2012 წლის ეკონომიკური შედეგები და 2013 წლის პერსპექტივები

2012 წლის ეკონომიკური შედეგები და 2013 წლის პერსპექტივები

2012 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2013 წლის ეკონომიურ პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს ეკონომიკურ საკთხებში, საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს და ეკონომიკის დოქტორს, პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

კითხვა - როგორ შეაფასებდით ეკონომიკურ-პოლიტიკური კუთხით 2012 წლის შედეგებს და რა მოვლენას მიიჩნევდით ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვნად?

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2012 წელს ხელისუფლებამ რამდენიმე სამშენებლო ღონისძიებები კი განახორციელა, მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ პიარული სვლები იყო; ხელისუფლებაში მოსულმა ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი დანაშაულებრივი შეცდომა დაუშვეს

ლადო პაპავა - სააკაშვილი სულ ოცნებობდა დავით აღმაშენებლად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ რეალურად, იგი "მიხეილ პრარაბად" ჩამოყალიბდა; "ნაცმოძრაობის" ლიდერებს სხვა არაფერი დარჩენიათ, რომ დანაშაულის გამო პასუხისმგებლობაში მიცემა პოლიტიკურ ზეწოლად გაასაღონ

ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე და ლადო პაპავა 2012 წლის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს საპარლამენტო არჩევნების გამო მმართველი პოლიტიკური გუნდის აქტიურობებს უკავშირებენ.
"2012 წელი იყო საპარლამენტო არჩევნების წელი იყო, ამიტომ მთავრობა ცდილობდა, გარკვეული აქტიურობები გამოეჩინა. ამგვარი აქტიურობის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება განხორციელდა. თბილისში ეს გახლავთ აშენებული ხიდები, იუსტიციის სახლების შენობები, რომელიც, ჩემი აზრით, საშინელებაა. ეს არის მისასვლელი გზების მშენებლობა, რომელიც დღემდე გრძელდება. გარდა ამისა, ლაზიკაში აშენდა რამდენიმე სასტუმრო, იუსტიციის სახლი და ბათუმში "რედისონ ბლუს" საშინელი შენობა. ამ თვალსაზრისით მეტი 2012 წელს არაფერი არ გაკეთებულა და ეს ყველაფერი მხოლოდ პიარული სვლები იყო", - აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე, რომლის აზრით, "ხელისუფლებაში მოსულმა ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვეს".

ლადო პაპავას შეფასებით, 2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელი იყო და მან დაღი დაასვა მის ეკონომიკურ განვითარებას. პრაქტიკულად, მთელი წელი, შემოდგომის ჩათვლით, მთავრობაში "ნაცმოძრაობა" იყო და თავის ჩვეულ სტილში მოქმედებდა. იყო სხვადასხვა პიარ-აქცია, განსაკუთრებული აქცენტი გადატანილი იყო ახალ მშენებლობებზე. მიუხედავად იმისა, რომ წარმოებული მშენებლობები ხარისხით არ გამოირჩევა, სააკაშვილი სულ ოცნებობდა დავით აღმაშენებლად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ რეალურად იგი "მიხეილ პრარაბად" ჩამოყალიბდა.
ლადო პაპავას აზრით, ეკონომიკაში 2012 წელს განსაკუთრებით გამოკვეთილი იყო საბანკო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა. "ფაქტობრივად, ეს იყო ბრძოლა ერთი - "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ, მაგრამ, როცა თუნდაც ერთი ბანკის წინააღმდეგ იბრძვი, საკმაოდ დიდ ზიანს აყენებ მთელ საბანკო სისტემას. ჩვენ კარგად გვახსოვს სხვადასხვა პოლიტიკური სარჩულით "ქართუ ჯგუფში" შემავალი სხვადასხვა ფირმების დაყადაღება, ხოლო "ქართუ ბანკი" გაკოტრების პირას იყო მიყვანილი. ამაში განსაკუთრებული აქტიურობა ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა", - დასძენს ექსპერტი ლადო პაპავა.
ალექსანდრე თვალჭრელიძე გასული წლის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს იმას, რომ "ნოემბრიდან ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური ცხოვრების ახალი ციკლი. ახალ მმართველ გუნდს ეკონომიკური ცხოვრების "ბიუჯეტის შესახებ კანონის" ჩარჩოებში ჩასმა სურს".
ლადო პაპავა 2012 წლის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენად ასევე მიიჩნევს იმას, რომ "ხელისუფლებაში მოსულმა "ქართული ოცნების" ეკონომიკურმა გუნდმა მოასწრო თვისობრივად განსხვავებული ბიუჯეტის მომზადება და მიღება, რომელიც ბევრად გამჭვირვალეა იმ ბიჯეტებისგან, რომელიც 9-წლიანი მმარველობის პერიოდში "ნაცმოძრაობას" ჰქონია".
ლადო პაპავა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ "არა მარტო ეკონომიკის, არამედ მთლიანად სახელმწიფოს მართვაში პრაქტიკულად მივიღეთ ორხელისუფლებიანობა, რომელსაც სააკაშვილმა დაუდო საფუძველი". მისივე აზრით, თუ პრეზიდენტის განცხადებებს დავაკვირდებით, კოჰაბიტაცია- თანაცხოვრების წინააღმდეგი პრეზიდენტი სააკაშვილია.
"დანაშაულებრივი საქმიანობის დასაფარავად "ნაცმოძრაობის" ლიდერებს სხვა არაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ დანაშაულის გამო პასხუხისმგებლობაში მიცემა პოლიტიკურ ზეწოლად გაასაღონ", - დასძენს ლადო პაპავა

