ლევან მახაშვილი „ქრონიკასთან“ აფასებს „იგლ ჰილსის“ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის კრიტიკას. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხაზარაძის განცხადება არის იაფფასიანი დემაგოგია.
„მან ყველაზე კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი კომერციული საქმიანობის ნაწილი, მას თავად ჰქონდა ანაკლიის პროექტის დროს გასაიდუმლოებული ეს ინფორმაცია, ვინაიდან ეს იყო კომერციული საიდუმლო. ამიტომ, მისი მხრიდან, ესა არის ჩვეულებრივი, იაფფასიანი დემაგოგია, რაც აჩვენებს, რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ ამ თემით მანიპულირებას, ხალხის ემოციებზე თამაშს და ამის უკან არაფერი რეალური არ არის, გარდა მცდელობისა, რომ იაფფასიანი პროპაგანდით შეეცადონ ამ პროექტის დისკრედიტაციას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
„იგლ ჰილსის“ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე ოპოზიციის უარგუმენტო კრიტიკა გრძელდება. საინვესტიციო პროექტს გამორჩეულად მწვავედ მამუკა ხაზარაძე აკრიტიკებს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ლელოში“ ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ, რატომ არ არის „იგლ ჰილსსა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულება საჯარო, რადგან ანალოგიური ხელშეკრულება იყო ანაკლიის კონსორციუმსა და მთავრობას შორის გაფორმებული.