შეცვალეს თუ არა რუსმა ოკუპანტებმა ქართველებთან ურთიერთობის ფორმები საოკუპაციო ხაზთან და ხომ არ არსებობს იმის საფრთხე, რომ, თუ ადგილობრივები მათ ბრძანებას არ დაემორჩილებიან, რუსებმა სროლით უპასუხონ. ახლა მთავარი კითხვაა - მიიღეს თუ არა ჯარისკაცებმა ქართველების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება.
ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლიდან 33 წლის ქართველი გაიტაცეს, რა დროსაც ფეხში დაჭრეს. for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს არის საგანგაშო ფაქტი, რომელიც ქართული მხარის დაშინებას ემსახურება. ისინი ფიქრობენ, რომ თუ წინასაარჩევნოდ ეს ქმედება ტენდენციად იქცა, მაშინ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზეგავლენას მოახდენს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ქმედების იქით უნდა გავაანალიზოთ რა მიზნები შესაძლოა რუს ოკუპანტებს ჰქონდეთ.
33 წლის ზაზა გახელაძე 48 საათზე მეტია, რაც ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. ოჯახის ინფორმაციით, ის ახალგორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან სხვილოს ციხის სიახლოვეს დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა. როგორც ირკვევა დაკავებული ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს, მედიატორის როლს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასრულებს. ზაზა გახელაძის ოჯახი ამბობს, რომ მათ გატაცებული მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდა.
ე.წ. ოსეთის უშიშროების სამსახური ამტკიცებს, რომ სოკოს საკრეფად წასული ქართველი შეიარაღებული იყო და ცეცხლი პირველმა გახსნა, რასაც ჯარისკაცების მხრიდან საპასუხო გასროლა მოჰყვა. ქართული მხარე კი აღნიშნულს აბსურდს და სიცრუეს უწოდებს. ხელისუფლება სქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში ცეცხლის გახსნის ფაქტი არ ყოფილა და ეს საკმაოდ მძიმე მოვლენაა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც გატაცების დროს საქართველოს მოქალაქეს, რუსმა ოკუპანტებმა დამიზნებით ესროლეს, რაც, შეიძლება, ქართველებისთვის გამაფრთხილებელი აქტი იყოს. ოკუპანტებს ამით, თითქოს, იმის თქმა სურთ, რომ ქართველებმა ვერაფრით ვეღარ დაასრულეს ე.წ. საზღვრის კვეთა და იქნებ ამ ფორმით შეშინდნენ.
„მე, მაგალითად, ეს ფაქტი ასე გავიგე, რომ გაღიზიანებულმა რუსმა ოკუპანტებმა ქართველების გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთეს. რუსეთის ჯარში ვინც ნამყოფია ყველამ კარგად იცის, რომ ბრძანების გარეშე ჯარისკაცები ერთ ნაბიჯს არ დგამენ.
იქ თითო გასროლილ ტყვიას ითვლიან და ამოწმებენ. ამიტომაც, რა თქმა უნდა, რუსი ჯარისკაცები ამ შემთხვევაში ბრძანებას ასრულებდნენ და ისინი თვითნებურად არ მოქმედებენ. ხოლო ოკუპირებულ ტერიორიაზე ტყვიის ასე ღიად გასროლა უკვე საგანგაშოა. ანუ მათ სროლის ბრძანება აქვთ მიღებული. მართალია, მხოლოდ ფეხში დაჭრეს და მისი მოკვლა განზარხული არავის ჰქონდა, მაგრამ საკამოდ დიდი საფრთხის მატარებელია. ეს იყო გამაფრთხილებელი გასროლა, რომლის უკანაც დიდი საშიშროება დგას“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ, პირველ რიგში, გასარკვევია რეალურად რა მოხდა, რადგანაც როგორც ქართული ასევე ოსური მხარე მომხდარის საკუთ ვერსიებს ყვებიან. ალადაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვერსიაა, ქართველ ახალგაზრდას, რომელიც სოკოს საკრეფად იყო, იარაღი არ ჰქონია.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ როდესაც ქართველებს რუსი ოკუპანტები აკავებენ, ე.წ. საზღვრის აქეთ არ გადმოდიან, მაგრამ იქიდან იარაღს უმიზნებენ და ქართველებს ეუბნებიან, რომ მათ გაყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ესვრიან. ალადაშვილის ვერსიაა, რომ სწორედ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - „33 წლის ახალგაზრდა მათ ბრძანებას არ დაემორჩილა, ამიტომ შესაშინებლად ფეხში ესროლეს“.
