"გპირდებით, 2013 წელი იქნება საჩვენებელი, 2014 წელი - უკეთესი და 2015 წლით ყველანი ვიამაყებთ"
"სააკაშვილს უთქვამს, დედაჩემის მანქანაზე დავჯდები და დაცვის გარეშე ვივლიო. კარგი იქნება, თუ ამას გააკეთებს"
"პრეზიდენტმა იქნებ გაიხსენოს, რომ კითხვებს ხალხი სვამს"
"როგორც რიყეზე გაკეთებული ნაგებობაა არქიტექტურის ნიმუში, ისე მოვლენ ეგენი ხელისუფლებაში"
"მერაბიშვილი "რუსთავი 2"-ს რომ ახსენებს, მე შემომხედოს თვალებში"
"ხშირად ბევრი პროექტი ქვეყნის საზიანოდ კეთდებოდა"
"პრეზიდენტს სტრუქტურები აღარა აქვს, მარტოკაცი დარჩა"
"ამ გუნდიდან მინისტრების უმრავლესობა თანამდებობას შეინარჩუნებს"
"მე ვუფრთხილდები იმ ბავშვს, ესენი კი მზად არიან, გაგლიჯონ"
"ელექტროენერგიაზე ტარიფი 20-25%-ით შემცირდება"
პრემიერად დანიშვნის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობის კანცელარიაში პირველად ვხვდებით. "ამ ოთახში ისეთი მძიმე აურაა, ერთი სული მაქვს, როდის გავიქცევი. შევარდნაძის დროიდან რაც იყო, ის ავეჯია. ერთი მაგიდა ჟვანიას ნაქონია. აქ ასევე იდგა ურჩხულივით დიდი სამუშაო მაგიდა და ახალი მოიტანეს. პირველივე მაღაზიაში რასაც შეხვდნენ, ის იყიდეს, 800 ლარი მისცეს", - გვეუბნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
- მთავრობის სათავეში მოსვლის შემდეგ უკეთ გაიგეთ ქვეყნის მდგომარეობა. რას იტყოდით, როგორი მემკვიდრეობა გერგოთ?
- არ მსურს ყველაფერზე ერთბაშად საუბარი. ძალიან ბევრი კითხვაა. საკითხების უმრავლესობა მძიმედაა დაკავშირებული ჩვენს პარტნიორებთან, მეზობელ ქვეყნებთან. არ მინდა ეს ისე მივაწოდო საზოგადოებას, რომ მერე ყველაფერი ჩვენს მეზობლებს ცუდად გადაუთარგმნონ. ძალიან ვცდილობ მაქსიმალურად შევისწავლო ეს საკითხები, პარტნიორებს ავუხსნა, გავაგებინო, რომ ჩვენ სახალხო ხელისუფლება ვართ და სხვა ინტერესები არა გვაქვს. Aრასაც ვამბობ, შესაძლოა, არ არის საჯაროდ სათქმელი, მაგრამ საკუთარ თავზე ყველა ლამაზად ლაპარაკობს... ძალიან ბევრი კითხვაა და არ მინდა, ყველა კითხვა ერთდროულად დავსვა.
ბევრი პროექტი, რომელიც ქვეყნისათვის საზიანოა, შეიძლება კომერციულად რაღაც ჯგუფისთვის იყოს სასარგებლო საქართველოში და ასევე სასარგებლო იყოს რაღაც ჯგუფისთვის ჩვენი სამეზობლოდან. ამაზე რომ მოუმზადებლად ლაპარაკი დავიწყო, ცუდ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ. ვიზიტები მაქვს დაგეგმილი და შესაძლოა მათ ცუდად მიაწოდონ ჩემი ნათქვამი.
ამ თემების, ამ გაუაზრებელი ქმედებების გამო მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების დადანაშაულება მინდა. საზოგადოება ყველაფერს თანდათან გაიგებს. ოდესმე თქვენთან საუბრისას თუ ჩემს გამოსვლებში გაიგებთ, რაც მქონდა მხედველობაში. ხშირად ბევრი პროექტი ქვეყნის საზიანოდ კეთდებოდა.
- ამ შემთხვევაში ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას ხომ არ გულისხმობთ?
- ვფიქრობ, ამ რკინიგზის მშენებლობა გეოპოლიტიკურად ძალიან სასარგებლოა. პირველ ეტაპზე ეკონომიკურად ეს ქვეყნისთვის ბევრ კითხვას იწვევს. ამაზე ისაუბრეს ექსპერტებმა და მეც მაქვს ჩემი ხედვა. აზერბაიჯანში ვიზიტისთვის ვემზადები და ჯგუფთან მქონდა შეხვედრა, სადაც ამ თემასაც შევეხეთ. გეოპოლიტიკურად კარგია, რაც მეტი ტრანზიტი იქნება საქართველოზე, მაგრამ ეკონომიკურად პირველ ეტაპზე ეს შეიძლება არ იყოს საინტერესო. როდესაც ყარსის რკინიგზა გაიშვება, ჩვენს ძველ რკინიგზაზე, რომელიც აზერბაიჯანიდან მოდის და 2-3-ჯერ გრძელია, ტვირთბრუნვა შემცირდება. ეს დაეტყობა ჩვენს პორტებსაც.