კითხვა - ვინაიდან, 2012 წლის 1 ოქტომბერს "ნაციონალური" მმართველობა პრაქტიკულად დასრულდა, შეიძლება საუბარი იმაზე, ეკონომიკის განვითარებისთვის წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის პერიოდში რომელ გადაწყვეტილებას მიიჩნევდით ყველაზე წარმატებულად და რომელს შეცდომად?

ალექსანდრე თვალჭრელიძე - სახელმწიფოს ბიუჯეტის გაძლიერება ხდებოდა ნებისიერი ხერხით. მათ შორის დაჭერების, ფულის წართმევის ხარჯზე, რაც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყო

ლადო პაპავა - ბაზარი ძალზედ მონოპოლიზებულია. მსხვილი კომპანიები ხელისუფლებასთან შეკრული არია ან - უბრალოდ სხვადასხვა გზებით ხელისუფლების ზეწოლას დაქვემდებარებული

ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, თავიდან "ნაცმოძრაობის" გუნდი მიმართული იყო ე.წ. ეტატიზმზე, სახელმწიფოს სტრუქტურების გაძლიერებაზე და თანაც, ამას აკეთებდნენ უკანონოდ. ყველაფერი, მათ შორის საჯარო დაჭერებიც ამას ემსახურებოდა. ამავდროულად, სახელმწიფოს ბიუჯეტის გაძლიერება ხდებოდა ნებისიერი ხერხით. მათ შორის, დაჭერების, ფულის წართმევის ხარჯზე, რაც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყო. შემდეგ ამას კერძო ინტერესებიც დაემატა და ხელისუფლების წევრებიც ჯიბეში იდებდნენ ამ ფულს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ღონისძიება მართლაც წარმატებული იყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე წინა ხელისუფლების წარმატებებზე საუბრისას გამოჰყოფს შემდეგს:

1. ქვეყანაში საპატრულო პოლიციის მოდელის დამკვიდრებასა და პოლიციის რეფორმას, მაგრამ ეს წარმატებული 2008 წლამდე იყო, ვიდრე სრულად არ მოხდა პოლიციის პოლიტიზაცია. ასევე წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ რიგითი პოლიციელი არ იღებს ქრთამს და ყველა ჯარიმა ბანკის მეშვეობით ხორციელდება.
2. წარმატებული იყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ელექტროენერგიისა და გაზის უწყვეტი მიწოდება, გზების მშენებლობა, რკინიგზის რეაბილიტაცია, რომელიც დაიწყო და ჯერ არ დამთავრებულა.
3. იუსტიციის სახლის მოდელის დამკვიდრება, ანუ იმგვარი ვითარების შექმნა, როცა ერთ შენობაში გაადვილებულია ნებისმიერი ცნობის მიღება და უამრავი სხვა ინფორმაციის მიღება.
4. გაიზარდა საგადასახადო ორგანოების ავტორიტეტი, მოხდა მისი ფორმირება. საუბარია გადასახადის აკრეფის ტექნოლოგიაზე და არა მის პოლიტიკურ შემადგენელზე. გადასახადების გადახდის ტექნოლოგია ძალიან მარტივია, გადამხდელს, მათ შორის კერძო პირს აქვს თავისი გვერდი, მას ნებისმიერ დროს შეუძლია, ნახოს მისი მდგომარეობა, გადაიხადოს გადასახადი და ასე შემდეგ.
5. საჯარო რეესტრის რეფორმა. აქაც პოლიტიკურ შემადგენელს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ტექნოლოგიის თვალსაზრისით საჯარო რეესტრის რეფორმაც საკმაოდ წარმატებული იყო.
რაც შეეხება შეცდომებს, ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, "შეცდომები და დანაშაულებრივი ქმედებები უამრავი იყო, მათ შორის:
1. ბიზნესზე ზეწოლა. ბიზნესთან მიმართებაში აბსოლუტურად დანაშაულებრივი ქმედებები.
2. აბსოლუტურად შეუსაბამო შრომითი კანონმდებლობა და აბსოლუტურად შეუსაბამო ზეწოლა მცირე და საშუალო ბიზნესზე.
3. ქვეყნის ძალიან აშკარა მილიტარიზაცია. გვჭირდებოდა არმიის რეფორმა და არა ქვეყნის მილიტარიზაცია.
4. შეცდომა იყო ხისტი ზეწოლა მედიაზე და საერთოდ, სიტყვის თავისუფლებაზე.
5. წინა ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო წინა თაობის გამორიცხვა ქვეყნის ცხოვრებიდან და საუბარი "ჩარეცხილ ინტელიგენციაზე".
ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, "ასევე დიდი შეცდომა იყო ძალაუფლების ძალიან ხისტი ცენტრალიზაცია. ყველაფერი ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ხელში იყო და საქართველოში მათ გარეშე ფეხს ვერავინ გაანძრევდა. დანაშაული იყო პირველ პოსტებზე აბსოლუტურად უვიცი ხალხის მიყვანა. ამის კარგი მაგალითია ვერა ქობალია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ისე ხელმძღვანელობდა, უმაღლესი განათლებაც კი არ ჰქონდა”.
თვალჭრელიძე, ასევე, წინა ხელისუფლების დიდ შეცდომად მიიჩნევს თურქულ კომპანია "ტი-ეი-ვისთან" გაფორმებულ კონტრაქტს, რომლითაც თბილისის აეროპორტის მართვა სტამბულის ათათუქრის აეროპორტს გადაეცა. მისივე განმარტებით, ამის გაკეთება თუნდაც იმის გამო არ შეიძლებოდა, რომ თბილისის აეროპორტი სტამბულის აეროპორტის ბუნებრივი კონკურენტია, ხოლო არსებული ვითარება ტვირთების გაიაფებას შეუძლებელს ხდის.

