმნია, თუმცა წინა წლებში მაღალი ტემპით იზარდებოდა სამომხმარებლო ტარიფი.