ეს კითხვა ჩნდება, რომელსაც მეც ვიზიარებ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან და ვაპირებ, ეს ძალიან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში გადავზარდო. ისეთ პარტნიორთან, როგორიც აზერბაიჯანია, ვფიქრობთ, რომ ასეთ თემებს დავარეგულირებთ. ეს პროექტი არა მარტო პირველ ეტაპზე, შეიძლება საერთოდაც არ იყოს საინტერესო ეკონომიკურად, თუ ტვირთბრუნვა არ გაიზრდება. ჩვენი ძველი რკინიგზა დაახლოებით 20 მლნ ტონა ტვირთს ატარებს. მშენებარე ყარსის რკინიგზის ტვირთბრუნვა კი 19 მლნ ტონაა. ლომის წილი ტვირთებისა აზერბაიჯანიდან მოდის, კასპიის ზონიდან, და შეიძლება რაღაც ეტაპზე ძველმა რკინიგზამ თავისი სარგებლობის მაქსიმალური რაოდენობა დაკარგოს და ეს დაეტყოს ჩვენს პორტებსაც. ვფიქრობ, აზერბაიჯანთან ამ საკითხის დარეგულირება შესაძლებელია. პირველი ეტაპი შეიძლება დიდხანსაც გაგრძელდეს. თუ ერთი რკინიგზა გადაიტვირთება და ტვირთები გადავა მეორეზე, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს პირველი ეტაპი შესაძლოა 10 წელიც გაგრძელდეს. მიუხედავად ამისა, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის შეჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნის ვალდებულება უნდა შევასრულოთ და ასეთ საკითხებს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ, მაგრამ იმ ტარიფებსა და დანაკარგზე, რაც შეიძლება პირველ ეტაპზე იყოს, ვიმსჯელებთ და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს დავარეგულირებთ.
ქვეყანა რთული სამართავია, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი გუნდი მოვიყვანე. მკითხეს, საუკეთესო მინისტრები დაასახელეთო?! მერე კალაძესა და კბილაშვილზე დამისვეს კითხვები...
- "კვირის პალიტრის" კითხვაზე, რომელი მინისტრი შეეფერება თავის პოსტს ყველაზე მეტად, რეიტინგში კალაძე ბოლო ადგილზეა, პირველ ადგილებზე კი ალასანია და წულუკიანი არიან.
- ალბათ, იმიტომ, რომ ალასანია დიდი ხანია მთავრობაშია, თორემ მისი გაკეთებულიც რა ნახეს ჯერ. მინისტრების გაკეთებული საზოგადოებას ბევრი არაფერი უნახავს. ჯერჯერობით სამართალდამცავები აქტიურობენ, თორემ ჯერ ვერც ალასანიას გაკეთებულს დაინახავდნენ და ვერც კალაძისას. ჩემი აზრით, ამ გამოკითხვაში მინისტრების დღევანდელ ეფექტურობას კი არ აფასებენ, არამედ გამოცდილებას.
ჯერ საზოგადოებამ არ იცის, ალასანია და კალაძე როგორ ამუშავებენ თავიანთ სამინისტროებს, მაგრამ მე ვიცი. ძალიან ხშირად ვხვდები ყველა მინისტრს და თითოეულთან დიდ დროს ვხარჯავ. კალაძე ალასანიაზე ნაკლები არ არის ეფექტურობით. ალასანია ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ არანაკლებ კარგად მუშაობს კალაძე. ვითვალისწინებ იმასაც, რომ ალასანიას ჰქონდა მთავრობაში მუშაობის გამოცდილება და კალაძე კი ახლა სწავლობს. კალაძემ კარგად აითვისა სამინისტრო. ერთი თვის წინ თუ მოადგილესთან ერთად ვიბარებდი, დღეს კახის ეს აღარ სჭირდება. არც ერთი მინისტრისთვის არა მაქვს სასაყვედურო.
- კახი კალაძე სპორტის მინისტრად რომ დაგენიშნათ, ალბათ, კითხვები არ გაჩნდებოდა. ახლა კი კითხულობენ, სად კალაძე და სად ენერგეტიკაო.
