„2009 წლიდან 5 და 7 დღეა რეგისტრაციის ვადები, თუმცა წამლის ფასების ზრდა თვალსაჩინოა“

„2009 წლიდან 5 და 7 დღეა რეგისტრაციის ვადები, თუმცა წამლის ფასების ზრდა თვალსაჩინოა“

ჯანდაცვის სამინისტრომ ცოტათი უკან დაიხია და საბაჟოზე მედიკამენტების აღიარებითი პროცედურების ვადა შეამცირა. მართალია, ეს შემცირებულიც ამჟამინდელი ვადის გაორმაგებას ნიშნავს, მაგრამ თავდაპირველი მოთხოვნა საერთოდ კატასტროფული იყო. პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გადაწვეტილებით ისედაც გაძვირებული მედიკამენტები კიდევ უფრო გაძვირდება.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი ჯანმრთელობისდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმი 30 დღის ნაცვლად 15 დღით განისაზღვრა. წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე იზრდებოდა.

„ახლა საუბარია, რომ 7 დღე 15 დღით შეიცვლება, შესაძლებელია, რომ ამ გადაწყვეტილებამ ფასზე გარკვეულად იმოქმედოს. ციფრებში თქმა გამიჭირდება იქედან გამომდინარე, რომ ვადა არის არარეგულარული ხარჯი.

ჯანდაცვის სამინისტროს ამ ცვლილების მიღება იმიტომ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული საკითხის სწრაფად მოგვარებისთვის რესურსი არ ჰყოფნის და თვლის, რომ 7 დღე ცოტაა. როგორც ამბობენ, დადგენილი 15 დღე არის მაქსიმუმი და არ არის საჭირო პროცედურის შესასრულებლად მაქსიმალური ვადა დასჭირდეთ. პრაქტიკაში გამოჩნდება შეიქმნება თუ არა პრობლემები, თუ სამინისტროს თანამშრომლები რეგულარულად გამოიყენებენ მაქსიმალურ ვადებს, ჩვენი მხრიდან კვლავ შეიძლება გაჩნდეს შენიშვნები“, - აცხადებს მარგველაშვილი.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, კანონპროექტი პროცედურულ ვადებს ეხებოდა და არ იყო განხილული ფუნდამენტური საკითხები. მისი თქმით, სხვა ცვლილებებს, რომელსაც მნიშვნლოვანი გავლენა ექნებოდა მედიკამენტის ფასზე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს.

წამლების სამომავლო ღირებულებაა სწორედ მთავარი, რაზეც პარლამენტში უკვე 2 კვირაა დავობენ. დეპუტატი ლევან კობერიძე პირდაპირ ამბობს, რომ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით ბაზარზე წამლის ფასი გაიზრდება.

როგორც კობერიძემ პარლამენტის ჯანდაცვისა და ევროინტეგრაციის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, კანონით რთულდება და იზრდება ბარიერები, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციაში მეტი სუბიექტი შევიდეს.

„ჩემი აზრით, ამ კანონპროექტის სულისკვეთება ახლა რაც ჩვენ გვაქვს, რამდენადაც არასასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს, მიმართულია კონკურენციის შემცირებისკენ და ფასების აუცილებლად მოსალოდნელი ზრდისკენ, კანონის მიღების შემთხვევაში. თავის დროზე, როდესაც იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ მეტი კონკურენცია ყოფილიყო ფარმაცევტულ ბაზარზე, დაშვებული იქნა აღიარებითი ქვეყნებიდან ე.წ. პარალელური იმპორტი. როდესაც ხარისხიანი მწარმოებელი ქვეყანა სხვადასხვა სიხშირით, სხვადასხვა ბაზარზე აჩენს გაცილებით უფრო იაფად თავისსავე პროდუქციას, ამ დროს ჩვენი ტიპის ქვეყნის კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩავიდნენ და წამალი იყიდონ და ჩამოიტანონ.

მსხვილმა იმპორტიორებმა საქართველოში ყოველთვის იცოდნენ, რომ თუ არაადეკვატურად მაღალ ფასს დააწესებდნენ, გამოჩნდებოდა პარალელური იმპორტი, რომელიც აიძულებდა მათ ფასები დაეწიათ. 5-7 დღე იყო ტრანსპორტირების ვადა, ყიდვიდან საქართველოში ტრანსპორტირებამდე. 2014 წლიდან დაიწყო ხელოვნური ბიუროკრატიის შექმნა იმ იმპორტიორებისთვის, რომლებსაც შემოჰქონდათ ასეთი ტიპის პროდუქცია, რამაც განაპირობა, რომ 5-7 დღეში ჩამოტანილი ხარისხიანი, იაფიანი მედიკამენტები დაყოვნდა საბაჟოზე. 2015 წელს 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია იყო გაჩერებული საბაჟოზე ამ დავების გამო და ვერ მოხვდა ბაზარზე.

ახლა კი ეს ცვლილება გამოიწვევს იმ სუბიექტების რაოდენობის, რომლებსაც იაფიანი მედიკამენტების შემოტანა უნდათ, შემცირებას. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე აუცილებლად მოიმატებს ფასები. მოსახლეობას აინტერესებს შედეგი, რაც გაზრდილი ფასები იქნება. ეს კანონი ხელს უშლის კონკურენციას, სადაც კონკურენცია არ არის ოლიგოპოლია, მონოპოლია და კონცენტრირებული ბაზარია“, - განაცხადა კობერიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი სრულიად საპირისპიროს აცხადეს. მისი აზრით, ოპოზიციის ნაწილის მოსაზრება, რომ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები მედიკამენტების ფასებზე აისახება, არგუმენტსაა მოკლებული. საგანგებო მდგომარეობის დროს გაძვირება ტრანსპორტირების პროცედურების გართულებას უკავშირდებოდა.

„არგუმენტი, რომ მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანისას საბაჟოზე მისი დაყოვნების ვადა გახანგრძლივდება ამ ცვლილებების გამო, ეს მსჯელობას მოკლებულია. აქ ერთადერთი მოტივაცია არის ის, რომ გაუმჯობესდეს პროცედურული წარმოება და მეტი გარანტია შექმნას მარეგულირებელმა მოსახლეობისთვის შედარებით ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებისთვის. ზოგადად რამდენადმე გადაჭარბებულია ამ ცვლილებების პოტენციალის შეფასება წამლის ფასებსა და კონკურენციაზე ზეგავლენის თვალსაზრისით“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, 2009 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომლითაც 5 და 7 დღეა რეგისტრაციის ვადები, თუმცა წამლის ფასების ზრდა თვალსაჩინოა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ადასტურებს, რომ მხოლოდ რეგისტრაციის ვადები მედიკამენტების ფასებს ვერც შეაკავებს და ვერც მათ ზრდაზე მოახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას.

ზურაბი ასეთი ძვირი წამლები,როგორც საქართველოშია. მსოფლიოში არ არის. როგორმე გააიაფეთ წამლები, დაიტანჯა ხალხი.
4 წლის უკან