,,რაჭასთან მიმართებით დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა, რაჭველმა ახალგაზრდებმა ბულგარელი თანატოლები გაიცნონ. რაჭაში ვაპირებთ ძველი კულტურული ტრადიციების აღდგენას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კავკასიაში ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მარინა მეტრეველი.
წლეულს საქართველოში ტურიზმის სფეროდან 3, 3 მილიარდი $-ის ნაცვლად 1,2 მილიარდ დოლარს ელიან. წინასწარი ვარაუდით, შესაძლოა, შიდა ტურიზმმაც ვერ აანაზღაუროს ტურისტული ბიზნესის სარგებელი. თქვენ რას ელით ტურისტული სეზონის განმავლობაში და ხომ არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წლევანდელი ტურისტული სეზონი მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გამო ჩავარდნილია?
- ვერ ვიტყვით, რომ ტურისტული სეზონი მთლიანად ჩავარდნილია. მაგალითად, ახლახანს კოლეგამ დამირეკა, მესტიაში ვართ და ჯგუფი გვყავსო. შიდა ტურიზმთან დაკავშირებით რაღაც-რაღაცები ხდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა იმ მასშტაბით, რაც წინა წლებში იყო, რადგან კორონავირუსმა თავისი დაღი დააჩნია ყველაფერს. იმედი მაქვს, ივლისის დასაწყისში გაიხსნება ცა, ფრენები აღდგება, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან. შეიძლება, ის მილიარდნახევარი კი, რასაც ელიან წლეულს ტურიზმიდან, საკმარისი აღმოჩნდეს, რადგან უკვე იმდენად დაეცა ამ სფეროს რეიტინგი, რომ მიზერული თანხებიც გადარჩენის ტოლფასია. ამიტომ მაინც არ ვთვლი, რომ ეს ბიზნესი მთლიანად ჩავარდნილია.
თქვენ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ახსენეთ. რუსეთიდან რამდენად ღირს ტურისტების ჩამოყვანა, რადგან იქ კორონავირუსით დაინფიცირებულთა მასშტაბი გაცილებით მაღალია, ვიდრე აფიშირებენ?
- ეროვნების მიხედვით ნამდვილად არ დავყოფ ტურისტებს, ჩამოვიდეს რუსიც, უკრაინელიც, ყველა ჩამოვიდეს. რაც შეეხება რუსი ტურისტებისგან მომავალ საფრთხეს კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩვენს საზღვრებზე სერიოზულად შეამოწმებენ ამ ტურისტებს, იქნება თერმომდგომარეობის შემოწმება და, რაიმე საეჭვოს აღმოჩენის შემთხვევაში, ეგრევე გააბრუნებენ უკან.
შიდა ტურიზმის რესურსები როგორია?
- შიდა ტურიზმს დიდი შესაძლებლობები აქვს, თბილისში მცხოვრებლების უმეტესობას რაჭა და სვანეთი ნანახი არ აქვს და ქართველებად მოაქვთ თავი. მე არ ვარ ახალგაზრდა, მაგრამ მთელი საქართველო მოვიარე. ჯერ შენი ქვეყანა უნდა იცოდე და შემდეგ სხვა ქვეყნები მოინახულო.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ჯერ ჩვენს ქვეყანაში გვაქვს ბევრი რამ აღმოსაჩენი. ის ფაქტი, რომ უცხოეთში დასასვენებლად არ გაუშვებენ ქართველებს, ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმში განვითარებას?
- მივესალმები, თუკი ასე მოხდება. იმავე გიორგი გახარიამ რომ დამირეკოს და დამელაპარაკოს, ვეტყვი, რომ, ბატონო გიორგი, თქვენც არ გაქვთ ნანახი მთელი საქართველო. არა მგონია, რაჭაში ნამყოფი იყოს.
ანუ გიორგი გახარიას რაჭაში ეპატიჟებით?
