გია მაისაშვილი - “მიშა კი სჯობია შევარდნაძეს, მაგრამ...”

გია მაისაშვილი - “მიშა კი სჯობია შევარდნაძეს, მაგრამ...”

ძლიერი სახელმწიფო რომ ავაშენოთ, მთავარი ინდიფერენტული საზოგადოების გაჯანსაღებააო, ფიქრობს ეკონომისტი გია მაისაშვილი.

ერთ დროს პრეზიდენტის მეგობარი და ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამის ავტორი დღეს ხელისუფლების ოპონენტია და მასთან დიალოგს აქციების საშუალებით აპირებს.

“კვირის პალიტრამ” გია მაისაშვილთან საუბარი ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მწვავე პრობლემით დაიწყო:

- საქართველოს უმთავრესი პრობლემა კადრებია - ქვეყანაში საკადრო რესურსი არ არის. მხოლოდ ქარიზმაზე ორიენტირებული ლიდერი საკადრო პოლიტიკას ვერ წარმართავს, რადგან კადრებს მომზადება სჭირდება. ქარიზმა კარგია, მაგრამ კარგი ლიდერი უპირველესად კარგი მასწავლებელიც უნდა იყოს, რომელსაც დასახული ექნება სტრატეგია, თუ როგორ უნდა გახდეს წარმატებული ადამიანი, ორგანიზაცია და სახელმწიფო.

კი ვართ დაქცეულები, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ნიჭიერი ადამიანები არ გვყავდეს საქართველოში. მხოლოდ ერთგულების ნიშნით კადრების შერჩევა დამანგრეველია და არაფრისმომცემი ქვეყნისთვის. ეს მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნების საშუალებაა.

ჩვენი პრეზიდენტის ქმედებები კამპანიურ ხასიათს ატარებს. ეს ძალიან მაგონებს საბჭოთა დროს, როდესაც მოსკოვში მიღებულ გადაწყვეტილებებს ვასრულებდით. მიშა ამერიკელებს აბრალებს ყველაფერს - იქიდან მირჩევენ ამის გაკეთებასო. სინამდვილეში ასე არ არის. უბრალოდ, პრეზიდენტს იქაური რაღაცები მექანიკურად გადმოაქვს საქართველოში და ამის გამო ყველაფერი ეს ძალზე უხერხულად გამოიყურება. ის მოდელი, რომელიც ამერიკელისთვის ჩვეულებრივია, ქართული რეალობისთვის უცხოა, რადგან აქაურ ფესვებს არ ეფუძნება. აქ ისე დამახინჯებულად “გადმოქართულებულ” მოდელებს ვხედავ, რომ თავად მაღიზიანებს. წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? ასეთი განცდა მეუფლება მე, რომელსაც ჩემი ქვეყნის შემდეგ ამერიკა მიყვარს ყველაზე მეტად და მას რომ რამე დაემუქროს, ჯარისკაცის ფარაჯას დაუფიქრებლად ჩავიცვამ და მის დასაცავად წავალ.

არ არის მომგებიანი გუნდის შექმნა ერთადერთი პრინციპით - ჩემთან იყავი და მერე თანამდებობაზე დაგნიშნავო. ასეთი მიდგომა იმთავითვე კრახისთვის არის განწირული. ასე რომ ფიქრობს, ეს მიშას ბრალი არ არის, ის ძველი ინერციით აგრძელებს მუშაობას - ჩვენ ხომ ყოველთვის ასეთი აზროვნების ხალხი გვყავდა ხელისუფლებაში.

როგორი პრინციპით უნდა ინიშნებოდნენ კადრები?

- შესაძლოა, ერთგული კაცი ჩემს დამხმარედ, თანაშემწედ დავნიშნო, მაგრამ მას ვერ ჩავაბარებ რაღაც სფეროს. ერთგულების გამო მინისტრად ვერავის დავნიშნავ. პოლიტიკოსებისთვის მთავარი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლა და მისი შენარჩუნებაა. პოლიტიკოსები ყოველთვის კარიერისტები არიან და ამიტომაც არიან საეჭვონი. სახელმწიფო მოღვაწის შეფასების ერთი კრიტერიუმი უნდა არსებობდეს - შეძლებს თუ არა ის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც საქმიანობის გაგრძელებას (იქნება თუ არა კარგი ექიმი, მეცნიერი ან მასწავლებელი) თუ სკამზე უნდა დახავსდეს. როდესაც ხელისუფლების სათავეში არაპოლიტიკოსი მოდის, მან იცის, რა აქვს გასაკეთებელი (ქვეყნის ფუნქციის, მისი დანიშნულებისა და პრიორიტეტების მოდელი აქვს) და თავისი გეგმა მიაქვს ხალხამდე. როცა მოსახლეობა ამ გეგმას გაიცნობიერებს, მხოლოდ ამის შემდეგ მოვლენ კომპეტენტური, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები ქვეყნის სათავეში. მეთაურმა კი არ უნდა მოიყვანოს ვინმე ხელისუფლებაში, არამედ მისმა შემუშავებულმა მოდელმა უნდა გააკეთოს ეს. ეს კარგი ბიჭია, აქ ნამუშევარია, რაც მთავარია, ერთგულია და გამოგვადგებაო, მხოლოდ ამისთვის ვინმესთვის თანამდებობის ბოძება შეცდომაა.