"ნაცმოძრაობის" 9-წლიანი მმართელობის პოზიტიურ შედეგებად ლადო პაპავა მიიჩნევს:
1. შეიცვალა საგადასახადო კოდექსი და ქვეყანაში საგადასახადო ტვირთი შემსუბუქდა. გადასახადების სახეობები და განაკვეთები შემცირდა, თუმცა ერთი ხარვეზი მაინც ახლავს და საშემოსავლოს გადასახადს უკავშირდება. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საშემოსავლო გადასახადი ზურაბ ჟვანიას ინიციატივით 12% გახდა, შემდეგ ის სააკაშვილმა 25%-მდე აწია, მოგვიანებით კი 20%-მდე შეამცირა.
2. ძალიან სერიოზულ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ბიზნესის დაწყების გამარტივება.
3. სერიოზული წარმატებაა ელექტრონული მთავრობის ჩამოყალიბება. პოლიციის რეფორმა, რომელიც უკვე გაცვეთილი თემაა. ასევე კარგი იყო ქვეყანაში ეროვნული გამოცდების შემოღება.
რაც შეეხება შეცდომებს, ლადო პაპავას აზრით, "შეცდომა ძალიან ბევრი იყო":
1. პრაქტიკულად დაინგრა საშუალო სკოლა, რომელიც ვერ იძლევა ჯეროვან განათლებას; უმაღლესი სასწავლებლები, ხშირ შემთხვევაში, ფორმალურად გვქვს. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული მეცნიერება. მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შემავალი ინსტიტუტები თითქმის განადგურების პირასაა, ზოგიერთი კი, საერთოდ განადგურებულია. სამწუხაროა, რომ ამაზე ყველაზე ნაკლებად საუბრობენ.
2. უდიდესი შეცდომა, დანაშაული თუ არა, საკუთრების უფლების ხელყოფა იყო. საკუთრების უფლება ნებისმიერი ეკონომიკური სისტემის საფუძველია, რომელიც საბაზრო პრინციპებს ეფუძნება.
3. შეცდომები იყო დაშვებული სოფლის მეურნეობაში, რამაც ქვეყნის სოფლის მეურნეობა ღმა კრიზისამდე მიიყვანა. როდესაც ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს, სოფლად წარმოებული პროდუქცია ეროვნული ეკონომიკის მხოლოდ 10%-ზე ნაკლებს შეადგენს.
4. "ნაციონალურ" ხელისუფლებას დიდ შეცდომად ვუთვლი იმას, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან არ მიეღწია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმისათვის. ევროკავშირი 2008 წლიდან მოითხოვდა ჩვენგან ამ თემაზე მუშაობას. მეოთხე წელი დასრულდა და პრაქტიკულად ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგმული ჯერ არაა.
5. შეცდომაა ისიც, რომ მძიმე სიტუაცია გვაქვს კონკურენციის თვალსაზრისით. ბაზარი ძალზედ მონოპოლიზირებულია. მსხვილი კომპანიები ხელისუფლებასთან ან ნათესაური კავშირებით არიან შეკრული, ან უბრალოდ სხვადასხვა გზებით ხელისუფლების ზეწოლას არიან დაქვემდებარებული.

კითხვა - ეკონომიკური თვალსაზრისით რა ვითარებაში ჩაიბარა ქვეყანა ახალმა ხელისუფლებამ?

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ახალმა ხელისუფლებამ ძველისგან ჩამოყალიბებული სახელმწიფო, მაგრამ აბსოლუტურად უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა ჩაიბარა

ლადო პაპავა - ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა. ქვეყანაში მძიმე აგრარული კრიზისია. საექპორტო პოტენციალი პრაქტიკულად განადგურებულია

ალექსანდრე თვალჭრელიძის შეფასებით, "ახალმა ხელისუფლებამ ძველისგან ჩამოყალიბებული სახელმწიფო, მაგრამ აბსოლუტურად უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა ჩაიბარა." მისივე თქმით, არჩევნებში "ნაცმოძრაობას" რომ გაემარჯვა, თავად ალბათ, ემიგრაციაში წავიდოდა. თვალჭრელიძის აზრით, პოსტსაბჭოთა სივრცეში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლის ძალიან საინტერესო პრეცედენტი საქართველოში პირველად მოხდა. ძალაუფლება რადიკალურად განსხვავებულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა გადაიბარა. "მართალია, ამაში ჩვენი ამერიკელი მეგობრები დაგვეხმარნენ, მაგრამ ეს ასევე არის წითელი შუქი პუტინის ადმინისტრაციისა და ზოგიერთი სხვა პატარა დიქტატორებისათვის, მაგალითად იანუკოვიჩისთვის",- აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე

ლადო პაპავას შეფასებით, ამ თვალსაზრისით, "ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა. ქვეყანაში მძიმე აგრარული კრიზისია. საექპორტო პოტენციალი პრაქტიკულად განადგურებულია.
მისივე განმარტებით, საქართველოს სავაჭრო ბალანსი გვიჩვენებს, რომ იმპორტი ექსპორტზე 3,5-ჯერ მეტია, ხოლო ექსპორტის 30% ავტომობილებსა და ჯართზე მოდის. "პრაქტიკულად, "ნაცმოძრაობამ" საქართველოში წარმოების გარეშე მომხმარებლური ეკონომიკა ჩამოაყალიბა. ასეთი ეკონომიკა განადგურებისთვისაა განწირული. უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენ გადავიქეცით მხოლოდ მჭამელ, ანუ მომხმარებელ ერად და რეალურად დიდ არაფერს ვაწარმოებთ", - დასძენს ლადო პაპავა.

