სოფიკო ჭიაურელი - „ვერიკო ერთადერთი იყო“

სოფიკო ჭიაურელი - „ვერიკო ერთადერთი იყო“

კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ “ურიელ აკოსტაში”, როცა სცენაზე ვერიკო ანჯაფარიძე - ივდითი და უშანგი ჩხეიძე - ურიელი იდგნენ, დარბაზი ტაშით ზანზარებდა... გავიდა დრო. ბევრი რამ შეიცვალა თეატრშიც და ქვეყანაშიც... უშანგი ჩხეიძე პიერ კობახიძემ შეცვალა.

ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასაწყისიც და დასასრულიც. პირველმა “ურიელ აკოსტამაც” თავისი სიცოცხლე დაასრულა, მერე ვერიკო ანჯაფარიძის ძალისხმევით ხელმეორედ იშვა მარჯანიშვილის სცენაზე.

დედის დამოკიდებულება სოფიკო ჭიაურელისთვისაც არ გახლდათ უცხო. მან მესამედ და აგერ უკვე მეოთხედაც დაუბრუნა “ურიელ აკოსტა” მაყურებელს. მარჯანიშვილის თეატრში დიდხანს ისმოდა ტაში, შეძახილები. როგორც ჩანს, საზოგადოებას სჭირდება ასეთი სპექტაკლები. “ურიელ აკოსტას” სანახავად წარსულზე შეყვარებული, სენტიმენტალური მაყურებელი კი არა, ახალგაზრდები მოვიდნენ.

ქალბატონი სოფიკო ყველაზე მეტად სწორედ ამან გაახარა. ჩვენ მივულოცეთ წარმატება და ვთხოვეთ, კიდევ ერთხელ გაეხსენებინა პირველი შეხვედრა “ურიელ აკოსტასთან”, პირველი შთაბეჭდილებები.

- დედა რომ ივდითს თამაშობდა, ორსულად იყო ჩემზე... მერე, როცა ქვეყანას მოვევლინე, ვუყურებდი “ურიელ აკოსტას” და საშინლად ვბრაზობდი, რომ დედა იქ იყო და არა ჩემთან... დავყვებოდი დედას სპექტაკლებზე, ვიჯექი ლოჟაში, სცენიდან მარჯვნივ (როგორ მწყინს, რომ ის ლოჟები აღარ არსებობს...), დედა ყველა სპექტაკლში კვდებოდა და საშინლად განვიცდიდი...

მახსოვს, კოტე მარჯანიშვილის იუბილე იყო. დედა უკვე ხანში შესული თამაშობდა ივდითს. კიბეზე უნდა ასულიყო, ასეთი სცენა ჰქონდა. აღმოჩნდა, ცუდად დაუდგამთ კიბე. ავიდა და გადმოვარდა. მოიტეხა ხელი და ფეხი. სასწრაფოდ წაიყვანეს უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში, დაადეს თაბაშირი... ყველას გასაოცრად, დედამ თეატრში დაბრუნება მოითხოვა, - ვითამაშებ, დავამთავრებ იმ ეპიზოდსო. არ დამავიწყდება - ერთი საათი ელოდებოდა მაყურებელი ვერიკოს. გაიხსნა ფარდა და გამოჩნდა ხელფეხშეხვეული დედა. დარბაზი ფეხზე წამოიჭრა. ტაში ათი წუთი გრძელდებოდა. მაშინ ვიგრძენი ამ სპექტაკლის და ამ როლის მნიშვნელობა.

1972 წელს დედამ აღადგინა “ურიელ აკოსტა”. სხვათა შორის, არ მინდოდა ივდითი მეთამაშა. დედა მაძალებდა. არ მინდოდა იმიტომ, რომ ვხედავდი, ეს სპექტაკლი დედაჩემისთვის იყო გამიზნული და დადგმული. ივდითის სახე მისი სახე იყო. მარჯანიშვილი მისთვის დგამდა, ოცხელი - მისთვის ქმნიდა ესკიზებს... მე კი, მთელი ჩემი მსახიობური ცხოვრებით ვცდილობდი და ვცდილობ, არ დავემსგავსო დედას. ვერიკო ერთადერთი იყო, მას ვერ გაიმეორებდი. სხვა გზით მინდოდა მევლო. ივდითი რომ მეთამაშა, ვერიკოსთან მიმსგავსებას ვერ გავექცეოდი. ამიტომაც ვარიდებდი თავს, მაგრამ ვერიკოს დაჟინებული მოთხოვნით მაინც ვითამაშე და... “დამღუპა” კიდევაც ამ სპექტაკლმა. აქედან დაიწყო ჩემი და კოტე მახარაძის რომანი, შევუღლდით კიდეც. ათი წელი მაინც ვითამაშეთ ეს სპექტაკლი და შემიძლია გითხრათ, დავავადდი “ურიელ აკოსტათი”.

