საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში, "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე", რომლის მიხედვითაც 190 პირს პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა, მოხვდნენ ოპერაცია "ენვერის" ფიგურანტებიც: არმენ გევორქიანი, რუსლან გალოგრე, რუბენ შიკოიანი, იური სკრილნიკოვი, ედუარდ აბდულაევი, დავით მესხიძე, ბაკურ კიღურაძე, ტარიელ აბაშიძე, გელა კაკაბაძე, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გოჩა დიასამიძე. ამის შემდეგ "ნაციონალურმა" უმცირესობამ განგაში ატეხა, საქართველოს მტრებსა და "რუსეთის ჯაშუშებს" ათავისუფლებენო. ეს გასაკვირი არც იყო, რადგანაც სწორედ ეს პიროვნებები ჯერ კიდევ 2010 წლის შემოდგომაზე, სასამართლომდე რვა თვით ადრე, დაკავებულებს უკვე "რუსეთის ჯაშუშებად" მოიხსენიებდნენ. იმჟამინდელი სახელისუფლებო უმრავლესობის განცხადებით, მითი რუსეთის სპეცსამსახურების უძლეველობაზე, ამ სპეცოპერაციის შემდეგ დაიმსხვრა. ხოლო ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი ქართულ კონტრდაზვერვას წარმატებას ულოცავდა და ამბობდა, ქართულმა სპეცსამსახურმა უმნიშვნელოვანესი ჯაშუშური ქსელი გამოავლინაო. იმხანად რატომღაც არ ახსოვდათ უდანაშაულობის პრეზუმფცია! ვითომ მართლაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავდნენ ნაციონალები? მათი მმართველობის ცხრაწლიანი "ჯაშუშომანიის" ანალიზის შემდეგ იკვეთება საქართველოს სპეცსამსახურების ამ დანაშაულებრივი ქმედებების რამდენიმე რეალური მიზანი: "ჯაშუშების" გამოვლენა პიარისთვის, "ჯაშუშობის" ბრალდება დაკავებულების ბიზნესის ხელში ჩასაგდებად და ბოლოს, ნებსით თუ უნებლიეთ, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ფარული ამოცანების შესრულება.
უდანაშაულო "ჯაშუშები"?
2010 წლის 29 ოქტომბერს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 13 პირიდან ცხრა - საქართველოს, ხოლო ოთხი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. გასამართლებული: ბაკურ კიღურაძე (გლობალიზაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ბიზნესმენი); რუსლან გალოგრე (ბიზნესმენი); არმენ გევორქიანი (კომპანია "სეიბოლტის" საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი), აგრეთვე, მისი მოადგილე რუბენ შიკოიანი და ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე ვითომდა გრუ-ს გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გე-ერ-უს (მთავარი სადაზვერვო სამმართველო) სხვადასხვა კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებებს საიდუმლო შესყიდვების შესახებ. საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავები: ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გაბრიელ უსტალიშვილი, დავით მესხიძე, გელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე და ტარიელ აბაშიძე ვითომდა გე-ერ-უს გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაციის ეკიპაჟებისა და საფრენი საშუალებების ფრენის განრიგის, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების და ა.შ. შესახებ. ხოლო ედუარდ აბდულაევი (რადიოსპეციალისტად მოხსენიებული) ვითომდა გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას სამხედრო კავშირგაბმულობის შესახებ. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე იური სკრილნიკოვი კი გე-ერ-უს მეკავშირედ დასახელდა. ბრალდებულთაგან უსტალიშვილმა და დევრიშაძემ აღიარეს ჯაშუშობა, რის შემდეგაც მათთან გააფორმეს საპროცესო შეთანხმება და მალევე გაათავისუფლეს. დანარჩენებმა არ აღიარეს და მათ სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით გათვალისწინებული თითქმის მაქსიმალური სასჯელი 11-14 წელი შეუფარდა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი "ჯაშუშის", გაბრიელ უსტალიშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ დადასტურდა ეჭვი, რომ შსს-ს მიერ "რუსეთის მზვერავებად" შერაცხილი პიროვნებებისთვის ბრალეულობის დამტკიცება არადამაჯერებელი იყო და მხოლოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიღებულ თვითაღიარებას ემყარებოდა.
