გიგა ბოკერია - „ოპოზიცია საკუთარ ჩადებულ ნაღმზევე ფეთქდება“

გიგა ბოკერია - „ოპოზიცია საკუთარ ჩადებულ ნაღმზევე ფეთქდება“

გასულმა კვირამ პოლიტიკური შეფასებებისთვის არცთუ მწირი თემები დატოვა, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად ობიექტური და მართებული იყო ისინი. ოპოზიცია და სახელისუფლებო გუნდი თავ-თავიანთი პოზიციიდან ზომავენ ყველაფერს და ამიტომაც კეთდება ერთსა და იმავე საკითხზე ლამის ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები. თუმც გასულ კვირას იყო ერთი ისეთი ფაქტი, რომლის შეფასებაშიც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთსულოვანნი იყვნენ. ეს ფაქტი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის საქართველოს პარლამენტში გამოსვლა იყო.

ამ თემით დავიწყეთ საუბარი უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასთან:

- საქართველოს პარლამენტში დიმიტრი სანაკოევის გამოსვლა უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო უახლოეს ისტორიაში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, როდესაც არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა. დღეს გვაქვს, ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებისა და მთელი პოლიტიკური სპექტრის ნება, რომ კონფლიქტი პოლიტიკური გზით გადაწყდეს. მეორე მხრივ კი გამოჩნდნენ პოლიტიკური ლიდერები, ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან რეალური კომპრომისებისთვის. ამის დასტური იყო სანაკოევის, ჩემი აზრით, გულწრფელი სიტყვა, რომელშიც არ დაუმალავს თავისი წარსული და, პირიქით, ხაზი გაუსვა, ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვიდექით ამ სისხლიანი ტრაგედიის დროსო.

კოკოითის გაღიზიანება ბუნებრივია - სეპარატისტები რეალურ საფრთხეს ხედავენ. დე ფაქტო ხელისუფლებასა და მათ მოსკოველ მმართველებს ისევ აქვთ სარისკო წინააღმდეგობის გაწევის ინსტინქტი, მაგრამ მათ ქმედებებს უფრო აგონიურს ვუწოდებ - ისინი განწირულები არიან. რა თქმა უნდა, არის საფრთხე, რომ აგონიაში მყოფებმა დიდი სისულელე ჩაიდინონ, მაგრამ ეს მათ ძვირი დაუჯდებათ. ქართული სოფლების მოსახლეობის დასაცავად, რომელსაც საბედნიეროდ, დე ფაქტო ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. აქვე გვმართებს იმის გათვალისწინება, რომ არანაირ პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ - ეს ძალზე ფაქიზი ბრძოლაა. ბატონი კოკოითი და მისი მფარველები ძალზე ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ცეცხლს ეთამაშებიან. კონფლიქტის გამწვავება და მის შეიარაღებულ ფაზაში გადაყვანა არავის სჭირდება, მაგრამ თუ დასაშვებ ზღვარს გადააბიჯებენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ცხადია, ვუპასუხებთ, რაც გარკვეული ტიპის ძალისმიერ მოქმედებებსაც გულისხმობს.

გასული კვირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტად ქართველი ოპოზიციონერების ავსტრიული ინციდენტი იქცა, რომელიც სხვადასხვანაირად შეფასდა. საინტერესოა უმრავლესობის ლიდერის პოზიცია.

- აბსურდია იმის თქმა, რომ რომელიმე ქართველი თანამდებობის პირი ან პოლიტიკური ფიგურა აკონტროლებს უცხოეთში ჩატარებულ რომელიმე სპეცოპერაციას. რა შეთქმულებაზეა ლაპარაკი? იქ, სადაც ასლან აბაშიძის შვილი იყო ნათლია და მასპინძელი კი ორგანიზებულ დანაშაულსა და კრიმინალში ეჭვმიტანილი, ძებნილი ლევან პირველი, ეჭვის საფუძველს მართლაც იძლევა. ბუნებრივი არ არის, რომ ავსტრიელ სამართალდამცველებსაც გასჩენოდათ ეჭვი?

რა იყო წარმოუდგენელი იმაში, რომ აბაშიძე იქ გამოჩენილიყო? თუმც ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეჭვების გამო სხვებს შეუვარდე სასტუმროს ოთახში. ეს მძიმე შეცდომა იყო და ქართველ დეპუტატებს ნამდვილად ეკუთვნით ბოდიში და შესაძლოა, სხვა რამეც. ყველას აქვს უფლება, ახლობელსა და ნათესავს ეწვიოს, მაგრამ როდესაც ლევან პირველისთანა კაცთან გაქვს ურთიერთობა, ბუნებრივია, იზრდება რისკი, ასეთ გაუგებრობაში მოჰყვე. თუმც აქვე ვამბობ, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილის ძებნაში არც დეპუტატისა და არც რიგითი მოქალაქის უფლებები არ უნდა შეილახოს.

მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში დაიწუნეს და უმრავლესობისგან უხერხული კითხვებიც გაისმა, რომან გოცირიძე შიდაპარტიული დაპირისპირების მსხვერპლად გამოცხადდა. სხვათა შორის, ინსინუაციები თავად გოცირიძის ნათქვამმაც გააჩინა, დასმული კითხვების ქვეტექსტები კარგად მესმისო.

