საუკუნის ძარცვა - „სფერო ჰოლდინგის“ საქმე, 12 მილიონი ლარის თაღლითობა და ქუჩაში დარჩენილი ასეულობით ოჯახი

საუკუნის ძარცვა - „სფერო ჰოლდინგის“ საქმე, 12 მილიონი ლარის თაღლითობა და ქუჩაში დარჩენილი ასეულობით ოჯახი

სამართალდამცავებმა „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, გივი (გიგა) წულეისკირი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დააკავეს. საქმე ეხება სავარაუდო თაღლითურ სქემას, რომლის შედეგადაც, გამოძიების ინფორმაციით, 244 მოქალაქეს, ხოლო დაზარალებულთა მტკიცებით, დაახლოებით, 600 ოჯახს, ჯამში, 12 მილიონ ლარამდე ზიანი მიადგა. ამავე საქმეზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის წინააღმდეგაც, რომელზეც ძებნა გამოცხადდა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულთა ქმედება 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

„სფერო ჰოლდინგი“ და მასთან დაკავშირებული „სფერო ინვესტი“ მოქალაქეებს, რომლებსაც ბინის დაგირავება სურდათ, ე.წ. „გირავნობის ალტერნატივას“ სთავაზობდა. სქემის მიხედვით, ინვესტორი თანხას კომპანიის ანგარიშზე აბანდებდა, სანაცვლოდ, კი „სფერო ჰოლდინგი“ მათთვის საცხოვრებელ ბინას ქირაობდა. კომპანია იღებდა ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, კუთვნილი თანხა სრულად დაებრუნებინა. თანხის ინვესტირება კი, ბრალდებულთა თქმით, მათ სამშენებლო ბიზნესებში ხდებოდა.

 

დაზარალებულები აცხადებენ, რომ სქემა პირამიდის პრინციპით იყო აგებული, რომელიც საბოლოოდ ჩამოინგრა. ვადა ამოიწურა, ფული არ დაბრუნდა, კომპანიამ კი ქირის გადახდა შეწყვიტა, რის გამოც, ასობით ოჯახი უმწეოდ დარჩა და ნაქირავები ბინებიდან გამოაძევეს.

 

მოქალაქეები, რომლებმაც „სფერო ჰოლდინგის“ მიმართ ნდობა გამოიჩინეს, მომხდარს „საუკუნის ძარცვას“ უწოდებენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ისინი for.ge-თან ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს იყო მათი უკანასკნელი დანაზოგი, ან ბანკიდან გამოტანილი სესხი.

 

დაზარალებული ეკა აბულაძე საკუთარ ტრაგედიაზე საუბრობს:

 

„მე მიგირავეს ბინა, თითქოს, მაგრამ ეს იყო დაქირავებული და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. თანხა არ დამიბრუნეს, ბინის დატოვება მომიწია და ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი - ორი ბავშვით, მარტო. დეიდაშვილთან ვარ, ამ ეტაპზე, მაგრამ არ ვიცი, რამდენი ხანი შეიძლება ასე ცხოვრება. 24 000 აშშ დოლარი არის ჩემი თანხა, გავყიდე დასავლეთში ჩემი მშობლების სახლი, წამოვედი ორი ბავშვით აქეთ. მე მარტოხელა დედა ვარ, მითხრეს, რომ ორი წლით მიგირავებდნენ ბინას, ორი წლის შემდეგ, ჩემს თანხას დავიბრუნებდი ჩვეულებრივად, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, არც თანხა დამიბრუნეს და ბინის დატოვება მომიწია“, - ამბობს აბულაძე. 

 

დაზარალებული აკაკი ლუკავა კი მასშტაბურ პრობლემაზე მიუთითებს:

 

„ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ თითოეულმა ადამიანმა ბოლო კაპიკი ჩადო გირავნობის ალტერნატივაში, ანუ ბინის სანაცვლოდ და ეს ადამიანები დღეს იმყოფებიან ქუჩაში - არ უხდიან ივნისიდან ქირას, არ უბრუნებენ ძირ თანხას. იქნას აყვანილი კომპანიის დირექტორი, გიორგი მურუსიძე და ჩაერთოს ყველა უწყება, რომ ამ დაზარალებულებს დაუბრუნდეს საკუთარი თანხა, რადგან დღესდღეობით, დაახლოებით, 600 ოჯახი იმყოფება ქუჩაში“, - აცხადებს დაზარალებული. 

