ლევან ბოძაშვილი წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე: მეეჭვება, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ამ ჩანაწერს დათანხმდეს - ასეთი სახით, კანონპროექტი არ იქნება მიღებული

ლევან ბოძაშვილი წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე: მეეჭვება, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ამ ჩანაწერს დათანხმდეს - ასეთი სახით, კანონპროექტი არ იქნება მიღებული

ძალიან მეეჭვება, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამ ჩანაწერს დათანხმდეს, იმიტომ, რომ ეს იქნება პრაქტიკულად ძალიან ცუდი და უხეში აღიარება იმისა, რასაც თვითონ არ აღიარებენ ამდენი ხნის განმავლობაში - ასეთი სახით, ჩემი აზრით, ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული. - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბოძაშვილმა „რადიო პალიტრის“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა, კანონპროექტის მესამე პუნქტში საუბარია იმაზე, რომ კერძო ბიზნესის საკითხების გადაწყვეტაში სახელმწიფოს ჩარევა, გარდა კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნისა, არ უნდა ხდებოდეს. მისივე თქმით, მესამე პუნქტს აქვს დიდი მნიშვნელობა, როდესაც საუბარია უცხოური ინვესტიციების დაცვაზე და აქ ბუნებრივია, პირველ რიგში იგულისხმება ამერიკული ინვესტიციები. მისი თქმით, ამერიკის პარნტიორი ქვეყანა, რომელშიც არ არის დაცული ამერიკული ინვესტიციები, ის ამერიკის მხარდაჭერას ვერ მიიღებს სხვა სტრატეგიულ საკითხებში.

„ამ საკითხს აქვს ორი ნაწილი: ერთი არის პოლიტიკური ნაწილი და მეორე - ეკონომიკური. პოლიტიკური ნაწილი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თუ გავიხსენებთ შარშან ივნისში პომპეოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, იქ არის ამ პოლიტიკური ნაწილის ახსნა ძალიან კარგად, თუ რა ინტერესები აქვს აშშ-ს საქართველოში და რომ უნდა საქართველო განვითარდეს არამხოლოდ როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, არამედ მიმზიდველი საინვესიტიციო ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი წვდომა დასავლურ ბაზრებზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავისუფალ წვდომაში არამხოლოდ მოცვის გაყიდვა იგულისხმება ევროკავშირის ბაზარზე, არამედ ინვესტიციები პირველ რიგში. ამიტომ ის მესამე პუნქტი, რომელიც არის მითითებული ამ კანონპროექტში, კერძოდ, რაც ეხება კერძო ბიზნესსა და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის დაცვას, ასეთი ფორმულირება აქამდე არ ყოფილა გამოყენებული. ეს ნიშნავს იმას, რომ კერძო ბიზნესის საკითხების გადაწყვეტაში სახელმწიფოს ჩარევა, გარდა კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნისა, არ უნდა ხდებოდეს, ეს არის დასავლური პოლიტიკა და მიდგომა და კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, ეს ასე უნდა იყოს. ამ მესამე პუნქტს აქვს დიდი მნიშვნელობა, როდესაც საუბარია უცხოური ინვესტიციების დაცვაზე. აქ ბუნებრივია, პირველ რიგში, იგულისხმება ამერიკული ინვესტიციები და პარნტიორი ქვეყანა, რომელშიც არ არის დაცული ამერიკული ინვესტიციები, ის ამერიკის მხარდაჭერას ვერ მიიღებს სხვა სტრატეგიულ საკითხებში, იქნება ეს თავდაცვა თუ დემოკრატიის განვითარება. ეს 15%-ის დათქმა, თუ ის იქნება მიღებული, არ ეხება ისეთი პროგრამების განხორციელებას, როგორიც არის დემოკრატიზაცია, კანონის უზენაესობა, სასამართო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და ა.შ. ანუ ხელუხლებელი, დაცული მუხლები უკვე არსებობს ამ კანონპროექტში, ეს ეხება მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც საინვესტიციო გარემოსთან არის დაკავშირებული და კორუფციასთანაც. მე ძალიან მეეჭვება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამ ვორდინგს, ამ ჩანაწერს დათანხმდეს, იმიტომ, რომ ეს იქნება პრაქტიკულად ძალიან ცუდი და უხეში აღიარება იმისა, რასაც თვითონ არ აღიარებენ ამდენი ხნის განმავლობაში. ასეთი სახით, ჩემი აზრით, ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული”, - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთდა განცხადება, თითქოს ეს კანონპროექტი უკვე მიღებულია, რაც არასწორი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა. მისი განმარტებით, ეს ჯერ არის კანონპროექტი და ვარაუდი რთულია, საერთოდ მიიღებენ თუ არა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა. დოკუმენტში აღნიშნულია, საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პრეცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

Aburjga Tasmanieli ბატონო ლევან რაღაც ვერ გავიგე -..." საინვესტიციო გარემოსთან არის დაკავშირებული და კორუფციასთანაც. მე ძალიან მეეჭვება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამ ვორდინგს, ამ ჩანაწერს დათანხმდეს, იმიტომ, რომ ეს იქნება პრაქტიკულად ძალიან ცუდი და უხეში აღიარება იმისა, რასაც თვითონ არ აღიარებენ ამდენი ხნის განმავლობაში. ასეთი სახით, ჩემი აზრით, ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული”. რა იგულისხმება ამ სიტყვებში, რას არ აღიარებდნენ?!
საინტერესოა რომ გავიდეს და დამტკიცდეს ამ სახით კანონპროექტი, ეს რას ნიშნავს, რა მოგვივა, უფსკრულში გადავიჩეხეთ და ის არის?!
3 წლის უკან