- ვეპატიჟები. ბატონმა გიორგიმ დამირეკოს და ჩემთან წავიყვან უწერაში. 12 წელიწადია დაკეტილია ეს უნიკალური კურორტი. რაც პრივატიზება მოხდა, უწერას კურორტი არ აღდგენილა. ბატონ გიორგის წავიყვან მამისონის უღელტეხილზე, ვაჩვენებ უნიკალურ ბუნებას, გონაში წავიყვან, აქედან მოსჩანს ცნობილი მყინვარი ედენა, საიდანაც მოედინება რიონი. რიონის სათავესაც ვაჩვენებთ. უნიკალური ტბებია რაჭაში. ძალიან მინდა, ბატონმა გიორგიმ ყურადღება მიაქციოს ჯომარდობას. რიონი ამისთვის კლასიკური მდინარეა, მსოფლიო ჯომარდობის ფედერაციამ ეს აღნიშნა კიდეც, რომ რიონი არის უნიკალური მდინარე ჯომარდობისთვის. ჯომარდობა მარტო სპორტი კი არა, ასევე, სათავგადასავლო, ექსტრემალური ტურიზმის ნაირსახეობაა. რაჭა ყველამ უნდა ნახოს, ჩვენ ძალიან ვიღწვით რაჭისთვის. ღმერთს ვევედრები, განათლების სამინისტრომ ხუთთვიანი პროექტი დამიფინანსოს. აქ ჩვენი თვითდაფინანსებაც იქნება. 7-ში ველოდებით შედეგებს. საქმე ისაა, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ - „ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი კავკასიაში“ შეიტანა განაცხადი განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროში, კონკურსის მიზანია, მაღალმთიან საქართველოში მოსახლეობის კულტურასთან დაახლოება. ჩვენ შევიტანეთ პროექტი - „ონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა კულტურის განვითარებისათვის“. ეს გულისხმობს კულტურის განხრით ტურიზმის განვითარებას.
თქვენ კულტურის განხრით ტურიზმის განვითარება ახსენეთ. კორონავირუსის შემდგომ პერიოდში ტურიზმის სფეროს მესვეურები ამბობენ, რომ განსაკუთრებულ დატვირთვას შეიძენს არა ტრადიციულად ზღვაზე დასვენება, არამედ თუნდაც აჭარის მაგალითზე გასტრონომიული, ეკოლოგიური ტურიზმის განვითარება, ასევე, ქართული ხელსაქმის გაცნობა ტურისტებისთვის.
- რა თქმა უნდა, მაღალმთიანი აჭარაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის და გურიაც. ბახმარო რომ ვნახე, საერთოდ დამავიწყდა ყველაფერი, მაგრამ მე მაინც რაჭველი ვარ და მაღალმთიან რაჭას უფრო ვგულშემატკივრობ. ჩვენ აქ გვინდა ძველი კულტურული ტრადიციების აღდგენა, ხალხური რეწვის, ფოლკლორის, სიმღერების, ცეკვების, ზემორაჭული უნიკალური სამზარეულოს წარმოჩენა. ფეხით მოსიარულეთათვის ბილიკების გავლის შეთავაზება, ეკოტურიზმის განვითარება, ბუნება უნდა დავიცვათ და არ დავაბინძუროთ. პლუს ამას, გვაქვს უზარმაზარი გეგმა, გავხსნათ კლუბი, სახელწოდებით, „რაჭის კულტურა-ჩვენი საგანძური“. ეს კლუბი იმუშავებს პროექტის დასრულების შემდეგაც. ანუ პროექტის მდგრადობაა აქ მნიშვნელოვანი. გვინდა, ზემო რაჭის ახალგაზრდობა დავაახლოვოთ ევროპის რომელიმე ქვეყანასთან, არჩეული გვაქვს ბულგარეთი. ზემო რაჭველმა ახალგაზრდებმა უნდა გაიცნონ ბულგარელი თანატოლები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მთასთანაც და ზღვასთანაც. დამიჯერეთ, ზემო რაჭაში ბევრ ახალგაზრდას ზღვა თვალითაც არ უნახავს. ამ ახალგაზრდებისთვის შავი ზღვა გინდ ბულგარეთში ყოფილა და გინდ საქართველოში.
