ღიმილის მომგვრელია ბრიტანეთის ელჩისგან ასეთი დამოკიდებულება, ზოგადად, მედიის მიმართ მაშინ, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ სწორედ ბრიტანული მოდელი, ე.წ. ბიბისის მოდელი მიიღო მედიასაშუალებების მარეგულირებელ საკანონმდებლო სივრცედ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება თავისი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე მართლაც უმაღლეს ნიშნულზეა.
„ის, რომ მაგალითად კონკრეტული ტელეკომპანიების ბულინგზე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ევროპული ქვეყნის ელჩები არ რეაგირებენ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ორმაგ სტანდარტს რაც, სამწუხაროდ დღეს მსოფლიოში და კერძოდ, ევროპის კონტინენტზე არსებობს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ბრიტანეთის ელჩი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში მედიაგარემოს უსაფუძვლო ბრალდებებით აკრიტიკებდა, „ქრონიკის“ ორ კითხვას ამ დრომდე არ პასუხობს. ევროპის დღეზე „ქრონიკის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფისა და ოპოზიციის შეტევის შესახებ კითხვას არ პასუხობს არც ევროკავშირის წარმომადგენლობა. ასევე სხვადასხვა თემაზე „ქრონიკას“ კითხვები აქვს გაგზავნილი გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებისთვის, თუმცა დიპლომატების პასუხი მხოლოდ დუმილია.