"ფასადების ღებვა" ქართულ სპეცსამსახურებში
2010 წლის 29 ოქტომბერს სააგენტო "როიტერმა" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მსოფლიოს აუწყა ინფორმაცია საქართველოს შსს-ს მიერ რუსეთის ჯაშუშების დაკავების შესახებ. შემდეგ კი უკვე ქართულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით 13 პიროვნება დააკავა. ითქვა, რომ ისინი ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ შესყიდვებზე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების პირადი მონაცემების შესახებ და ა.შ. შსს-ს ინფორმაციით, მათ გამოავლინეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ფარულ კავშირში მყოფი ათეულობით ადამიანი. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ეს "სენსაციური სპეცოპერაცია", უპირველესად, უცხოურ მასმედიაზე იყო გათვლილი, ამიტომაც მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შსს-მ "როიტერს" და არა "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას", თუმცა "ენვერის" ჯერჯერობით უცნობმა "მთავარმა რეჟისორმა" "რუსთავი 2"-ს თავისი ფუნქცია მიუჩინა. ამ ტელევიზიის ჟურნალისტებისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ნაცოდვილარი ფილმი "ენვერი" ნამდვილი პაროდია იყო საქართველოს სპეცსამსახურებზე. ამ ფილმის "დოკუმენტური" კადრებისთვის, უკვე კარგა ხნის წინ დაკავებულ "ჯაშუშებს" ქუჩაში ხელმეორედ აკავებდნენ, და რაც მთავარია, ჟურნალისტი უშუალოდ მონაწილეობდა (?!) ამ პროცესში. სასაცილო იყო ისიც, რომ ამ ფილმში "ჯაშუშების" დასაკავებლად ოპერატიულ ავტომანქანებს კი არ იყენებდნენ, არამედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სამსახურებრივი, "ტოიოტას" უკანასკნელი მოდელის ლიმუზინს, რომლის სახელმწიფო ნომერიც კარგად ჩანს კადრებში. ასე ასეირნებდნენ "რუსეთის ჯაშუშებს" წინ და უკან. ამ ფილმში კიდევ ერთხელ გახმოვანდა "ნაციონალური" რეჟიმის საკრალური ოცნება მათი მმართველობის განსაკუთრებულობის შესახებ, როდესაც სპეცოპერაცია "ენვერის" შემდეგ საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყება ამცნეს მსოფლიოს.
ბიზნესის წართმევა
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანია "ნიბა-ინვესტის" ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე 2010 წლის 13 ივლისს დააკავეს - "ენვერის" გახმაურებამდე სამი თვით ადრე. ჯაშუშობის ბრალდებით კიღურაძის დაკავება მაშინვე ბევრს მოეჩვენა საეჭვოდ. დაკავებამდე ბაკურ კიღურაძეზე რამდენჯერმე დაიწერა და ითქვა ქართულ მედიაში. თბილისში მეტროპოლიტენის სადგურ "დელისთან" მშენებარე 40-სართულიან გრანდიოზულ სავაჭრო ცენტრ "ნიბა-დელისს", რომელსაც "ნიბა ინვესტი" აშენებდა, სწორედ კიღურაძეს უკავშირებდნენ. ცნობილია, რომ რუსლან გალოგრე ბათუმში მდებარე სასტუმრო "ო. გალოგრეს" ტექნიკური მენეჯერი იყო. მისი დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია ოქტომბერში გავრცელდა, თუმცა კონკრეტული ბრალდება არ იყო ცნობილი. რუსლან გალოგრე ძმაა ბიზნესმენ ომარ გალოგრესი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მისი ოჯახი რუსეთში ცხოვრობს. ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებული არმენ გევორქიანი გალოგრეების მეზობელი იყო. ის ადრე მოსკოვში ცხოვრობდა... ბიზნესის წასართმევად ჯაშუშობის მუხლით გასამართლება "მშვენიერი" გამოსავალია: საქმეს გაასაიდუმლოებ, კანონიერ მეპატრონეს მრავალწლიან "სროკზე" გაუშვებ, აბეზარი ჟურნალისტები კითხვებს ვერ დასვამენ, ადვოკატებსაც პირი ექნებათ "ამოკერილი" და სხვისი ბიზნესი შეგრჩა ხახვივით! - აი, მათი ფილოსოფია!