1992 წელს უკვე მე აღვადგინე მესამე თაობის “ურიელ აკოსტა” ზურა სტურუას და ნინო დუმბაძის მონაწილეობით. ეს იყო უმძიმესი წლები... თანდათან ვრწმუნდები, რომ არ შეიძლება ამ სპექტაკლის სიკვდილი. მან უნდა იარსებოს, ვიდრე იარსებებს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი.

ძალიან მადლიერი ვარ ლევან წულაძისა... როგორც კი შევთავაზე, აღვადგინოთ-მეთქი, უმალ დამთანხმდა. მთავარი იყო, გმირები მომეძებნა. როცა მივხვდი, ესენი უნდა ყოფილიყვნენ ნატო მურვანიძე და ნიკა თავაძე, დავწყნარდი.

როგორ მიიღეს ეს წინადადება?

- ძალიან გაუხარდათ. თანაც უფალი დამეხმარა: სწორედ მაშინ ნატოს შესთავაზეს პოლონეთში თამაში. ორი თვით უნდა წასულიყო. მივეცი ივდითის როლი და ვუთხარი, წახვალ იმ პირობით, თუ იქ ისწავლი. რომ ჩამოხვალ, ორ კვირაში სცენაზე შეგიშვებ-მეთქი. საშინლად განიცადა. წავიდა. საბედნიეროდ, არ შედგა პოლონეთში სპექტაკლი. ნატო ერთ კვირაში დაბრუნდა. ყველაფერი კარგად აეწყო. ნიკუშამ გამაოცა - დაავადდა ურიელით. ინტერნეტში მოიძია, ვინ როდის ითამაშა ეს როლი. ვფიქრობდი, რა ბედნიერებაა, რომ არიან ასეთი ახალგაზრდები-მეთქი. გამოვიდა ის, რაც უნდა გამოსულიყო.

სპექტაკლში ის მსახიობებიც თამაშობენ, რომლებსაც დედაჩემის ან ჩემს აღდგენილ წარმოდგენებში აქვთ მონაწილეობა მიღებული: მარლენ ეგუტია, ჯემალ მონიავა, დიმა ტატიშვილი, გივი ჩუგუაშვილი, ვაჟა კვიტაიშვილი... კოტე თოლორაია ერთ-ერთ რაბინს თამაშობდა ყველა სპექტაკლში, არ შემეძლო, ახლაც არ მომეწვია... დიდი მუდარით გამოვიყვანე შინიდან ამხელა ტრაგედიის - თაზოს გარდაცვალების შემდეგ.

ახალგაზრდები მოდიოდნენ, უყურებდნენ, გაიზეპირეს. აი, რა არის ნამდვილი ხელოვნება, ახალგაზრდები გრძნობენ ამას.

მარჯანიშვილის თეატრში რა შეიცვალა ახალი ხელმძღვანელობის ხელში?

- ერთი პერიოდი მართლაც უმძიმესი მდგომარეობა იყო თეატრში... “საპოვნელას” ვთამაშობდი. რომ მოვდიოდი, ჩამკვდარი იყო ყველაფერი... მარჯანიშვილმა 1914 წელს მხატვარ სომოვს შეუკვეთა თავისუფალი თეატრის ფარდა. ეს იყო მოსკოვში. თეატრი დაიშალა. მარჯანიშვილმა საქართველოში განაგრძო მუშაობა. 1933 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოითხოვეს ქართველებმა ის ფარდა. საოცარია, მაგრამ გამოგზავნეს რუსებმა. ბავშვობიდან მახსოვს, იგი სულ ფოიეში ეკიდა. მერე თეატრისა და კინოს მუზეუმში შეინახეს... გამოვიტანეთ, გავშალეთ და დავკიდეთ. თითქოს ამ სცენისთვისაა შექმნილი, შესანიშნავად შეერწყა სპექტაკლს! ვფიქრობ, ეს ფარდა აუცილებლად უნდა იყოს თეატრში.

ვიცი, რომ ბატონმა ჭოლამ როლზე მიგიწვიათ...

- დიახ, ჭოლამ აკა მორჩილაძის პიესაში, “ჩემი მშვენიერი ლედი” შემომთავაზა ერთ-ერთი როლი.