მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში არსებობს ტურისტული მოსაკრებელი და იქ, სადაც ჯერ არ ამოქმედებულა, ახლა იღებენ. საქართველოში არაფერი მსგავსი არ მოქმედებს, ამ დროს ტურისტული ინდუტრია ეკონომიკის ხერხემლად მიიჩნევა. ამიტომ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ტურისტული მოსაკრებლის დაწესების ინიციატივით გამოდის. ეს აუცილებელია, მით უფრო, რომ დღევანდელ უმძიმეს ვითარებაში ეს სექტორის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
ალავერდაშვილის გაანგარიშებით, მოსაკრებელი დღეში 1–2 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. ამ დროისთვის მთლიანად ტურიზმის სექტორის ვალის მოცულობა 4,5 მლრდ ლარია. მათ შორის 3 მლრდ არის იურიდიული პირების, ხოლო 1,5 მლრდ ფიზიკური პირების ვალი, რომლებიც ტურიზმის სფეროში არიან დასაქმებულები. 2021 წლის ივნისამდე ამ თანხას ვერავინ გადაიხდის, ხოლო ბანკებმა ამ ვალის ერთი წლით გადასავადებლად 140 მლნ დოლარი მოითხოვეს.
„ამისთვის ჩვენი ინიციატივა არის, რომ 140 მლნ დოლარი ვისესხოთ, 25–წლიანი კრედიტი აიღოს ქვეყანამ, რომლის გადახდის წყარო იქნება ე.წ. CITY TAX-ი. თბილისში საშუალოდ ტურისტი 3,5-4 დღე რჩება, რომ ვიანგარიშოთ წლის განმავლობაში 2 მლნ ტურისტი, რომელსაც მიიღებს ქალაქი, 7 მლნ ევროს შეგროვება თავისუფლად შეიძლება ერთი წლის განმავლობაში ამ მოსაკრებლით. ეს კი მთლიანად ყოფნის 25-წლიან სესხს 140 მლნ დოლარის ოდენობით“, - განაცხადა სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა და დასძინა, რომ შესაბამისი კანონპროექტი მზადაა. ის ჯერ კიდევ 2017 წელს წარადგინა ბექა ოდიშარიამ, თუმცა მისი მსვლელობა შეჩერდა.
„მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ტურისტული მიმართულებაა საქართველოსათვის. ერთი მხრივ, ამით მაქსიმალური სარგებელი უნდა ნახოს ქვეყანამ, მეორე მხრივ კი არ უნდა შეფერხდეს და შეიზღუდოს მზარდი ნაკადი. ეს მოსაკრებელი არ შეეხება საქართველოს მოქალაქეებს და საუბარია გარედან შემომსვლელ ვიზიტორებზე. თავისთავად მისი დაწესება მარტივია, მაგრამ შემდგომი განხორციელება უფრო ძნელია. დასათვლელია, რა იქნება აქედან სარგებელი პირველ ეტაპზე დედაქალაქისათვის და შემდეგ - მთელი ქვეყნისათვისაც. აქვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს მოსაკრებელი არსებობს“, - აცხადებდა რამდენიმე თვის წინ ოდიშარიამ.
შალვა ალავერდაშვილი ადასტურებს, რომ დეპუტატი მზადაა, კანონპროექტის განხილვა ხელახლა დაიწყოს.
ტურისტული გადასახადი – მცირე გადასახადია, რომლის აკრეფა ჩვეულებრივ არაპირდაპირ ხორციელდება განთავსების ობიექტების მომწოდებლების ან ტურისტული კომპანიების მეშვეობით და, როგორც წესი, მიმართულია იმ ტურისტებისკენ, რომლებიც ქალაქში ღამისთევით რჩებიან.
ტურისტებსა და ტურიზმის ორგანიზატორებს სხვადასხვა ტიპის „ტურისტული გადასახადები“ ეხებათ: ქალაქის გადასახადი, საკურორტო გადასახადი, ეკოლოგიური გადასახადი, ტურისტული გადასახადი და სხვ.
ტურისტული გადასახადების უმეტესობა დაწესებულია ტურისტებს შორის პოპულარულ ქალაქებში. ზოგჯერ ასეთი მოსაკრებლის შემოღების აუცილებლობა განპირობებულია ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ხოლო სასურველობას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აცხადებს.
ამგვარი გადასახადის გადახდა თითქმის ყოველთვის არის აუცილებელი, როდესაც თქვენ სხვა ქალაქს ეწვევით (ზოგჯერ ბიზნეს-სასტუმროებში შეიძლება არ დაგჭირდეთ გადასახადის გადახდა, თუკი შეძლებთ იმის დამტკიცებას, რომ არ ჩამოსულხართ კულტურულ-ტურისტული მიზნისთვის).
ორგანიზებულად ტურისტული გადასახადი დაწესებულია XIX საუკუნის შუა რიცხვებიდან ავსტრიისა და გერმანიის კურორტებზე, 1919 წლიდან კი „ტურისტული გადასახადის“ მცნება საფრანგეთის კანონმდებლობაშიც გაჩნდა. ამჟამად, ტურისტული გადასახადების აკრეფის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები იმ ქვეყნებშია, რომლებიც ტურიზმიდან ეროვნული შემოსავლის მაღალ პროცენტს იღებენ, მაგალითად, იტალიაში.