- მთავრობასა და პარლამენტში სხვადასხვა პროფესიის ხალხია. არავინ დაბადებულა რაიმე პროფესიით. ალასანია ვახსენეთ და მასაც არა აქვს სამხედრო განათლება. მას მთავრობაში მუშაობის გამოცდილება აქვს. კალაძე, გარდა იმისა, რომ ვაჟკაცი და პატიოსანი კაცია, ძალიან ნიჭიერიცაა. უნიჭო სპორტსმენი ჩემპიონი ვერ გახდება და დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. ზოგიერთი სპორტსმენი სამოქალაქო ცხოვრებაში ტრანსფორმაციას ვერ ახერხებს და სპორტსმენად რჩება. კალაძეს ენერგეტიკასთან ბიზნესის კუთხიდან ჰქონდა შეხება. მას ჰქონდა გამოცდილება მენეჯმენტში, ბიზნესში და ეს უკვე კარგი საფუძველი იყო მისი მინისტრის პოსტზე დანიშვნისთვის. როგორ გამოუვა საბოლოოდ საქმე, მომავალში დავინახავთ. Mმას ჯერ კიდევ არა აქვს თავისი შესაძლებლობები გამოვლენილი. ათბალიანი სისტემის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კალაძეს შეიძლება 7-8 ქულა დავუწეროთ. მინისტრთა კაბინეტში საშუალო ნიშანია 6-8. 2-3 მინისტრია 9-ქულიანი, რომელთაც შეუძლიათ 10 ქულამდეც ავიდნენ. მიმაჩნია, რომ მინისტრთა კაბინეტი სწორად შევარჩიეთ. სულ მეკითხებოდნენ, ცვლილებები თუ იქნებაო. ცვლილებები არ იგეგმება. გაიხსენეთ, წინა ხელისუფლება რამდენ კარუსელს ატრიალებდა მმართველობის პირველ წლებში.
- როდესაც ბრძანეთ, კარგი გუნდის მოყვანას ერთი წელი დასჭირდებაო, გაჩნდა ვარაუდი, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებას აპირებდით.
- ერთი წელი უნდა ამ კაბინეტს, რომ ისწავლოს. ვერტიკალი, ჰორიზონტალი კარგად უნდა მუშაობდეს, მთავრობის წევრებმა თავიანთი საქმე კარგად უნდა იცოდნენ. ამ გუნდიდან მინისტრების უმრავლესობა თანამდებობას შეინარჩუნებს. შეიძლება 2-3 მინისტრი შეიცვალოს, რაც ნორმალურია. ახალშექმნილი მენეჯმენტი ცვლილებებს ყოველთვის განიცდის. ჯერჯერობით პრობლემები არ გვაქვს, პრობლემები რომ იყოს, არ დავმალავდი. მათი ეფექტურობა მოგვიანებით გამოჩნდება და საზოგადოებაც ამის მიხედვით შეაფასებს მათ საქმიანობას. 6 თვის შემდგომ უფრო კარგად გამოავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს და მაშინ ვნახოთ.
- ოპონენტები თქვენს ქმედებებში ხედავენ სურვილს, რომ ყველა სფეროს აკონტროლებდეთ. მაგალითად მოჰყავთ ის, რაც ხდება თვითმმართველობებში, პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოსთვის დაფინანსების შემცირება და ა. შ.
- მინდა ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს და ამისთვის მოვედი პოლიტიკაში. სავარძლის დაკავების სურვილი არ მქონია. ამას დაინახავს საზოგადოება. თუ ჩემი წარსული ცხოვრებით ვერ აფასებთ ჩემს განზრახვას, მომავალში დაინახავთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს. ყველა სფერო მაინტერესებს, ყველა სფეროს ვუყურებ, ყველა კაპიკს ვითვლი და ეს ნუ უკვირთ. 2012 წელს უშიშროების საბჭოს დაფინანსება 24 მლნ იყო. 2013 წლის ბიუჯეტში წინა ხელისუფლებას 30 მლნ ჰქონდა ჩასმული უშიშროების საბჭოსთვის. ჩვენ კი 1 მლნ 200 ათასით დავაფინანსეთ და ხმას არ იღებენ. რა ხდება? შეიძლება, ბიუჯეტის კორექტირება 20-ჯერ და 30-ჯერ? პირიქით, კითხვები მე მაქვს. ზედმეტად არავის გაკონტროლებას არ ვაპირებ. ისედაც ბევრს ვშრომობ, დღედაღამ. ოღონდაც საქმეები ვინმემ ჩამომაშოროს და როგორ ჩავერევი სხვისაში, მაგრამ ეს სახელმწიფოა და ხალხის ფულს გაფრთხილება უნდა.
რაღაც ხარჯებს გრიფი "საიდუმლო" ადევს და დღესაც ბოლომდე ვერ განვიხილავთ ყველა საკითხს. ფინანსთა მინისტრი დაუშვეს უკვე ამ ხარჯებამდე. მან პირველი ციფრები უკვე ამოკრიფა და აღმოჩნდა, რომ უამრავი ნაღდი ფულია გაცემული ლობისტებსა და სააკაშვილის ლობირებაზე. სააკაშვილი ამას წინათ სახელმწიფო დაცვის გამო გაწიწმატდა, რატომ იღებს მთავრობა ყველაფრის კონტროლს, Gდაცვას აღარ ავიყვან, რადგან არაფრის მეშინიაო. არადა, სინამდვილეში ჟურნალისტებსაც ვერ ხვდება. გამოვიდეს, შეგხვდეთ, ისე თავისუფლად გესაუბროთ, როგორც მე.
მას შემდეგ, რაც მთავრობა ჩამოვაყალიბეთ, ყველა სტრუქტურას ჩვენ ვაკონტროლებთ და გავაკონტროლებთ, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სამსახურსაც. პრეზიდენტს სტრუქტურები აღარა აქვს, მარტოკაცი დარჩა.
ვის ჰბაძავს ეს კაცი? ჩვენზე ამბობდა, კომუნისტური წყობა მოდის, ეგენი უკან იხედებიანო, მაგრამ რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში უშენებენ აგარაკებს მთავრობის წევრებს? რომელ ევროპულ ქვეყანაში გაგიგიათ ეს?
ევროპის რომელი სახელმწიფოს ხელმძღვანელს ეყოლება 3 ათასი კაცი დაცვა? რა ხდება, ეს ქვეყანა ერთი კაცის სამსახურში იყო? რატომ არ მცემს პასუხს, რისთვის უნდოდა 7 რეზიდენცია, სადაც წლის განმავლობაში შესაძლოა ერთხელაც არ შეეხედა.
ამ რეზიდენციებზე უამრავი თანხა იხარჯებოდა. ჩვენი მისამართით ახსენა კორუფცია. უკვე ისე ლაპარაკობს, რომ ნათქვამს ანგარიშს აღარ უწევს, არ მინდა მასთან პოლემიკის გამართვა, მაგრამ რამდენადაც საზოგადოებას აინტერესებს ეს საკითხები, მაინც მიწევს განმარტებების გაკეთება. 80 მლნ შვეულმფრენებისათვის იყო განსაზღვრული თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში. ამისათვის კრედიტებია აღებული ფრანგული ბანკიდან. ამ ყველაფერში მოხვეჭის საოცარი სურვილი ჩანს. რატომ არ პასუხობს ასეთ კითხვებს ან გაძლევთ ასეთი კითხვების დასმის საშუალებას? ის მხოლოდ თავისას ლაპარაკობს. იქნებ გაიხსენოს, რომ კითხვებს ხალხი სვამს და რამდენიც უნდა იყვიროს და დაგვადანაშაულოს, ყველამ ყველაფერი იცის.
- რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა თქვენი გუნდის წევრებს ოროსნები უწოდა, რომელთაც დოლარების თვლის მეტი არაფერი იციან.
- რატომ გვეძახის ოროსნებს? მე წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული უნივერსიტეტი. საკანდიდატო და სადოქტოროც გამზადებული მქონდა. გვაჩვენოს თვითონ, რა დაამთავრა წარჩინებით. ლაშა ნაცვლიშვილზეც ილაპარაკა, რომელთანაც ინტელექტით სააკაშვილი ახლოსაც ვერ მოვა.
- სააკაშვილის პროგნოზით, თქვენ შანსი არა გაქვთ არც 2013 წლის და არც 2014 წლის არჩევნებში.
- ჩვენ არჩევნების არ გვეშინია. თანაც ჩვენ ნორმალურ არჩევნებს ჩავატარებთ. ევროპაში ამბობს, უხავერდოვანესი არჩევნები ჩავატარეო. ერთი ტყვია არ უსვრია, თორემ სხვა რა დაგვაკლო? 190 კაცი დაიჭირეს. რაც არჩევნების წინ ხდებოდა, იმას თუ ხავერდოვანი ჰქვია, არ ვიცი.
საზოგადოების გასაგონად ვიტყვი, რომ არ ინერვიულონ. ზოგი აპრილს ახსენებს, ზოგი მაისს და რაღაცას ელოდებიან. ნუ აქვთ ეს მოლოდინი. სააკაშვილს არანაირი მექანიზმი არა აქვს. თუ ჩვენ არ მოგვინდება, სააკაშვილი პარლამენტს აპრილშიც ვერ გაუშვებს და ვერავის დაითხოვს. თუმცა, პარლამენტის დათხოვნაც არ არის ჩვენთვის კატასტროფა. პირიქით, როგორც უმცირესობის ლიდერმა, როცა უნდა განაცხადოს, რომ ეს პარლამენტი არის არაეფექტური და ხალხს უნდა სხვა პარლამენტი ჰყავდესო. ამ მიმართვას უმცირესობის ყველა წევრმა მოაწეროს ხელი და წინასწარ ვაცხადებ, არ შევალთ პარლამენტში, ტექნიკურ დეფოლტს შევქმნით და ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ტყუილად ყოყლოჩინობენ. თავისი ჭკუით ამით ერთმანეთს ამაგრებენ.