როგორ გგონიათ, ქართველებს დააინტერესებთ რაჭული სამზარეულო, ფოლკლორი, თუ უფრო უცხოელებზე გაქვთ გათვლა?
- ქართველებს უთუოდ დააინტერესებთ, ქართველები კი არა, მთელი მსოფლიოა გაგიჟებული „აბა, ბიჭო, გიორგუნა“-ზე. გუდასტვირი რაჭაში რომ მზადდება და გამოიყენება, არც ერთ კუთხეში არ არის ისე გავრცელებული. ახლაც შესანიშნავი ანსამბლებია ონში, ამბროლაურში, ღებში. მაღალი ღებიდან დაიწყო დიდებული ცეკვა რაჭული.
როგორ გგონიათ, ქართველებს აქვთ საამისო ფინანსები, რომ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური გაჭირვების შემდეგ შიდა ტურიზმისთვის მოიცალონ?
- არანაირი დიდი თანხა ამას არ სჭირდება. თუ მთავრობა დაუდგება ხალხს გვერდით და გადაიხდის მგზავრობის თანხას, ავტობუსი იქნება, თუ „მარშრუტკა“, ყველა წამოიღებს პურს და ყველს სახლიდან. ფოტოაპარატებით წავლენ, დაათვალიერებენ საქართველოს. ყველას ფეისბუქი აქვს, ყველა ატვირთავს სურათებს ფეისბუქზე. ჩვენი ნატვრაა, შიდა ტურიზმს მიექცეს ყურადღება, გამოიყოს ამისთვის ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები, ხალხი პატარა საგზალს წამოიღებს და დაათვალიერებს საქართველოს.
თქვენ საქართველოში ჩამოგყავდათ უცხოელი ტურისტები, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ ქართული სამზარეულოთი. წელს თუ დაგიკავშირდნენ ისინი, რომ გაისად მაინც დაჯავშნონ ადგილები?
- 45 უცხოელს ველოდებოდი მაისში პოლონეთიდან, მაგრამ გადაიდო, სექტემბრისთვის გადაცვალეს ბილეთები. ენატრებათ საქართველო, გიჟდებიან ჩვენს ქვეყანაზე. უწერაში რომელ გესტჰაუზშიც იმყოფებოდნენ, იქ კონკურსი ჩავატარეთ ლობიანის გამოცხობაში. კონკურსისთვის პრიზები გვქონდა ჩატანილი. თქვენ არ იცით, როგორ თავს იწონებდნენ თავიანთი გამომცხვარი ლობიანებით პოლონელები და გერმანელები. ხვანჭკარაში რომ წავიყვანეთ, საერთოდ გადაირივნენ, 300-წლიანი ტალავერის ქვეშ რომ ისხდნენ. ჩვენ რვადღიანი ტური გვაქვს, სადაც ხვანჭკარაც შედის, უწერაც, მამისონის უღელტეხილიც. ბატონი პრემიერი თუ გვიკადრებს, „ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი კავკასიაში“ ეპატიჟება ბატონ გახარიას რაჭაში. ამისთვის, ალბათ, არ სცალია, მაგრამ ჩვენი შეთავაზება ძალაშია.
ქალბატონო მარინა, თქვენ ისევ სოციალიზმი გგონიათ? ასეთი ექსკურსიები ხალხისთვის 70-იან წლებსი ეწყობოდა. მაშინ ტურიზმი კულტურის ნაწილი იყო, ახლა ტურიზმზე ამყარებს ყველა ფულის შოვნის იმედებს. ის რაჭველებიც ტურისტებისაგან ფულს ელოდებიან. კოლმეურნე ექსკურსანტების დრო დამთავრდა.
"წლეულს საქართველოში ტურიზმის სფეროდან 3, 3 მილიარდი $-ის ნაცვლად 1,2 მილიარდ დოლარს ელიან"-ო. სახლიდან წამოღებული ყველპურიანი ტურისტები ვის რად უნდა. ეგენი გადაიხდიან 1,2 მლრდ დოლარს?