„წარმოდგენა არ მაქვს" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების შეკითხვას, იქნება თუ არა იგი „ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი.
როგორც გახარია ამბობს, „ქართულ ოცნებას" სიის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია და მისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სხვა სახკითხებია.
„წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ახლა ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომელიც დღეს დაიწყო და კიდევ ბევრი რამ", - ამბობს გახარია.
პრემიერი ასევე შეეხო გიორგი შაქარაშვილის საქმესაც და განაცხადა, რომ სამწუხაროა, როდესაც მსგავს ტრაგედიებს ჩვენს ქვეყანაში კვლავ პოლიტიკური პიარისთვის იყენებენ. გახარია ასევე, ამბობს, რომ მაქსიმალურად შეეცდება ამ საქმის გარშემო არ დარჩეს პასუხგაუცემელი შეკითხვები.
„სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. ეს თემა დავხურეთ. ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზე სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი", - განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა ასევე ისაუბრა „მთავარი არხის" საქმეზე. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გამოიძება დაიწყო „მთავარი არხის" სიუჟეტზე, რომელშიც საუბარი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავისის სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით. სუს-მა სასამართლოს მიმართა სარჩელით, რათა „მთავარ არხს" დაუმონტაჟებელი მასალა წარედგინა, ეს სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა.
პრემიერის თქმით, „მთავარი არხი" არავის მისცემს საკუთარ სარედაქტიო პოლიტიკაში ჩარევის უფლებას.
„დარწმუნებული ვარ, რომ რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, „მთავარი" არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს", - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ, ასევე ისაუბრა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კონსენსუსი იქნებოდა ქვეყნის საერთო გამარჯვება.
„პროპორციული საარჩევნო სისტემა განსაკუთრებით საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში არის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოთამაშეების საყოველთაო კონსენსუსი იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება. აქ ხომ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა. რეალურად, ჩვენ რასაც მივაღწიეთ ეს არის ქვეყნის გამარჯვება", - ამბობს გახარია.
მან ასევე ქვეყნის ეპიდემილოგოიურ მდგომარეობაზეც გააკეთა განცხადება. გახარიას თქმით, საქართველოს მიერ განხორცილებული ვირუსის პრევენციის გზები ევროკავშირის მიერაა აღიარებული. ქვეყანამ „კოვიდ-19-ს" სათანადოდ გაუწია წინააღმდეგობა.