- "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ მოქმედების ახალ რეჟიმზე გადადის. როგორც ვანო მერაბიშვილმა თქვა, თუ "რუსთავი 2"-ს, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ან ჩვენს თანაგუნდელებს შეუტევენ, აქციებს მოვაწყობთო.
- არ რცხვენიათ, როდესაც "რუსთავი 2"-ზე ლაპარაკობენ? არავინ გამოვა მაგათ აქციებზე. სამი დღე აგროვებდნენ 50 კაცს, რომლებიც დაკითხვიდან გამოსულ ვანოს შეძახილებით დახვდნენ. როდესაც პოლიტიკაში შემოვედი, მათ შევუთვალე, რომ მხოლოდ ცუდი და უარესი სვლები დარჩათ. რა ქნან, არ იციან. გამოსავალი ვუკარნახე, მაგრამ ეს ისე გადააბრუნეს, თითქოს ოპონენტების გვეშინია, რომ განსხვავებულ აზრს ვებრძვით.
კარგია, რომ სიტყვა რეჟიმს ახსენებენ, მაგრამ რეჟიმი აღარ გამოუვათ. ის რეჟიმი დამთავრდა. საქართველოში ნორმალური ხელისუფლებაა და მომავალშიც დემოკრატიული მთავრობა იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევთ. რეჟიმის შემობრუნება აღარ მოხდება.
მერაბიშვილი "რუსთავი 2"-ს რომ ახსენებს, მე შემომხედოს თვალებში. ბევრი რამ ხომ ჩემ თვალწინ გაკეთდა და ბევრი რამ ხომ ვიცი. ვიცი, ქიბარ ხალვაშს როგორ სთხოვეს "რუსთავი 2"-ის ყიდვა. ოღონდ არ ვიცოდი ის, რომ თავის დროზე დვალს წაართვეს ეს ტელევიზია. ეს ხალხი ჩივის. დათო დვალს რამდენჯერმე შევხვდი. მენეჯერად მინდოდა "მეცხრე არხზე" და კარგად ვიცნობ. ის და მისი პარტნიორი გაწბილებული არიან, რომ ტელეკომპანიის წილის 60% წაართვეს. მერე ქიბარ ხალვაშს წაართვეს ტელეკომპანია და ახლა ორ კაცს აქვს შეტანილი საჩივარი "რუსთავი 2"-ის გამო. მეც და საზოგადოებამაც ეს ყველაფერი კარგად ვიცით და როდესაც "რუსთავი 2"-ის დაცვაზე ლაპარაკობენ, ამით ყველას შეურაცხყოფას გვაყენებენ. ამიტომაც მოვუწოდე, თავი დაანებეთ საზოგადოების შეურაცხყოფას და მის მენტალიტეტზე ძალადობას-მეთქი.
ახლა თითქოს თავისუფალ მედიას იცავს სააკაშვილი და რა უქნეს "იმედს", ხომ კარგად ვიცით. ვიცი, რასაც გიპირებდნენ თქვენ, როგორ გაუძელით წლების განმავლობაში ზეწოლას და ვერაფერი მოგიხერხეს. ამიტომაც ძალიან დიდ პატივს გცემთ. თქვენი ჯგუფი ძალიან ძლიერია. თქვენზე უკეთ ვინ იცის, რას გიშვრებოდნენ? სააკაშვილს აქვს უფლება, თავისუფალ მედიაზე ილაპარაკოს?
გამოდიან და თითქოს გუშინ დაიბადნენ და ახალ ცხოვრებას იწყებდნენ. უკან, წარსულში გაიხედონ. ჩვენ მახსოვრობა კარგი გვაქვს.
- მინდა ქუთაისის ინციდენტს შევეხოთ, რომელიც თქვენც არ მოგეწონათ.
- ამ ამბავს გამოიძიებენ, მაგრამ როგორც მეუბნებიან, მათივე გამოწვეული იყო ეს ინციდენტი, "ნაციონალების" ერთი დეპუტატი გამოვიდა და ხალხს შეაგინაო. ხალხზე, რომელიც შენობასთან მდგარა, სააკაშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვები უთქვამს და ეს ამბავი გამოვიდა გარეთ. ეს კაცი ხალხს გაუპარსავებს, ბრბოს უწოდებს, სხვა მიუღებელ შეფასებებსაც აკეთებს.
ახალი მთავრობის მოსვლის მერე ხალხმა ორთქლი გამოუშვა და ზუსტად ამიტომაც არის თვითმმართველობების კრიტიკა. ამათ კი, ისე უნდათ წარმოაჩინონ, ვითომ ეს ხელოვნურად კეთდება. არადა, ხალხი რეალურად თავისუფლებას იბრუნებს, რაც წლების განმავლობაში წაართვეს.
- თქვენი ოპონენტები, რომელთაც პიარის ხელოვნება კარგად იციან, აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის ორგანიზებას თქვენ აკეთებთ.
- ხალხში მართლაც დაგროვილი იყო ბოღმა, გაღიზიანება. თუმცა, აქვე მინდა ხაზი გავუსვა ქართველი ერის კულტურას. სხვა ქვეყანაში გაცილებით აგრესიულად მოიქცეოდა საზოგადოება, ჩვენ ძალიან კულტურული ხალხი ვართ. ზოგიერთმა თუ ემოცია ზედმეტად გამოამჟღავნა, პასუხი უნდა მოეთხოვოს. არ უნდა ვიკადროთ მსგავსი ანგარიშსწორებები.
სააკაშვილს უთქვამს, დედაჩემის მანქანაზე დავჯდები და დაცვის გარეშე ვივლიო. კარგი იქნება, თუ ამას გააკეთებს, ხალხი მისკენ შემობრუნდება. აქამდე მთელი საქართველო ლამის სააკაშვილის სამსახურში იყო ჩამდგარი და თუ თვითონ მოემსახურება ხალხს, იქნებ შეუყვარდეთ მიშა.
ჩვენ არც ერთი ქართველი არ უნდა დავკარგოთ. ცუდი რაა ამაში? საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ უნდა გაირიყოს საზოგადოებისგან.
- ნიკა გვარამიაზე ბრძანეთ, კარგი იქნებოდა, არ დაეჭირათო.
- ეს იმიტომ ვთქვი, რომ საზოგადოების დაწყნარება მინდა. ყოფილი ხელისუფლება ძალიან აგრესიულად იქცევა და საზოგადოებას არ ერიდება. Kკავკასიური ცარცის წრე გამახსენდა... მე ვუფრთხილდები იმ ბავშვს, ესენი კი მზად არიან გაგლიჯონ ეს ბავშვი - ჩვენი ქვეყანა, ქართველი საზოგადოება.
დღეს შეხვედრა მქონდა ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ბევრი ვისაუბრეთ დაჭერებზე. ვუთხარი, თქვენ გჭირდებათ ამის ახსნა, მაგრამ ქართველ საზოგადოებას ამის ახსნა არ სჭირდება. არასწორია უკრაინასთან პარალელის გავლება-მეთქი. საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგი მეხსიერება აქვს და გვახსოვს, რა ხდებოდა არჩევნებამდეც და არჩევნებზეც. თავისუფალი მედია მიხსენა სტუმარმა და ანეკდოტურია, როდესაც სააკაშვილი თავისუფალ მედიას ახსენებს, მან ხომ მედია საშინელ დღეში ჩააგდო და ტელევიზია შტურმით აიღო-მეთქი.
ქვეყანაში სამართლიანობის განცდა უნდა აღდგეს. ჩვენი ერთ-ერთი დაპირება ეს იყო. მე სურვილიც რომ მქონდეს, როგორ შევაჩერო ხალხი, რომელიც პროკურატურასთან რიგში დგას, მივიდე და ვუთხრა, რომ განცხადებები აღარ დაწერონ? მთავარ პროკურორს ვუთხრა, რომ განცხადებები აღარ განიხილონ თუ რით შევაჩერო ეს პროცესი? დემოკრატია ისაა, რომ სასამართლომ უნდა განიხილოს ყველა საქმე და გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი.
როდესაც გვარამიას დაკავებაზე ლაპარაკობდა, პრეზიდენტი ახსენებდა თავისუფალი ტელევიზიის გენერალურ დირექტორს. მანამდე გვარამია დიდხანს იყო მთავრობაში, იყო იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორის მოადგილე და განათლების მინისტრი. Pპირველად ეს უნდა გახსენებოდა პრეზიდენტს. გვარამია და არაერთი თანამდებობის პირი სააკაშვილის სისტემის მსხვერპლი არიან. როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, თანხები, რაზეც გვარამიას და სხვებს ედავებიან, საარჩევნოდ დახარჯეს. წესიერი და უფრო ნიჭიერი კაცი გამოვიდოდა სისტემიდან და არ მოემსახურებოდა სააკაშვილს. რა ვქნათ ახლა, როგორ მოვიქცეთ?
წინა ხელისუფლებაში ბევრი გულწრფელად მივიდა. ისევე სჯეროდათ ახალი ხელისუფლებისა, როგორც მე მჯეროდა და სამი წელი ქვევრში ვიყავი.
მე მოვახერხე მათგან წამოსვლა, მაგრამ ბევრმა ვერ მოახერხა, რადგან ეს იოლი საქმე არ იყო. შესაძლოა ბევრს ჰქონდა სურვილი, მაგრამ ვერ გამოდიოდა.
- რიყეზე მშენებარე საკონცერტო დარბაზის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა.
