ეროვნული მოძრაობის ფესვებთან დაბრუნება

ეროვნული მოძრაობის ფესვებთან დაბრუნება

არჩევნებამდელ პერიოდში ამომრჩეველში სიმპათიის აღმძვრელი და ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლავი შეთავაზებაა ეროვნული მოძრაობის ფესვებთან დაბრუნება. თითქმის ყველა პარტია ცდილობს, ხაზი გაუსვას საკუთარ თვითმყოფადობას, ეროვნულობისთვის ზრუნვას, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ პრინციპის ერთგულებას.

ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს დღემდე აქვს ნოსტალგია ეროვნული მოძრაობის პერიოდის მიმართ, როცა დისიდენტური მოძრაობა ძლიერი იყო, მთელი ერი იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, განწყობა ყველას ერთნაირი გვქონდა და გვყავდა თავგანწირული ეროვნული ლიდერები, რომლებსაც, დღევანდელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მერკანტილური ინტერესები ან ვინმეს მარიონეტობა არ ახასიათებდათ. იმ პერიოდში ადამიანის სახელი მაინც ფასობდა და მაშინდელი პოლიტიკოსები ცდილობდნენ, საკუთარი თავისთვის ღირსება არ შეელახათ.

დღეს რა პერსპექტივა აქვს ეროვნული თემების წინ წამოწევას? კახა კუკავა მიიჩნევს, რომ 30-წლიანი წყვეტის შემდეგ ეროვნული მოძრაობის მსგავსი უნდა დაბრუნდეს ჩვენს პოლიტიკაში, რისი პრეტენზიაც თავად გააჩნია, რადგან სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მისი პარტია არ არის „დაშლილისგან აწყობილი“, ანუ ერთი პარტიის დაშლის შემდეგ მეორეში გადანაცვლებული.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული მოძრაობის იმ სახით დაბრუნება, რა სახითაც ჩვენ ის გვახსოვს 90-იან წლებში, წარმოუდგენელია. იმ პერიოდში სხვა მისია ჰქონდა ეროვნულ მოძრაობას, ამიტომაც ერქვა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, იმ დროს ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. დღეს კი დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ვართ, ეროვნული მოძრაობის მისია შესრულებულია. ამდენად, დღევანდელი ეროვნული მოძრაობა იქნება პარტიების განვითარება, უკეთესი მომავლის შენება, უფრო მძლავრი სახელმწიფოს შექმნა, საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

„თუ ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში გულისხმობენ ეროვნულ ინტერესებზე, ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებულ პარტიებს, ამის გაკეთება შესაძლებელია. უფრო მეტიც, საქართველოში, რომელიც იმთავითვე  ტრადიციული ღირებულებების მქონეა, არ შეიძლება არაეროვნული  პარტიების, ლიბერასტების არსებობა. ეროვნულ მოძრაობაში თუ იგულისხმებიან ამ მოძრაობის ვეტერანები, ანუ ის ხალხი, რომელთა ჯგუფსაც მეც ვაკუთვნებ თავს, ჩვენ შეიძლება ვიყოთ როგორც გულშემატკივრები, როგორც ერთგვარი კლუბი ან საზოგადოებრივი მოძრაობა, მაგრამ პოლიტიკური ინტერესები ჩვენ არ გვაქვს. ზოგიერთი ჩვენგანი კი მონაწილეობს პოლიტიკაში, ზოგსაც თავისი პარტია აქვს, მაგალითად, არის ძველი, ტრადიციული, ეროვნული მოძრაობის დროინდელი პარტიები - „ტრადიციონალისტთა კავშირი“, „სახალხო პარტია“, იმედი მაქვს, მათ ამ სიტუაციაში შანსი ექნებათ, თითო-ოროლა კაცი გაიყვანონ პარლამენტში. მით უმეტეს, ჩვენს ხალხში არის ეროვნული მოძრაობის დროინდელი ნოსტალგია, იმ პერიოდში ასეთი სიბინძურე არ ხდებოდა“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for. Ge-სთან საუბარში.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ეროვნულ მოძრაობას უკვე აზრი დაეკარგა. თავის დროზე ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა თავისი დანიშნულება, მიზანი, არსი, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოში 30 წლის შემდეგ რომელ ეროვნულ მოძრაობაზეა საუბარი და ვის ვებრძვით?!

„კი ბატონო, თუ ვებრძვით რუს ოკუპანტს, ეს ეროვნული მოძრაობის გარეშეც შეიძლება გავაკეთოთ. ეროვნული მოძრაობა ხშირად იყო დისიდენტური ტიპის გაერთიანება, რომელიც ებრძოდა იმდროინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას, კომუნისტურ ძალას. როგორც კი ზვიად გამსახურდია და მისი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ეროვნულ მოძრაობაზე საუბარი დასრულდა. ეროვნულმა მოძრაობამ თავისი როლი ითამაშა ქართულ უახლეს ისტორიაში, საკმაოდ დადებითი, პოზიტიური, შეიძლება ზოგჯერ არაპოზიტიური როლიც, მაგრამ, ელემენტარულად, ეს არის ისტორიის ნაწილი. ისტორიის ხელახალი რეანიმაცია არ არის სწორი. ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველო თუ კიდევ გახდა ოკუპაციის მსხვერპლი და საქართველოს მთავრობას მოუწია ქვეყნის გარეთ გაქცევა, ასეთ დროს ეროვნული მოძრაობის მეორე ტალღა შეიძლება დაიწყოს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას.

ამასთან, განმარტავს, რომ თითოეულ პოლიტიკურ პარტიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დაფიქსირებული აქვს ანალოგიური ტიპის ლოზუნგები, მათ შორის, „ნაცმოძრაობასაც“ რომ ვკითხოთ, გვეტყვის, ჩვენთვის მთავარია ქართული სულის აღორძინება. ვახტანგ მაისაიას აზრით, ამას გაიმეორებს ყველა, მათ შორის, მარგინალური „რესპუბლიკური პარტიაც“. ამიტომ ეს ზოგადი მორგებული კლიშეა, რომელიც ქართული ნარატივიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა. ეს საერთო ლოზუნგია, მაგრამ ვინ როგორ ახორციელებს ამ ლოზუნგს, ეს სხვა საკითხია.