 

ონკოლოგიური ავადმყოფი, 37 წლის მაკა გიგაური კი აცხადებს, რომ სოფელში, მამა-პაპის სახლი გაყიდა, რათა თბილისში დასარჩენი ჰქონოდა:

 

„კომპანიას 35 ათასამდე თანხა მივეცი და ერთი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ხოლო, როცა კონტრაქტი დასრულდა, ფული უკან აღარ დამიბრუნეს. სახლის პატრონმა კი მითხრა, რომ მას ქირას აღარ უხდიდნენ და იძულებული იყო, სახლის დაცლა ეთხოვა. უმძიმესი ავადმყოფი ქუჩაში, უსახლკაროდ დამტოვეს. ნათესავების დახმარების ამარად ვარ. არ ვიცი, რა გავაკეთო, უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფები“, - ამბობს დაზარალებული. 

 

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის, გივი წულეისკირის უფლებადამცველი, ადვოკატი ნონა ფილაური აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, წულეისკირი თავს არიდებს ბრალდებას თაღლითობაში (სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება), რადგან პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა თანხები სხვადასხვა სამშენებლო ბიზნესში აქვს ჩადებული.

 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ გარკვეულ დროს ითხოვდა, რათა დაზარალებულებისთვის კუთვნილი თანხა დაებნრუნებინა... ის მხოლოდ ითხოვდა გარკვეულ დროს და ხელშეწყობას, რადგან აქვთ რამდენიმე უძრავი ქონება, რომლებიც დაყადაღებულია. ითხოვდა, ამ უძრავი ქონების თუნდაც რეალიზაციით, ან პირდაპირი წესით დაზარალებულებზე გადაფორმების გზით, მათ დაკმაყოფილებას. აუცილებლად დავაყენებთ გირაოს შუამდგომლობას“, - აცხადებს ნონა ფილაური.

 

ადვოკატი განმარტავს, რომ კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც საქმე გახმაურდა და ყველა დაზარალებულმა ერთდროულად მოითხოვა თანხის დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 68 ადამიანს ჰქონდა ვადა გასული.

 

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, დირექტორ გიორგი მურუსიძეს, „სფერო ჰოლდინგის„ იურისტი, სოფო პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მურუსიძე ქვეყნიდან არ მიმალულა, არამედ იტალიაში, მილანში იმყოფება, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, კრიზისული სიტუაციის მოგვარების მიზნით:

 

„ბატონი გიორგი არის იტალიაში. მას გიორგის აქვს სამუშაო შეხვედრები. ერთი თვე არც არის, რაც გაემგზავრა. კომპანია იტალიაში ფლობს უძრავ და მათ შორის, მოძრავ ქონებასაც, შესაბამისად, კომპანიის დირექტორი კრიზისული სიტუაციის მოგვარების მიზნით არის იტალიაში“, - ამბობს იურისტი. 

 

პეტრიაშვილის თქმით, კომპანიას 65 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება აქვს შექმნილი და კრიზისის მთავარი მიზეზი ბანკების მხრიდან განხორციელებული „შერჩევითი“ ქმედებებია, რამაც კომპანიას ხელი შეუშალა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. ის უარყოფს თანხების მიზნობრიობის დარღვევას და აცხადებს, რომ თითოეული კაპიკი დეკლარირებული იყო და მოხმარდა ქირებსა და მიმდინარე გადასახადებს.

 

ამჟამად, გივი წულეისკირი დაკავებულია, ხოლო გიორგი მურუსიძე - ძებნაშია. დაზარალებულები კი სთხოვენ ხელისუფლებას, რომ კომპანიის ქონება (მშენებარე სახლები და მიწები) მათი ზიანის ასანაზღაურებლად გამოიყენონ. საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება.