მედიკამენტების რეგისტრაციის ვადების გახანგრძლივების გამო ბიზნესსა და მთავრობას შორის მწვავე დაპირისპირებაა. ბიზნესი ბიუროკრატიულ პრობლემებს და გაძვირების საფრთხეს ხედავს, ხოლო მთავრობა კონტროლის დეფიციტს ჩივის.
ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა წამლებზე ფასების გაზრდას გამოიწვევს. დოკუმენტი მიხედვით ეს ვადა 7-დან 30 დღემდე იზრდება, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ვადის 15 დღემდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები ბიზნეს სექტორს ჰქონდა. ამიტომ კომიტეტის შეთავაზებაა, რომ აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადად 15 დღე განისაზღვროს.
„საუბარი იყო რეგისტრაციის პროცედურულ ვადებზე - საწყისი რეგისტრაციისთვის და ცვლილებების რეგისტრაციისთვის. მთავარი წუხილი, რომელიც გამოითქვა ბიზნესის მხრიდან, იყო ის, რომ ვადები არის ძალიან გახანგრძლივებული და ეს შექმნის ბიუროკრატიულ ბარიერს. რეგულირების სააგენტოსთვის მოტივაცია იყო ის, რომ ეს არის ვადები, რომელიც მას სჭირდება საქმის წარმოებისთვის და ამდენად მათ მოითხოვეს ვადის გახანგრძლივება 7 დღიდან 30 დღემდე, რომელიც შეეხებოდა აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციას. პარალელური იმპორტის შემთხვევაში - შეფუთვის და გადაფუთვის დროს მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა არის 5 დღე და პროექტით გათვალისწინებული იყო 20 დღე.
ვადებთან დაკავშირებით იყო გარკვეული მსჯელობა და კომიტეტის შემოთავაზებაა, რომ განახევრდეს ის ვადები, რომელიც კანონპროექტით იყო გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში 7 დღის ნაცვლად, ჩვენ ვისაუბრებთ 15 დღეზე, 5 დღის ნაცვლად 10 სამუშაო დღეზე, ხოლო როცა გარკვეული ტიპის რეგისტრაციის ცვლილებებზეა საუბარი, 45 დღის ნაცვლად, 40 დღე. ეს არის პირველი მოსმენის შედეგები, რაზეც შევთანხმდით.
მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებლისთვის ეს ვადები არის მათ მიერ განსაზღვრულის ნახევარი, მაინც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათთვის ოპერირების შესაძლებლობას და წარმოდგენილი დოკუმენტაციის მეტად საფუძვლიანად შესწავლის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა გაბუნიამ.
პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე „წამლის შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რაც მედიკამენტების რეგისტრაციის ვადებს ზრდის, მწვავედ ეხმაურება.
„ბიზნესი ამბობს, რომ 7-დღიანი ვადა აწყობს წამლების რეგისტრაციისთვის. თქვენ კიდევ იძახით, რომ უნდა იზრუნოთ ბიზნესზე და ვადა უნდა გავზარდოთო. არგუმენტი მითხარით, 5 დღე იქნება, 7 თუ 10, ძალიან გთხოვთ ან არგუმენტები მოიყვანეთ რატომ ზრდით ვადებს და დაასაბუთეთ, ან პირდაპირ გეტყვით - ეს არის მინისტრის ხუშტური.
არგუმენტები არ არის და ამიტომ ეს ჩაითვლება მინისტრის ხუშტურად, რაც ძალიან ბევრი დაგროვდა ჯანდაცვის სექტორში. რა გინდათ, რას ეძიძგილავებით ამ თალგამს, გაუშვით, იზრდება თავისით. მიხედეთ იმას, რომ ფასები შემცირდეს. რა საჭიროა ამ მახინჯი ცვლილების მიღება?“, - მიმართა საკომიტეტო განხილვაზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ლევან კობერიძემ.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ბოლოს მართლაც გამოვიდა ინიციატივით, რომ მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა, 7 დღის ნაცვლად, მხოლოდ 15 სამუშაო დღემდე გაიზარდოს. ამ ინიციატივაზე წამლის სააგენტოს იურისტმა დეპუტატს უპასუხა, რომ თუ ვადად 15 დღე განისაზღვრება, მარეგულირებელი თანახმა იქნება.
ხუნდაძე ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ უწყებრივ რეესტრში მარკირების რეგისტრაციისთვის განსაზღვრული 20-დღიანი ვადა 10 დღემდე შემცირდეს, ხოლო სააგენტოს „ა“ ტიპის სარეგისტრაციო ვადად, 30-ის ნაცვლად, დრო შემცირდეს 15 დღემდე. სააგენტოს იურისტი ხუნდაძის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებსაც დაეთანხმა.