კითხვა - თქვენი აზრით, რამდენად სწორად არის გაწერილი 2013 წლის ბიუჯეტი? ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მტკიცებით, "პუნქტობრივად გაწერილი ასეთი ბიუჯეტი ქვყეყანას 9 წელია, არ ჰქონია." თქვენც ასე ფიქრობთ?

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2013 წლის ბიუჯეტი ადამიანზე ორიენტირებული ბიუჯეტია და წინა ბიუჯეტებისაგან განსხვავებით აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

ლადო პაპავა - 2013 წლის ბიუჯეტი თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რაც "ნაცმოძრაობის" მმართველობის 9-წლიან პერიოდში ბიუჯეტთან მიმართებაში ხდებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე ბიუჯეტის შეფასებაში ეთანხმება ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს და მიიჩნევს - გარდა იმისა, რომ მასში წინა ბიჯეტებისგან განსხვავებით "სხვა ხარჯები" პრაქტიკულად არ არის, საკმაოდ კარგადაა გაწერილი და მასში საინტერესო ტენდეციები ჩანს. კერძოდ, აშკარად შემცირებულია სახელმწიფო ხარჯები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუროკრატიული აპარატის შენახვა ქვეყანას ნაკლები დაუჯდება.
"ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია. იზრდება სოციალური სექტორის, სამედიცინო დაზღვევისა საერთოდ, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის ხარჯები. 2013 წლის ბიუჯეტი ადამიანზე ორიენტირებული ბიუჯეტია. და კიდევ ამ ბიუჯეტის ღირსება ისიცაა, რომ იგი ყველა წინა ბიუჯეტისაგან განსხვავებით აბსოლუტურად გამჭვირვალეა", - დასძენს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

ლადო პაპავა ეთანხმება კოლეგის შეფასებას, რომ 2013 წლის ბიუჯეტი თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რაც "ნაცმოძრაობის" მმართველობის 9-წლიან პერიოდში ბიუჯეტთან მიმართებაში ხდებოდა. მისივე თქმით, ყველაზე მთავარი, რისი გაკეთებაც არჩევნების შედეგად მთავრობაში მოსულმა "ქართულმა ოცნებამ" მოასწრო, სწორედ 2013 წლის ბიუჯეტის მიღება იყო.
"2013 წლის ბიუჯეტი უფრო გამჭვირვალეა, თუმცა ვერ იქნება ნაკლოვანებებისაგან დაზღვეული, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს ძალიან მოკლე პერიოდში მოუხდა მისი მომზადება. პრაქტიკულად, რაც გასაკეთებელი იყო 6-7 თვის განმავლობაში, მან 5 დღეში მოხერხა",- დასძენს ლადო პაპავა. მისივე თქმით, ახალ ხელისუფლებას შეეძლო ახალი ბიუჯეტის ყველა მუხლი არ გაეშიფრა, მაგრამ იგი მიესალმება ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინიციატივას, რომლის შედეგად ახალი ბიუჯეტი სრულიად გამჭვირვალეა.

კითხვა - რამდენად რეალიზებადია ეკონომიკის განვითარების საკითხებში ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებები და თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული ეკონომიკის სფეროში 5 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით?

ალექსანდრე თვალჭრელიძე - "ქართული ოცნების" წინასააარჩევნო დაპირებები რეალიზებადია.

