"სააკაშვილის გუნდიდან ყველაზე ჭკვიანურად გიგა ბოკერია იქცევა".

"იმ ტიპის შეფასებაც შეიძლება გაკეთდეს, რომ პრეზიდენტი შეგნებულად ამძიმებს სიტუაციას იმისთვის, რომ მაქსიმალურად მიიპყროს დასავლეთის ყურადღება და შეუქმნას ქვეყანას კრიტიკული სიტუაციის ფონი. თუმცა მე არა მგონია, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს საქმე, რადგან ამის რესურსი "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს. გუშინ ვინც მიიყვანეს პოლიციის სამმართველოსთან, ეს ადამიანები, მე მათ სახეებზე ვცნობ, ეს იყო ძირითადად გლდანი-ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლები და ასეთი ხალხი. ესენი არ არიან მათი იდეოლოგიური მხარდამჭერები, ესენი არიან მათ მიერ კონტროლირებად უწყებაში მომუშავე ადამიანების ერთი ნაწილი", - აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილის გუნდიდან ყველაზე ჭკვიანურად გიგა ბოკერია იქცევა".

"რესურსის დეფიციტის პირობებში ისინი ვერ შეძლებენ სამოქალაქო დაპირისპირების ფონის შექმნას, მაგრამ დასავლეთის ყურადღების მიპყრობას ნამდვილად შეძლებენ და ამას ახერხებენ კიდევაც. ის, რომ დანარჩენმა ცივილიზებულმა მსოფლიომ ეჭვი შეიტანოს მიმდინარე პროცესების დემოკრატიულობაში, ამას მოახერხებენ ნამდვილად. მათ იგრძნეს ასევე, რომ ერთი მხრივ ნელ-ნელა უზღუდავს მანევრის სივრცეს დღევანდელი ხელისუფლება და მეორე მხრივ, მათ იგრძნეს უკმაყოფილება საზოგადოების ერთ ნაწილში იმით, რომ არ არის ფორსირებული პირობების შესრულება გამარჯვებული პარტიის მხრიდან, ანუ სწრაფად არ ხდება. თუმცა ისეთი ოდიოზური ფიგურები უდგას ამ მოძრაობას სათავეში, რომ მათი მეშვეობით ნამდვილად ვერ შეძლებს "ნაციონალური მოძრაობა" ძალების მობილიზებას და ამ ფრაგმენტული უკმაყოფილების გამოყენებას და თავის გადარჩენას. იმიტომ, რომ ძალიან შეზღუდული აქვთ მანევრის საშუალება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"ყველაზე ჭკვიანურად ამ სიტუაციაში, როგორც ჩანს, მაინც გიგა ბოკერია იქცევა, რომელიც ცდილობს რომ ახალი სახეები გამოაჩინოს, მოაწყოს რეორგანიზაცია იმ ძალისა, რომელიც მის გარშემოა შემოკრებილი და რაღაცა ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბოს, რომელიც ასეთი ტიპის ოდიოზური ფიგურებით არ იქნება დაკომპლექტებული, გუშინ რომ პოლიციის სამმართველოსთან იყვნენ წარმოდგენილები. მართალია მისი უფლებები გაიზარდა, მაგრამ არა მგონია, რომ გიგა ბოკერიამ ახლა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი უფლებები. ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ მას არ სჭირდება ახლა საზოგადოებრივი აგრესია თავის წინააღმდეგ. ამიტომ მაქსიმალურად შეეცდება, რომ იყოს ჩუმად და არ გაამწვავოს სიტუაცია, ვიდრე არ იგრძნობს ძალას", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ეს გამწვავება მოსალოდნელი იყო. აბსოლუტურად ნათელი იყო ჩემთვის, რომ იმ შემთხვევაში თუ სამართლიანობის აღდგენის კუთხით აქტიურობას დაიწყებდა "ქართული ოცნება", ისინი არ გაჩერდებოდნენ და კონტრღონისძიებებით უპასუხებდნენ. კოჰაბიტაცია ვერ შედგებოდა, იმდენად დაპირისპირებული ძალებია და იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ვერც კოჰაბიტაცია და ვერც სხვა ასეთი ტიპის ტერმინების თუ ქმედებების გაპიარება შედეგს ვერ მოუტანს. ძალიან ბევრი დანაშაული აქვთ საშუალო სიმძიმის, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია შეურაცხყოფილი და დაჩაგრული. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დღეს ნანობენ, რომ თავისი ქვედა რგოლის წარმომადგენლები მიუშვეს ისე, რომ საზოგადოების ამხელა მასის განაწყენება მოახერხეს", - ამბობს მამუკა არეშიძე.

"რაც დღეები გადის, მათი დანაშაულებებით ტომები იზრდება. აქედან გამომდინარე მერე ძალიან რთული იქნება იგივე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ახსნა სააკაშვილის გუნდის მხრიდან, რომ მათ ეს დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამიტომ საჭიროდ თვლიან, რომ ინიციატივა ხელიდან არ გაუშვან და მაქსიმალურად ცდილობენ იქით შეედავეს პრინციპით იმოქმედონ. რომ გაისუსონ და გაჩუმდნენ, მაშინ ბევრად უფრო მასშტაბური იქნება ხელისუფლების მიერ მათ წინააღმდეგ წამოწყებული ოპერაცია. მაგრამ საზოგადოების ცნობიერებაში ჯერ კიდევ ძალიან ახალია ის მოგონება, რომელიც დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მათ ქმედებასთან. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ამ ტიპის გამოსვლები ხალხში გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევს", - დასძენს რესპონდენტი.