მიხეილ სააკაშვილის ინიციატივების ანალიზი გვაჩვენებს, რომ რეფორმების სახელს ამოფარებული ისეთ სფეროებს მიადგა, სადაც სწრაფად შეიძლება დიდი ფულის მიღება დაინტერესებული ფინანსური თუ ლობისტური ჯგუფებისგან. პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილი თურქული სასუქების, დაბრკოლებების გარეშე, უკრაინაში შეტანას ლობირებს ადგილობრივი წარმოების შევიწროვების ხარჯზე და ამ გზით თუქრული სასუქის იმპორტით ხელის მოთბობას ცდილობს.
for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად ვინმე ბოკოვი აიყვანა. მედიაში კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. გაბუნიას მიმართ საფრთხე ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და ისიც თქვა, რომ მან ეს წინასწარ იცოდა. ამავე დროს გამოქვეყნდა სააკაშვილსა და ადეიშვილს შორის ფარული ჩანაწერი ამ თემაზე. როგორ ფიქრობთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე – ეს იყო, როგორც გვარამია ამბობს, რამზან კადიროვის მიერ დაქირავებული ქილერი, თუ ისევ სააკაშვილი–გვარამია–ადეიშვილის გეგმის ნაწილი?
ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობაში სერიოზულ ხათაბალას გადაარჩინა თავად გაბუნიაც და მთელი ქვეყანა. გამოძიება მიმდინარეობს და ის იტყვის თავის სიტყვას, ჩვენ კი ვერსიებზე შეგვიძლია საუბარი. ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება საქართველოს მოსახლეობის 90%-თვის მიუღებელია და ეს თავადაც იციან. ამიტომ ხელისუფლების მისატაცებლად მათ ერთადერთი გზა - სახელმწიფო გადატრიალება რჩებათ. სახელმწიფო გადატრიალებისთვის კი საჭიროა ნოყიერი ნიადაგის მომზადება, ანუ ხალხში საჭირო ემოციური მუხტის შეტანა, პოლიტიკური ტემპერატურის დაძაბვა, რასაც საკუთარი საინფორმაციო საშუალებებით გააკეთებენ და ამისთვის კი ემოციური საბაბი სჭირდებათ.
ანუ, სახელმწიფო გადატრიალებისთვის დასჭირდათ გაბუნიას მკვლელობა?
– სახელმწიფო გადატრიალების ტექნოლოგიის ერთ-ერთი ნაწილია - საკრალური მსხვერპლი. მსხვერპლი ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ბავშვი, ფეხმძიმე ქალი უნდა იყოს, რომ მეტი უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს საზოგადოებაში. ჩვენ გვახსოვს, საქართველოში ჟურნალისტ სანაიას, უკრაინაში გიორგი ღონღაძის, სერბეთში პრემიერი ჯინჯიჩის მკვლელობები, რომელიც სწორედ სახელმწიფო გადატრიალებებს უსწრებდა წინ. ამის თაობაზე „უკრაინული ახალი ამბების“ სააგენტოს დირექტორმა რამდენიმე დღის წინ პრეს-კონფერენცია ჩაატარა და მნიშვნელოვანი დეტალები გააჟღერა.
თქვენ გულისხმობთ საინფორმაციო სააგენტო „Новости Украины“-ს დირექოტრის ოლეგ დეინეკოს პრესკონფერენციას, სადაც მან სააკაშვილი მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და უცხოურ აგენტურასთან თანამშრომლობაში დაადნაშაულა. მეტიც, როგორც ამბობს, თავად გიორგი გაბუნიას, როგორც საქართველოს მომავალი პოლიტიკური მოღვაწის გაპიარებაში ძალაუნებურად ჩართეს. ეს ძალები მიზნად ისახავენ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას, ასევე პროვოკაციებსა და არეულობას...
– დიახ. ოლეგ დეინეკო აცხადებს, რომ წლის დასაწყისში მასთან, როგორც საინფორმაციო სააგენტოსთან, მივიდნენ სააკაშვილის წარმომადგენლები და შესთავაზეს გიორგი გაბუნიას გაპიარება უკრაინაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში და მოლდოვაში. შარშან კი გაბუნიამ უცენზურო სიტყვების კორიანტელი დააყენა პუტინის მიმართ პირდაპირ ეთერში. უკრაინელები ამ ყველა ფაქტს ერთ ჯაჭვად აწყობენ და აცხადებენ, რომ გაბუნიას ამზადებდნენ რიტუალურ მსხვერპლად, რასაც უნდა მოჰყოლოდა საპროტესტო გამოსვლები და საქართველოში ხელისუფლების დამხობა.