ლადო პაპავა - ვფიქრობ, რომ სავსებით რეალიზებადია, ვინაიდან ახალ მთავრობას საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური გუნდი ჰყავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, "ქართული ოცნების" წინასააარჩევნო დაპირებები რეალიზებადია. რაც შეეხება 5 უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას თვალჭრელიძის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. პირველ გადაწყვეტილებაში ვეთანხმები მთავრობას, რომ სასწრაფოდაა დასახმარებელი სოფლის მეურნეობა. ძირითადი აქცენტი გადასატანია სასოფლო-სამეურნეო მომსახურებასა და სოფლად ფრანგული ან გერმანული ტიპის კოოპერაციების შექმნაზე. ამ სისტემაში სოფელი აგრო-ქიმიურ მომსახურეობისა და მიწის დამუშავების გადასახადს იხდის. 
2. უსწრაფესად გავატარებდი ღონისძიებებს სამთო საქმის განვითარებისთვის. ამასათვის კი, საჭიროა თანამედროვე სამთო კოდექსის მიღება.
3. მთლიანად ქართულ ეკონომიკას დავაფუძნებდი ადგილობრივ რესურსებზე. ყველაფერს გავაკეთებდი ხე-ტყის გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებისათვის. არ შეიძლება ქვეყნიდან მორის გატანა. მორი ადგილზე უნდა დამუშავდეს და ადგილზე დამზადდეს ავეჯი. არ შეიძლება, გქონდეს უძვირფასესი ხის ჯიშები და დანიიდან შემოგვქონდეს ნახერხისგან დამზადებული უხარისხო ავეჯი. ჩვენი ტყის მასივის ფართი არის იმდენივე, რაც შვეიცარიაში. შვეიცარიის ბიუჯეტი შემოსავლის სახით თავისივე ტყის მასილიდან 2,5 მილიარდ ფრანკს იღებს. ჩვენ კი - პრაქტიკულად არაფერს. საჭიროა ამ სფეროს ძალიან ხისტი მართვა.
4. განვავითარებდი, ქართულ ბუნებრივ მინერალურ რესურსებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ დარგებს. ქიმიურ მასალათა და საშენ მასალათა მრეწველობას. არ შეიძლება, იაფფასიან სილიკატურ აგურს ვყიდულობდეთ თურქეთში, როცა გვაქვს მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის სააგურე თიხების საბადოები.
5. კიდევ უფრო განვავითარებდი ენერგეტიკას, ოღონდ, არა მარტო ტრადიციულ ჰიდროენერგეტიკას, არამედ ალტერნატიულ, ქარისა და მზის ენერგეტიკას.

ლადო პაპავა - ვფიქრობ, რომ სავსებით რეალიზებადია, ვინაიდან ახალ მთავრობას საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური გუნდი ჰყავს, ხოლო რაც შეეხება თუ რას გააკეთებდა იგი, მისი 5 გადაწყვეტილების ჩამონათვალი ასეთია:
1. დავაჩქარებდი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მიღწევას. ამისათვის საჭიროა ქვეყანაში ევროპული ტიპის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და სურსათ-უვნებლობის სისტემის ამოქმედება, შესაცვლელია შრომის კოდექსი, რომელშიც დაქირავებულთა უფლებები უფრო მეტად იქნება დაცული.
2. აუცილებლად შევცვლიდი საარსებო მინიმუმის გათვლის მეთოდიკას და უფრო რეალისტურს გავხდიდი. ავამაღლებდი საარსებო კალათის კალორიულობას, რომ რეალურობის ადეკვატური იყოს. ამის შედეგად უფრო მიზანმიმართული იქნებოდა ის სოციალური პოლიტიკა, რომელიც მთავრობას ექნებოდა გასატარებელი.
3. აუცილებლად გავაკეთებდი აქცენტს აშშ-სთან თავისუფალი რეჟიმის მიღწევის გააქტიურებაზე. 2009 წლის იანვარში ხელი მოეწერა ქართულ-ამერიკულ ქარტიას. მასში აშშ გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საქართველოსთან დაამყაროს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. იანვარში ამ ქარტიის მიღებიდან ოთხი წელი შესრულდება, მაგრამ საქართველომ დღემდე არ იცის, თუ რას ითხოვს აშშ ჩვენგან თავისუფალი ვაჭრობის მისაღებად.
4. არანაირად არ ჩავერეოდი იმ კომპანიების საქმიანობაში, ვისაც სურთ რუსეთის ბაზარზე შესვლა. ეს არ უნდა იყოს ხელშეშლი მთავრობის მხრიდან.
5. მთავრობის საქმე არ არის ენერგეტიკის ტარიფების განსაზღვრა. ეს მისი სერიოზული შეცდომაა. ტარიფების დასაწევად "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობასთან ერთად უნდა შეცვალოს ის კანონები, რომლებიც მარეგულირებელი კომისიების საქმიანობას უკავშირდება.
6. გარდა ამისა, დავაჩქარებდი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამის მიღებასა და ამოქმედებას.