რა ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა და აპირებს თუ არა ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სიის პირველ ნომრად ყოფნას? ხომ არ არის ეს პოლიტიკური მანევრი და მეტოქის დაბნევის ტაქტიკა? თუ ივანიშვილი დასავლეთის ზეწოლის ფონზე იძულებულია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ღიად ჩაერთოს? მაშინ ჩნდება კითხვა რა თანამდებობა შეიძლება მან დაიკავოს? - გახდეს ისევ პრემიერ-მინისტრი, პარალმენტის თავმჯდომარე, რიგითი დეპუტატი თუ 2012 წლის მსგავსად, პოლიტიკიდან ისევ მალევე წავიდეს. დაბოლოს, რამდენად სჭირდება ახლა ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“ მისი პოლიტიკაში ღიად დაბრუნება?
მმართველი გუნდის წევრები მხოლოდ ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლებიან და ამბობენ, რომ ეს თავად ივანიშვილის გადასაწყვეტია.
„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა...“, - ასე პასუხობს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია კითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში ბიძინა ივანიშვილი.
გახარია პარტიის თავმჯდომარის მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არ გამორიცხავს და ამბობს, რომ გამოწვევების ფონზე, მმართველ გუნდს არ სცალია გამართოს დისკუსია, ვინ იქნება სიის სათავეში. რაც შეეხება პირადად მის ყოფნას სიაში, გახარიას თქმით, ამას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ არაფორმალურ მმართველობაზე აქტიური საუბარი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც დაიწყო, ამიტომაც შესაძლოა, ივანიშვილი ამ ზეწოლის ფონზე, უკან პოლიტიკაში ღიად დაბრუნდეს. მისი თქმით, ის რომ ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და ყველაფრის მართვა შეუძლია, დემოკრატიულ სტანდარტებში არ ჯდება. ეს არის საბჭოური სტანდარტი, როდესაც პარტიული მდივანი პირველი პირი იყო და ყველაფრის უფლება ჰქონდა.
„საბჭოთა კავშირის დროსაც კი, ეს საკითხი დიდი გარჩევის საგანი გახდა. როგორც კი ივანიშვილის ფორმალურ მმართველობაზე ქვეყნის გარეთაც საუბარი დაიწყეს, ბუნებრივია, ამან ის გამოიწავია, რომ ივანიშვილმა ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადადგას. ის იძულებული იქნება, რომ ძალაუფლების ფორმალიზაცია მოახდინოს. როგორც ჩანს, მასზე დასავლეთის მხრიდან სერიოზული ზეწოლაა.
რაც შეეხება თანამდებობას, უფრო მგონია აღამსრულებელ ხელისუფლებაში წავა. არ გამოვრიცხავ პარალმენტის თავმჯდომარე იყოს, მაგრამ ის იქნება ნომინალური ფიგურა და პარლამენტს რეალურად პირველი ვიცე-სპიკერი უხელმძღვანელებს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, დაახლოვებით მსგავსი რამ უკვე შევარდნაძის დროს გამოვცადეთ. შევარდნაძე სახელმწიფოს მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე ერთროულად იყო.
ჩვენს კითხვაზე რას შეცვლის ივანიშვილის სიის პირველ ნომრად ყოფნა, რადგანაც მას საზოგადოებაში ის ნდობა აღარ აქვს, რაც 2012 ან 2016 წელს ჰქონდა, ამაზე ძაბირაძე გვპასუხობს: - ახლა ყავლგასული ლიდერების ეპოქაში შევედით, ამიტომაც ივანიშვილის მსგავსად არც ოპოზიციაში ჩანს ის ლიდერი, რომლის სასარგებლოდაც საზოგადოებამ შესაძლოა არჩევანი გააკეთოს.
„აქეთ თუ ივანიშვილია, იქით სააკაშვილია. აი, ამომრჩეველი ისევ ამ ალტერნატივის წინაშე დგას. ამიტომაც ივანიშვილს საზოგადოებაში რეიტინგი თუ დაუვარდა, კარგ დღეში არც ოპოზიცია არ არის. ოპოზიცია ახლა ივანიშვილს ისედაც ყველაფერს აბრალებს, რაც ჩაუდენია და არ ჩაუდენია. ამიტომაც ის თუ სიაში პირველი ნომერი იქნება, ამით ოპოზიცია მის წინააღმდეგ ვერაფერ ახალს ვერ მოიგონებს. პრობლემა თავად მათშია და მათ მიმართ ნდობა საზოგადოებას არა აქვს“, - აცხადებს for.ge-სთან ძაბირაძე.
მისგან განსხვავებით კი ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის სიის პირველ ნომრად შემოტანის თემა მხოლოდ პოლიტიკური ტაქტიკაა, რომელიც მოწინააღმდეგის დაბნევას ემსახურება. მისთვის გაუგებარია, უკან, აქტიურ პოლიტიკაში რატომ უნდა დაბრუნდეს და ამით რა შეიძლება ქვეყანაში შეცვალოს. საყვარელიძის აზრით, ივანიშვილი უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუკი ქვეყანაში სიტუაცია უკიდურესად მძიმე იქნება, ამ შემთხვევაში კი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მსგავსი არაფერი არ ხდება.
„გახარიამ მხოლოდ არ უარყო, რომ შესაძლოა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი იყოს. მას ზუსტად არ უთქვამს, რომ რაიმე უკვე გადაწყვეტილია. ესაა პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც მეტოქის დაბნევას ითვალისწინებს. პრემიერი თავისი გუნდის ინტერესებით მოქმედებს და ახლა მათ ინტერესებში ჯერ არ შეიდის ოპოზიციას გააგებინონ რას აპირებენ. ვხედავთ, რომ 2020 წლის საარჩევნო სიებსაც კი არ ასაჯაროებენ. ეს ყველაფერი არის თამაშის ნაწილი, რომლითაც გარკვეულ დროს იგებენ. რატომ უნად გამოკვეთონ ვერსია დროზე ადრე?
ყველა მანევრს რაღაც მიზანი აქვს. მეტოქის ყოლა გაურკვეველ მდგომარეობაში ძალიან მომგებიანი ტაქტიკაა. არ მგონია, რომ ივანიშვილი უკან დაბრუნდეს. მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში შემოვა ღიად ისევ პოლიტიკაში, თუკი ქვეყანაში უკიდურესად მძიმე სიტუაცია იქნება. ასეთი მდგომარეობა არ მგონია, რომ იყოს. ინსტიტუციების დონეზე ქვეყანაში პრობლემა მუდმივად იყო და ივანიშვილის დაბრუნება რადიკალურად ვერც ვერაფერს შეცვლის“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.