ამასთან გამოქვეყნდა სააკაშვილის და ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი (ბმული: https://www.youtube.com/watch?v=uErGwiCb1mc), სადაც ისინი განიხილავენ გაბუნიას თემას, სულაც არ ღელავენ მის უსაფრთხოებაზე და აქეთ ლანძღავენ, რადგან რაღაც გეგმები ისე არ წავიდა. ნაცები ლობისტების მეშვეობით ცდილობენ ივანიშვილს მიაკერონ „პუტინის მეგობრის“ იარლიყი, რათა შემდეგ გადატრიალებისთვის საჭირო საკრალური მსხვერპლის ლიკვიდაცია დაბრალდეს არა მხოლოდ პუტინს, არამედ „პუტინის მეგობარ“ ივანიშვილსაც. ამ ვერსიას საქართველოში ცოტა ვინმე თუ დაიჯერებს, მაგრამ მათ ეს ვერსია შექმნეს დასავლეთისთვის და არა ქართული საზოგადოებისთვის. ქართველ ხალხს ისინი ვერ გააცურებენ, რადგან აქ უკვე ყველამ იცის ვინ არიან. დასავლეთის გაცურება კი თეორიულად შეუძლიათ.
გამოდის, რომ უკრაინას სააკაშვილი იყენებს ბაზად საქართველოს წინააღმდეგ გეგმების შესამუშავებლად. ეს ხომ ახდენს ნეგატიურ გავლენას საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე?
– სააკაშვილისთვის უკრაინა პლაცდარმია, სადაც ელოდება ხელსაყრელ მომენტს, რომ ისკუპოს და გადატრიალების გზით კვლავ მიიტაცოს ძალაუფლება საქართველოში. თანაც ლოგისტიკურად უფრო ადვილია მისი აქაური თანამზრახველების უკრაინაში მასთან მიმოსვლა. უკრაინელმა ხალხმა სააკაშვილი 0,4%-ით შეაფასა. ეს ხმების ის რაოდენობაა, რომლიც მან ბოლო არჩევნებში უკრაინაში მიიღო. ცხადია, ის ჩრდილს აყენებს საქართელო-უკრაინის ურთიერთობებს. საქართველოს საკუთარი ელჩის კონსულტაციაზე გამოძახებაც კი მოუწია. ეს დიპლომატიურ ურთიერთობებში პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა.
უკრაინელები კი აცხადებენ, რომ ის არ არის საჯარო მოსამსახურე და არის უკრაინის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი. რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეობას, ვერ ვიხსენებ ვერც ერთი ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც სხვა ქვეყანაში გუბერნატორის სკამის გამო საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობაზე ნებით უარი განაცხადა - ეს არ ჯდება არც ერთი მორალური პრინციპის თუ ზნეობის ჩარჩოში. სააკაშვილის ქცევა უდავოდ აყენებს ჩრდილს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს და უკრაინას შორის ტრადიცულად კარგი მეგობრული ურთიერთობებია და ამას დიდი ხნის ტრადიცია აქვს. რაც უნდა ეცადოს სააკაშვილი, ამ რეალობას ვერ შეცვლის. უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობას ალტერნატივა არ აქვს და ის მტკიცეა. ამის დასტურია ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის, რომელსაც უფრო მეტი პოტენციალი აქვს. უკრაინელებს უყვართ საქართველო და ჩვენც გვიყვარს უკრაინა. ჩვენ გვაერთიანებს საერთო პრობლემები და საერთო გამოწვევები. საერთაშორისო ურთიერთობებში ორი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორად გამოდის.
სააკაშვილი რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯომარედ დანიშნა ზელენსკიმ. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, რა რეფორმების შეთავაზებას აპირებს ის პრეზიდენტ ზელენსკისთვის?