„ჩვენს მოქალაქეებს ე.წ. საზღვრის იქიდან იარაღით მიზანში იღებენ და ეძახიან, რომ მათკენ წავიდეს. ჩვენები სროლის შიშით, ხელებს წევენ და მიდიან. როგორც ჩანს, ამ ბოლო შემთხვევის დროს ქართველი მათ არ დაემორჩილა და ამიტომაც შესაშინებლად ფეხში ესროლეს. ამ შემთხვევაში, როგორც ოსური მხარე, ასევე რუსი ოკუპანტები გარკვეულ ხეირს ნახულობენ.
სეპარატისტები რაც უფრო მეტ ქართველს ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო დააკავებენ, უფრო მეტ პოლიტიკურ ქულებს იწერენ. მათ უნდათ, რომ ე.წ. საზღვრის თემა მუდმივად მუსირებდეს და დე ფაქტო ხელისუფლების და ხელმძღვანელობის თვალში კარგი ე.წ. საზღვრის დამცველები გამოჩდნენ. რაც შეეხება რუს სამხედროებს, ისინი ქართველების დაკავებით, პრემიებს და წოდებას იღებენ, ასევე შვებულებაში, სახლში უშვებენ. ანუ ქართველებზე „ნადირობა“ ორივე მხარისთვის სასარგებლოა. რა თქა უნდა, ჯარიმებიც არის, საიდანაც შემოსავალი აქვთ“, - აცხადებს for.ge-სთან ალადაშვილი.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ რუსმა ოკუპანტებმა დაკავებულ ქართველს ბრალდების გასამყარებლად იარაღი ჩაუდონ. ასეთ ვითარებაში კი, კონფლიქტის გამწვავების რეალური საფრთხე არსებობს და ქართულმა მხარემ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ანალიტიკოსი მიიჩნევს - არ არის გამორიცხული, რომ ოკუპანტები ამ ქცევით ჩვენი ხელისუფლებისთვის კბილის მოსინჯვას ცდილობდეს. ამიტომაც საერთაშორისო დონეზე მაქსიმალური ხმაურია საჭირო.
საერთაშორისო საკითხების ექსპერტი კორნელი კაკაჩია კი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ერთი ფაქტით ვერ განვსაზღვრავთ რუსმა ოკუპანტებმა ქართველების წინააღმდეგ ჩაიფიქრეს თუ არა რამე. თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი ქმედება საფრთხის შემცველია და კონფლიქტის განახლების წინაპირობა შეიძლება გახდეს. კაკაჩია ამბობს, რომ თუ კი მსგავსი ფაქტები კვლავ განმეორდა, მაშინ გამოდის, რუსებს ქართველების მისამართით ცეცხლის გახსნის ბრძანება აქვთ მიღებული.
„ძალიან რთულია ამ ერთი ფაქტით ზუსტად ვთქვათ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქართველებთან ურთიერთობის ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს. ზოგადად, ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, საფრთხის მატარებელია და დიდ სიფრთხილეს საჭიროებს. ასეთი შემთხვევები თუ მომრავლდა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე საკამოდ სერიოზულ გავლენას მოახდენს. წინასაარჩევნოდ მსგავსი სახის პროვოკაციები ქვეყნისთვის საკამოდ მძიმე იქნება. მუდმივად ასე თუ გაგრძელდა, მაშინ გამოდის, რომ რუსებმა საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის ახალი ბერკეტი აამუშავეს. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, ეს ერთი ფაქტი დაფიქისრდა, თუმცა მეტი ყურადღებით დაკვირვება გვმართებს, რომ გაანალიზდეს ასეთი შემთხვევების მატებისას რა გეგმა გვაქვს“, - აცხადებს კაკაჩია.