- რატომ ვეძებთ მუდმივად შეთქმულებას? რაც პარლამენტში მოხდა, ძალზე დემოკრატიული და ბუნებრივი პროცესია. კითხვებს ყველა მინისტრს უსვამენ და ზოგჯერ ეს მართლაც მთავრდება მინისტრის წასვლით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გააკრიტიკეს, ასეა, აბა როგორ უნდა იყოს, არ უნდა ჰკითხონ არაფერი? თუ ბატონი რომანი ამ კითხვებს მიღმა შეთქმულებას ეძებს, ეს მისი მძიმე შეცდომაა.

ცოტა ხნის წინ თემურ ჩხეიძე და რობერტ სტურუა რუსეთის წამყვან თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელებად მიიწვიეს. უკვე ითქვა, თუ მიწვევას მიიღებენ, მათ საქართველოს მტრებად გამოცხადება ელითო.

- რუსეთისგან იმით განვსხვავდებით, რომ ვისაც სად უნდა, იქ შეუძლია წასვლა. ეს მთავრობისა და პოლიტიკოსების საქმე არ არის. თუმც ყოფილა შემთხვევები, რომ ჩვენს ე.წ. ინტელიგენციაში ზოგიერთი ბარიკადის სხვა მხარეს აღმოჩენილა და ამას სავსებით შესაძლებელია შეფასება მოჰყვეს. მიუხედავად ამისა, სპექტაკლის დასადგმელად ვინ სად წავა, რეჟისორების საქმეა. თუ ვინმე დაიწყებს სპეკულირებას, პუტინს უფრო უყვარს ქართველი რეჟისორები, ვიდრე ჩვენს პრეზიდენტსო, ცხადია, ასეთ გამონათქვამებს რეაქცია მოჰყვება.

ოპოზიცია კრიტიკულად შეხვდა კანონპროექტს კერძო საკუთრების დაცვის შესახებ.

- 90-იან წლებში ქონების პრივატიზაცია ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ, კანონის უხეში დარღვევით, ცალკეული კლანის ინტერესების გათვალისწინებითა და საზოგადოების უფლებების უხეში დარღვევით ჩატარდა. ხომ ვიცით, რომ ქუჩები, ტროტუარები და სკვერები იყო ნახევრად ლეგალურად ვითომ გაყიდული. ახალი ხელისუფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს მმართველს შეჰფერის, დაინტერესდა ამ სფეროში არსებული დარღვევებით. დარღვევა იმდენად ბევრი იყო, ხელისუფლება ზოგიერთის ამნისტირებაზეც წავიდა. თუმც ყალბი დოკუმენტის საფუძველზე პრივატიზებული ქონება, ცხადია, გადახედვას დაექვემდებარება. სხვათა შორის, იყო შემთხვევა, როდესაც პირმა, რომელსაც 1,5 ჰა მიწა ჰქონდა, «მძიმე» ამოშალა და კუთვნილი მიწის ფართობი 15 ჰა-მდე გაზარდა. იმ დარღვევებზე, რომლებიც უკვე აღმოჩენილია, თვალს არავინ დახუჭავს - ბოლომდე მივიყვანთ საქმეს. კანონის მიღების შემდეგ შესაბამისი ორგანოები გამოაქვეყნებენ იმ საქმეების სიას, რომელთა ძიება მიმდინარეობს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოიწუროს ეს საკითხი.

ოპოზიციის ბრალდებებს მხოლოდ ერთი საფუძველი აქვს - მათ შეეშინდათ, არავინ გვითხრას, მთავრობას შეეკარითო და პასუხისმგებლობა არ აიღეს საკუთარ თავზე. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ზოგიერთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს კერძო ინტერესი ჰქონდეს რაიმე ქონების შესახებ მიმდინარე დავაში და ამიტომ აკეთებდეს მწვავე განცხადებებს. ეს მჭახე განცხადებები ძალზე იაფფასიანია და ოპოზიციის სისუსტის ნიშანია. ამაში ბატონ ბენდუქიძეს ვეთანხმები.

ჩემი აზრით, საპარლამენტო ოპოზიცია იმის გამო გაღიზიანდა, რომ სხვა ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც ფიტულებს წვავენ და გაიძახიან, ეს სახადი ხელისუფლების სახით თავიდან უნდა მოვიშოროთო, საპროტესტო ელექტორატს წაართმევენ. ჩვენი ოპონენტები ამ პატარა აუზში ეჭიდავებიან ერთმანეთს და მისი დაკარგვის ეშინიათ.

სხვათა შორის, ოპოზიცია ელის, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ პროვოკაციებს დაგეგმავს.

- მათი სიბრიყვე რატომ არის სხვის მიერ მოწყობილი პროვოკაცია? რესპუბლიკელების გაუგონრად სამარცხვინო განცხადება სხვამ მოიგონა? ან «მრეწველებს» ვინ მოუწყო პროვოკაცია? თავისთავად გახმაურდა, რომ ასლან აბაშიძის მეგობართან აქვთ ურთიერთობა. დავით გამყრელიძემ კი, როგორც ჩანს, კარგად იცის, რაც აქვს გაკეთებული და მის გახმაურებას ელოდება. ოპოზიცია საკუთარ ჩადებულ ნაღმზევე ფეთქდება. დავით გამყრელიძე, ეტყობა, ემზადება იმისთვის, რომ მისი მორიგი სირცხვილი წამოტივტივდეს. რას გულისხმობს, ამით უთუოდ დავინტერესდები და პირადადაც ვკითხავ.