– რა საკითხებსაც შეეხო, ჯერჯერობით, ყველა ისეთი სფეროა, სადაც დიდი ფული ტრიალებს. მისი ინიციატივების ანალიზი გვაჩვენებს, რომ რეფორმების სახელს ამოფარებული ისეთ სფეროებს მიადგა, სადაც სწრაფად შეიძლება დიდი ფულის მიღება დაინტერესებული ფინანსური თუ ლობისტური ჯგუფებისგან. მაგალითად, ლობირებს თურქული სასუქების დაბრკოლებების გარეშე შეტანას უკრაინაში ადგილობრივი წარმოების შევიწროვების ხარჯზე. სასუქების წარმოება უკრაინას თავისი აქვს. დაახლოებით 3000 საწარმო ამზადებს სასუქს, აქედან 12 გიგანტური, სადაც 113,000 ადამიანია დასაქმებული. მას სურს, რომ ადგილობრივი წარმოება შეავიწროვოს და თუქრული სასუქის იმპორტისგან კი ხელი მოითბოს. როგორც ეს საქართველოში გააკეთა - მოკლა ადგილობრივი წარმოება და იმპორტს თავად და მისი ხალხი მოაჯდა.
მსგავსი მიდგომის შედეგად ხალხი კარგავს სამუშაო ადგილებს, ბიუჯეტი კი შემოსავლებს. ეს კლასიკური პარაზიტული სქემაა, რომელიც მან უცხოელების და იმპორტიორების სასარგებლოდ საქართველოში დანერგა თავისუფალი ვაჭრობის და რეფორმების სახელით. ასევე გამოვიდა უკრაინაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაციის მოთხოვნით - ეს კიდევ ერთი გზაა უკრაინელი ხალხის გაუბედურების და კიდევ უფრო გაღარიბების. მან ეს სქემა საქართველოში აამუშავა და ამ ყველაფერს უკიდურესად ნეგატიური ეფექტი აქვს საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე, ხალხის ფსიქიკაზე.
საქართველოში ბანკების მიერ ხალხისთვის ჩამორთმეული 300,000 უძრავი ქონებიდან მესამედი აზარტული თამაშების გამო დაკარგული ქონებაა და ეს სააკაშვილის დაწყებული საქმეა.
სააკაშვილი უკრაინაში ლობირებს აზარტული თამაშების ორ რუსულ ჯგუფს: „1XБЕТ“ და „PARI MATCH“-ს. საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 15 მილიარდი ლარია, უკრაინაში შესაბამისად 10-ჯერ მეტი იქნება. რთული წარმოსადგენი არ არის, რამდენს გადაუხდიან აზარტული თამაშების ლეგალიზებით დაინტერესებული ბიზნეს ჯგუფები.
მან ზელენსკის შესთავაზა საპროცესო გარიგებების სქემაც, თუმცა ჯერჯერობით ზელენსკი მხოლოდ ისმენს სააკაშვილის შეთავაზებებს, ამ სტადიას ვერ გასცდა ექს–პრეზიდენტი...
– ეს ის სქემაა, რითაც გაძარცვა ქართველი ხალხი. მისი მმართველობის დროს 300,000-ზე მეტი ადამიანი იყო რეპრესირებული და 800,000 სისხლის სამართლის საქმიდან 99,99% გამამტყუნებელი განაჩენით - საპროცესო გარიგებით ანუ ფულის გადახდით დასრულდა. ეს ფული კი ბიუჯეტში არ მიდიოდა, რაღაც ფონდებში და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ოფშორულ ანგარიშებზე ხვდებოდა. ასეთი ხალხის ძარცვის მოდელი უნდა გაიტანოს უკრაინაშიც. ცხადია, ამაზეც გვარიანად ხელის მოთბობას აპირებს. ასევე უნდა საბაჟოს რეფორმირებას ჩაუდგეს სათავეში. ვხედავთ, რომ პირველი ინიციატივები მხოლოდ იმ სფეროებშია, სადაც დიდი ფული ტრიალებს და სწრაფი ფულის გაკეთების საშუალება ექნება, რადგან გრძნობს, რომ მას იქ დიდხანს არავინ გააჩერებს. პოზიტიური წინადადებებიც შესთავაზა: მოგების გადასახადის „ესტონური მოდელი“ და, თუ არ ვცდები, რამდენიმე სახელმწიფო რეგულაციის გამარტივება, მათ შორის ურბანული არქიტექტურული სამსახურის რეფორმა.