ვინ იდგა "ენვერის" უკან?
"ენვერის" ავტორებმა და შემსრულებლებმა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის მადლობა და უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები, ბევრმა ვადაზე ადრე მაღალ სამხედრო წოდებასაც გამოჰკრა ხელი. ეს ოპერაცია ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების "მთავარი მონსტრის" - გე-ერ-უს დამარცხება. ისიც კი ითქვა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა უკვე ისე დასუსტდა, ქართული სპეცსამსახურებისგან უნდა ისწავლოსო. ფილმში გამჟღავნდა ქართველი კონტრმზვერავების წარმატების მთავარი საიდუმლო: თურმე კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გე-ერ-უში ჩანერგა საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების ნდობა მოიპოვა და მათ სტრუქტურაში მეკავშირედ მუშაობა დაიწყო. ჯაშუშური საქმიანობის განსახორციელებლად მას გადასცეს სპეციალური აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციის დაშიფვრა ხდებოდა, რის შემდგომაც მათი მუშაობის სპეციფიკის შესწავლა გახდა შესაძლებელი. მართლაც როგორ დაძაბუნებულა ერთ დროს უძლეველი გე-ერ-უ: ორმაგი აგენტი შევუგზავნეთ, ინფორმაცია გამოვიტანეთ, ოპერატიული კავშირები გავშიფრეთ, მათი ჯაშუშები გამოვავლინეთ და სამაგალითოდ დავსაჯეთ! ყოჩაღ, ჩაუქო კონტრმზვერავებო! მართლაც რომ ჯაშუშობის უმაღლესი პილოტაჟია, სიმართლესთან ოდნავ ახლოს რომ იდგეს! ვინ იხეირა ამ ოპერაციით? - იმ პირებმა, ვინც პიარის შედეგად ჯილდოები და წოდებები მიიღო, ვინც ბიზნესმენებს ბიზნესი წაართვა და მათ, ვინც საბრძოლო გამოცდილების მქონე საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავები მრავალი წლით საპყრობილეში გამოკეტა! მათი ინტერესების სრული თანხვედრა გვაფიქრებინებს, რომ ეს ოპერაცია თბილისში კი არ დაიგეგმა, არამედ მოსკოვში. ამ "სპეცოპერაციის" შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, "ენვერი" ჩვენი კონტრდაზვერვის შეგზავნილი აგენტი კი არ იყო, არამედ რუსეთის მიერ ჩვენს სპეცსამსახურებში ჩანერგილი ჯაშუში.
P.S. ჯაშუშობის ბრალდებით მფრინავების, ექსპერტებისა და ფოტოგრაფების დაკავება იმ შემთხვევას ჰგავს, როდესაც "ბეღურებს ზარბაზნებს ესვრიან", ამ დროს კი საიდუმლო ინფორმაციის გადინების რეალური არხები შეუფერხებლად მოქმედებს. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები უპირველესად იმ საჯარო მოხელეებზე ნადირობენ, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. ეს უპირველესად, სპეცსამსახურებს ეხება. ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ჩვენი სპეცსამსახურების შეფებმა ან არ იცოდნენ მოწინააღმდეგის მიერ მცდარ კვალზე დაყენების, რეალური აგენტის შესანიღბად მაკომპრომეტირებელი "ფაქტების" და "დოკუმენტების" შექმნის და ამ გზით უდანაშაულო, პატრიოტი და პროფესიონალი კადრების განეიტრალების სპეცოპერაციებზე, ან შეგნებულად მოქმედებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.