- აღიზიანებენ საზოგადოებას, როდესაც ამბობენ, ამ საკითხზე ივანიშვილი უნდა დაიკითხოსო. მე გამომიგზავნეს ნახატი - ორი ლამაზი სურა იდო ქვიშაზე. რადგან ღვინის ქვეყანა ვართ, გვინდა ასეთი ფორმის ნაგებობა გავაკეთოთ რიყეზეო. რაც ააშენეს, იმაზე ვინმე იტყვის, რომ სურა და ღვინის ჭურჭელია? ჩვენზე ამბობენ, დამანგრევლების ბრიგადა მოვიდა ქვეყნის სათავეშიო.
მაგათ რამდენი ობიექტიც აუშენებიათ, იმაზე მეტი ისტორიული ძეგლი აღმიდგენია, რითაც ვამაყობ. 543 ისტორიული ძეგლი მაქვს აღდგენილი და მათ ამდენი ობიექტი არ ექნებათ აშენებული პოლიციის შენობებიანად და დამანგრეველს მე მიწოდებენ.
- ანუ კოჰაბიტაცია არ გამოდის?
- გეტყვით, თვითონ როგორი კოჰაბიტაციაც აქვთ. პარლამენტი კანონმდებლობას ცვლის და სახელმწიფო დაცვის სამსახურს მთავრობას დაუქვემდებარებს და არა მე. სააკაშვილი ამ ცვლილებაზე გაგიჟდა. სახელმწიფო დაცვის სამსახურში მენეჯმენტის შეცვლა გვინდოდა. ამაზე დაიწყო სამ-სამკაციანი ჯგუფების შეხვედრა. დღეს, ხვალ, მაგრამ ეს საკითხი არ გადაწყვიტეს. ბოლო ვადა დავუთქვით, მაგრამ საკითხი არ გადაწყდა და დავიწყეთ კანონპროექტის მომზადება. ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ და სანამ პარლამენტში წავიღებდით, შემოგვითვალეს, ეს ცვლილება არ გვაწყობს, თუ დაცვის სამსახურს პრეზიდენტს დაუტოვებთ, ელჩებს დაგინიშნავთო(?!). Eელჩებს მეორე თვეა არ გვინიშნავენ. თავიდან ამბობდნენ, თუ დაკავებულებს გამოუშვებთ, მაშინ დაგინიშნავთ ელჩებსო, მაგრამ დღეს უარყოფენ, არ გვითქვამსო. ეტყობა, ელჩების შეცვლა არ აწყობთ, რადგან ისინი ჩვენ წინააღმდეგ მაგრად მუშაობენ, ხელისუფლებაში დამანგრევლები და მაფია მოვიდაო. ელჩებს ჩვენს წინააღმდეგ ამუშავებენ, ახლებს არ გვინიშნავენ და აი, ეს არის მაგათი კოჰაბიტაცია.
- რას იტყვით იმაზე, რომ კასპის გამგებელი ოლეგ იაძე აცხადებს, პატარა ბიძინა ვარო.
- შეიძლება ოლეგმა რაღაც კარგად ვერ თქვა და ჩამოაყალიბა, ერთი სიტყვის გამო გამოეკიდნენ. ოლეგი იმის მიხედვით შევაფასოთ, როგორ მუშაობს. მას ძალიან საინტერესო წარსული აქვს და ღირსეული ვაჟკაცია. თუკი მეც ღირსეულად მთვლის, რა არის ამაში ცუდი.
- ჩემი ინფორმაციით, იმის გამო, რომ გლეხები მიწის გადასახადს ვერ იხდიან, მასობრივად ყიდიან მიწებს უცხოელებზე. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება საზღვრისპირა რეგიონებში.
- ადგილობრივ მოსახლეობას პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ნორმალურ ინვესტორსაც არ უნდა ჰქონდეს შეზღუდვა. ძალიან დიდი პრობლემებია რეგიონებში. გლეხებს არ უმტკიცებდნენ მიწებს, ეს მათთან ვაჭრობის საგანი იყო, - თუ კარგად მოიქცევით, დაგიმტკიცებთო. ამის გამო ფერხდება საგაზაფხულო სამუშაოების დაგეგმვა: რამდენს უნდა დავუხნათ მიწა უფასოდ, სად რამდენი სასუქი უნდა შევიტანოთ, რამდენ ფერმერს უნდა კრედიტი. ორი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა სტატისტიკის გაკეთება. ეს გაზაფხული არ უნდა დავკარგოთ. გლეხებსა და ფერმერებს რასაც შევპირდით, გავუკეთებთ. მათ იაფი კრედიტების აღების საშუალება ექნებათ. 0-დან 3%-მდე იქნება 10 და მეტწლიანი საინვესტიციო კრედიტები, ინვესტორებს ვეხმარებით გადამამუშავებელი ქარხნების შესყიდვაშიც. ყველა რეგიონში მინიმუმ ერთი გადამამუშავებელი ქარხანა უნდა იყოს. 350 ტრაქტორს ვყიდულობთ. მთიან სოფლებში დავარიგებთ მოტობლოკებს (ხელის ტრაქტორებს). ერთადერთი მიწების აღწერამ შეგვაფერხა, რომ ამ მიმართულებით დაგვედგინა ბიუჯეტი.