გამოდის, საქართველოს მსგავსად, უკრაინაშიც ცდილობს ფულის შოვნას იმ სქემით, რასაც ავტომატურად მოჰყვება ადამიანის უფლებების დარღვევა, დაკავებების სერია და ამ გზით ფულის ამოღება...
– ცხადია. აქაც იგივეს აკეთებდა, როცა შეეძლო. საქართველოში სააკაშვილის მედიაიმპერიას შენახვა ხომ უნდა?! ამაში 150 მილიონ ლარს ხარჯავს ყოველწლიურად. პარტიის სტურქტურებში ვინ გაუჩერდება ხელფასი რომ არ უხადოს?! - ეს კიდევ 10 მილიონია წელიწადში. ლობისტებთან მუშაობას, უცხოელები ჟურნალისტების, ექსპერტების, პოლიტიკოსების მოსყიდვასაც ხომ ფული უნდა - ეგ კიდევ 20-30 მილიონი წელიწადში. საერთო ჯამში, მინიმუმ, 200 მილიონი ლარი უჯდება წელიწადში ეს ყველაფერი და შედეგი არ აქვს. ამიტომ არის გაგიჟებული.
ქართველი ხალხის ნაძარცვი ფული კი აქვს, მაგრამ 8 წლის განმავლობაში ბევრი დახარჯა, ბევრიც „მოუტეხეს“. ოდესის გუბერნატორობის დროს, უკრაინელებისგან რაც ვიცი, ბევრი ვერ იშოვა - არ მისცეს საშუალება - დაახლოებით 50 მილიონი ლარი იშოვა. იქ მაშინ საბაჟოზე მის გემოზე არ ამუშავეს და მთლად ვერ გაილაღა, თუმცა ოდესელ ბიზნესმენებს ორჯერ ააწაპნა ფული, თითო ჯერზე - 15 მილიონი ლარი. მესამე ცდაზე აღარ მისცეს, რადგან ნახეს, რომ ამ ფულით ჯიპებს ყიდულობდა, ჩარტერული რეისებით მეგობრებს ამგზავრებდა და ოდესის სასტუმრო „ბრისტოლში“ ყოველ „უიკენდზე“ ზღაპრულ ნადიმებს მართავდა საკუთარი გუნდისთვის.
არადა, ეს ფული უკრაინული არმიის დასახმარებლად და ოდესის განვითარებისთვის გროვდებოდა. ახლა სახელმწიფო გადატრიალებისთვის აგროვებს ფულს. რუსთაველზე 5000-კაციანი აქტივი რომ შეინახო, დღეში, მინიმუმ, 500,000 ლარია საჭირო - უფასოდ არავინ დგება, აქციები კი 2-3 თვე ხომ უნდა გაგრძელდეს! ამას სხვა უამრავი ხარჯი ემატება. მაგალითად: უფასოდ ერთკაციანი პარტიებიც არ მუშაობენ აქციებზე და მედიაში. ხუთკაციანი პარტია კიდევ უფრო მეტი ღირს. ჟურნალისტები - აქციები მათთვის ჯეკპოტია - აქციების გაშუქებისას რასაც უხდიან, იმას ერთ წელიწადში ვერ იღებენ მშვიდ ვითარებაში. ყველას არ ვგულისხმობ, ცხადია. აი, ამ ფულს აგროვებს ახლა გამალებული უკრაინაში.
ვინ ლობირებდა მის ბოლო დანიშვნას უკრაინაში?
- უკრაინაში მარტივად არის გასაანალიზებელი რომელ ფიგურას ვინ ლობირებს. უნდა ნახოთ, ვისი ტელეარხები უფრო ხშირად აჩენენ. იქ მთელი მედია ოლიგარქებს ეკუთვნის. სააკაშვილს ბოლო პერიოდში კოლომოისკის და ახმეტოვის არხები აჩენენ ხშირად. ვინც მათ ინტერესებს არ ემსახურება, წარმოუდგენლად რთულია ამ არხებზე გამოჩენა. დასკვნაც აქედან უნდა გამოვიტანოთ. სააკაშვილი ოლიგარქების მსახურად იქცა.