"ქართული ოცნება“ მაჟორიტარებს უახლოეს დღეებში დაასახელებს

მმართველი გუნდი მაჟორიტარობის კანდიდატებს ივლისის ბოლომდე დაასახელებს. სიის ფორმირებაზე საუბარი კი უფრო შორეული პერსპექტივაა. არსებული ინფორმაციით, სიაში იქნებიან ახალი სახეებიც, მათ შორის იქნებიან ძველი გამოცდილი კადრებიც. კონსულტაციები მიმდინარეობს მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ისევე როგორც ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის როგორი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია.

ვიდრე მმართველი გუნდი მაჟორიტარ კანდიდატებს დაასახელებს, პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 89 ხმით დაამტკიცა. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა, რათა საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდეს.

კანონპროექტის თანახმად, კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩენო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც აკრძალული ხდება. აკრძალული ხდება კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც.

მცირდება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა. ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს 9-ს ნაცვლად 5 მოადგილე ეყოლება. გარდა ამისა, იცვლება საპარლამენტო თანამდებობის კლასიფიკაციაც. რეგლამენტის პროექტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღარ წარმოადგენს საპარლამენტო თანამდებობას, ისევე როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ვინაიდან საპარლამენტო უმცირესობა უქმდება. საპარლამენტო თანამდებობას აღარ წარმოადგენს ასევე დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეობა. რაც შეეხება ახალ საპარლამენტო თანამდებობებს, ესენია: ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები უკეთეს მენეჯმენტს, მაღალ შედეგს და დაბალ ხარჯებს ემსახურება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისგან რაციონალური რჩევა არ მოუსმენია.

„მთავარი კრიტერიუმი, საიდანაც ამოვედით, იყო უკეთესი საპარლამენტო მენეჯმენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, 9 ვიცე-სპიკერის ნაცვლად იქნება მაქსიმუმ 5 ვიცე-სპიკერი. როდესაც საქართველოს რეგლამენტი იხვეწებოდა, მთავარ კრიტერიუმად ასევე აღებული იყო საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა, აქედან გამომდინარე, ცვლილება ემსახურება უკეთეს მენეჯმენტს, მაღალ შედეგს და დაბალ ხარჯებს. მათ შორის თუკი ფრაქციების რაოდენობა მცირდება, ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს საშუალება პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილმა უნდა აუხსნას საზოგადოებას, როგორ ხდება, რომ რასაც განცხადებებში მხარს უჭერენ, შემდეგ იმ საკითხების განხილვაში არ მონაწილეობენ და მხარს არ უჭერენ. თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პარლამენტის ამუშავებას ითხოვდნენ, ხოლო ახლა თავად არ მონაწილეობენ სხდომებში.

„პანდემია ჯერ არ არის დასრულებული. აქვე მინდა გავიხსენო კონკრეტულად ამ ორი პოლიტიკური პარტიის განცხადებები საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტი გადასული იყო საგანგებო რეჟიმში. მახსოვს, ისინი გვსაყვედურობდნენ ჩვენ და მათი მედიასაშუალებები ამას აკეთებდნენ ძალიან დიდი მონდომებით, რომ პარლამენტი რატომ არ მუშაობს, მოვიწვიოთ სხდომები, ჩავატაროთ განხილვები, რატომ ვკარგავთ დროსო. ამ ფონზე, დღეს მით უფრო ცინიკური და ალბათ ღიმილის მომგვრელიც არის ამ პარტიების ქცევა, როდესაც პარლამენტი ნორმალურ რეჟიმში საქმიანობს, მეტიც, საგანგებო სესია გვაქვს მოწვეული, რომ დროულად დავასრულოთ ეს რეფორმა და რაც დავპირდით საზოგადოებას, ის გავაკეთოთ ბოლომდე, ამ დროს ზუსტად არც განხილვებში მონაწილეობენ, არც ბიუროს სხდომაზე. აგერ ხედავთ, რომ ეს ადამიანები არ ჩანან. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები სათანადო დასკვნებს გამოიტანენ აქედან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი გუნდის კრიტიკა მიუღებელია „შატალოზე“ მყოფი ოპოიციისთვის. სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვაში იმ შემთხვევაში მიიღებდა მონაწილეობას, თუ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნებოდა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო უბნებთან გარკვეულ პერიმეტრზე თავშეყრა აკრძალული იყოს.

„ევროპულმა საქართველომ“ უკვე მრავალჯერ წარმოადგინა კონკრეტული წინადადებები. ის რაც ეხება პერიმეტრს, რომ გარკვეულ პერიმეტრზე საარჩევნო უბნებთან თავშეყრა აკრძალული იყოს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ, რომ ეს არის ხოლმე დესტაბილიზაციის და დაშინების წყარო. გარდა ამისა, იქ არის საკითხები, რომლებიც ეხება პოლიტიკურ რეკლამას, რეკლამის შინაარსის შეზღუდვას და ეს არის ჩვენი მოთხოვნები, რაც არ იქნა გათვალისწინებული. არ ვაპირებთ, რომ შირმის როლი ვითამაშოთ „ქართული ოცნებისთვის“, რომელსაც იმის წარმოჩენა უნდა, რომ ეუთო-ს რეკომენდაციები გაითვალისწინა მაშინ, როდესაც კარგად ვიცით ყველამ, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ძალადობაც გამოიყენოს, მოსყიდვაც და ბევრი სხვა რამეც დაარღვიოს“, - განაცხადა სერგი კაპანძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამია შესრულებული, შვიდი კი - ნახევრად შესრულებულია. მისი თქმით, კანონი პირდაპირ მორგებულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ინტერესებზე. დაფინანსებაც კი ისე არის გაკეთებული, რომ არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი არჩევნები.

„დაფინანსება მიბმულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებთან, თითქოს და ქვეყანაში სხვა არჩევნები არ იყო. თითქოს და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები მეორე ხარისხოვანი ყოფილიყოს. გაფუჭებულია მრავალი მიმართულებით, მათ შორის მაუწყებლობებთან დაკავშირებით. რეკლამა იქნება, თუ მრავალი სხვა მიმართულება, ფაქტობრივად ცენზურა შემოდის. აკონტროლებენ ეგზიტპოლებსა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. გაუმჯობესების ნაცვლად, საარჩევნო კოდექსს აუარესებენ.

რაც შეეხება საარჩევნო უბნებზე ე.წ. 25 - მეტრიანი რადიუს, ეს არის ერთი მხრივ, კრიმინალების და მეორე მხრივ, კოორდინატორების ბირჟა, რომლებიც ამომრჩეველს აშინებენ“, - აცხადებს რომან გოცირიძე.