ყველა დაჭერებით არის გართული და ასეთ საკითხებს ყურადღება არ ექცევა. წინა ხელისუფლებას ისე კარგად ჰქონდა პიარტექნოლოგია აწყობილი, ისევ ამ თემებით იფარება ჩვენი გაკეთებული საქმეები. ამბობენ, დაპირებებს ვერ ასრულებენ და ამიტომ იჭერენო.
ხალხის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ყველას ექნება სადაზღვევო პოლისი. პენსიები და სოციალური დახმარებები იზრდება, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ამათი გაუაზრებელი ხარჯების შეკვეცის ხარჯზე. ელექტროენერგიაზე ტარიფი 20-25%-ით, ალბათ, იანვრიდან შემცირდება. გაზზე ტარიფის ამდენად შემცირებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ისიც შემცირდება. ვმუშაობთ ბენზინის ფასების შემცირებაზე. Mმონოპოლიური ფასების დარღვევას ვიწყებთ და თავისთავად ეს გამოიწვევს ბენზინის ფასის შემცირებას. ამავე დროს, ყველანაირად ვცდილობ, ბიზნესი არ შევაშფოთო, არ შევავიწროო.
არსებული არ უნდა დავანგრიოთ და ახალი ბიზნესი ბევრი უნდა ავაშენოთ. მონოპოლიებს ვერ ავიტანთ. რაც ავადმყოფური იყო ბიზნესში, დროს ვაძლევთ, რომ გადაეწყონ. კარტელური შეთანხმებებით ფასების რეგულირება აღარ მოხდება. საზოგადოებამ უნდა ამოისუნთქოს და გაიაფება დაიწყოს. საქართველოში წარმოებული პროდუქციის სიუხვე უნდა იყოს. ნურავის ეშინია, რომ აპრილისთვის პოპულარობას დავკარგავთ. პირიქით, ჩვენ უფრო მოვიხვეჭთ პოპულარობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც ხალხს დავპირდით.
- სააკაშვილმა საკრებულოების თავმჯდომარეების გასაგონად განაცხადა, ჩვენ უფრო მალე მოვალთ, ვიდრე ამათ ჰგონიათო.
- რანაირად უნდა მოვიდეს, ვინ მოიყვანს? ამით ერთმანეთს ამაგრებენ, მაგრად დავდგეთო. თუ უმცირესობა მოითხოვს, ვადამდე არჩევნებზე წავალთ, მაგრამ წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ უნდა გადალახონ 5%-იანი ბარიერი. როგორც რიყეზე გაკეთებული ნაგებობაა არქიტექტურის ნიმუში, ისე მოვლენ ეგენი ხელისუფლებაში. ვინ უნდა მისცეს მათ ხმა? რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს არაფერი ესმის და ანალიზს ვერ აკეთებს? ჩემი სიტყვისთვის არასოდეს მიღალატია და ვაცხადებ, - გამოვიდნენ ინიციატივით, ხვალვე გადავდგებით და გამოაცხადოს, როდის უნდა არჩევნები. ეს მხოლოდ მათი ბაქიბუქია.
დასასრულ, დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ჩვენს ხალხს. გპირდებით, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება. 2013 წელი იქნება საჩვენებელი, 2014 წელი - უკეთესი და 2015 წლით ყველანი ვიამაყებთ. გპირდებით, რომ აუცილებლად გადატყდება სიტუაცია.
აუცილებლად დაიწყება ეკონომიკური აღორძინება, საქართველოში ყველა ოჯახს შეეძლება ღირსეულად ცხოვრება. ხალხს რაც დავპირდით, იმაზე მეტს გავაკეთებთ დათქმულ დროზე სწრაფად. მადლობას გადავუხდი ქართველ ხალხს. ქართველები მაგარი ხალხი ვართ, ოქტომბერში ბოლო ძალა მოვიკრიბეთ და ჩვენი ბედნიერი მომავალი დავსახეთ.
არა ვარ შურისმაძიებელი კაცი, ეს სუსტი ადამიანების თვისება მგონია, მაგრამ ვინც დააშავა, პასუხი უნდა აგოს. სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა გაგრძელდეს, სანამ საზოგადოებას სამართლიანობის განცდა არ დაუბრუნდება. მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს გაზეთს. თქვენ ყოველთვის ობიექტური პოზიცია გქონდათ და გაქვთ, რასაც ძალიან ვაფასებ. ბედნიერი ახალი წელი გქონოდეთ. ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოს მოსახლეობას ბედნიერებასა და სიმშვიდეს ვუსურვებ.