როდესაც კაცმა საქმე იცის, მას არც არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს. როდესაც ვიცი და ზუსტად წარმომიდგენია სურათი, როგორი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, დაახლოებით ვიცი, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ამ დიდი სურათის პატარა კომპონენტებიც. ამასთან, ვეძებ ისეთ ადამიანს, რომელიც ამ კომპონენტს მოერგება. თანამდებობაზე არ უნდა დანიშნო მონა, რომელსაც რასაც ეტყვი, იმას შეგისრულებს. საქმის გამკეთებელი უნდა მოძებნო, რომელსაც პირდაპირ ეტყვი - ეს არის დიდი ამოცანა და მის გადასაწყვეტად შენი პროფესიონალიზმი მჭირდებაო. საქმის კეთების აუცილებელი კომპონენტია დისკუსია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და დიალოგი. რად მინდა ისეთი ადამიანი გვერდით, რომელსაც საკუთარი შეხედულება არ აქვს. თუ შერჩეული პირი ვერ გააკეთებს დაკისრებულ საქმეს, სკანდალისა და დამცირების გარეშე უნდა დაუთმოს ადგილი სხვას. ასე, ბუნებრივი შერჩევის გზით უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობის კაბინეტი. სამწუხაროდ, დღეს ასეთი მთავრობა არ გვყავს და არც აქამდე გვყოლია. ქვეყანაში იმდენად მძიმე სიტუაციაა, რომ აქ პოლიტიკოსი ვერაფერს გახდება. საქართველოს იდეალისტი, პირადი მაგალითის მიმცემი და საქმის მცოდნე კაცი უფრო სჭირდება. მას ცოდნით სავსე ადამიანი უშველის, რომელსაც თავგანწირვის უნარიც ექნება, არ უნდა აინტერესებდეს იაფფასიანი, მოჩვენებითი პიარაქციები და არ უნდა იყოს რეიტინგზე ჩამოკიდებული. ახალ ლიდერს თანაბრად უნდა ჰქონდეს მაღალი ზნეობა და განათლება.

პირადად ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი ის კი არ არის, იყო თუ არა ესა თუ ის კაცი რომელიმე ხელისუფლებაში-მეთქი, ჩემთვის მთავარია პატიოსანი დამოკიდებულება შრომისადმი, შრომის კულტურა. ერთგული და საქმის უცოდინარი ადამიანის სადმე დანიშვნა ჩემთვის უსარგებლო იქნება, რადგან მთავარი ადამიანის კომპეტენციაა. არც შევარდნაძესთან და არც მიშასთან ნამუშევარი კაცის არ მეშინია. ასეთი შიში არასრულფასოვნების კომპლექსმა იცის - როდესაც იცი, რომ რაღაც არ იცი და ცდილობ, დაფარო.

როდესაც პეტრე ცისკარიშვილმა დათო საგანელიძეს მიშას გამო გაარტყა, მაშინდელი პოლიტიკური ამინდის გამო ის სააკაშვილმა მოიცილა. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გქონდეს თანაგუნდელებთან. ცისკარიშვილი კი არ უნდა მოეცილებინა, თავად უნდა მოებოდიშებინა მისი საქციელის გამო. პეტრემ ხომ მიშას გამო (კარგად ვიცი ეს სიტუაცია და იმიტომ ვამბობ) ჩაიდინა ეს. შესაძლოა, საზოგადოებამ მოიწონა კიდეც სააკაშვილის ნაბიჯი, მაგრამ ჩემი აზრით, მიშა მაშIინ იქნებოდა დიდი კაცი, ბოდიში თავადაც რომ მოეხადა და თავის გუნდთან ერთად მთელი პასუხისმგებლობაც გაეზიარებინა.

ამ ქვეყნის აშენებას დიდი კაცი სჭირდება და არა პოლიტიკურ ამინდს გამოკიდებული ლიდერი, ყოველდღე თერმომეტრით რომ ზომავს საკუთარ რეიტინგს.

შესაძლოა, სააკაშვილმა იმის დემონსტრირება გააკეთა, ჩემს მეგობარსაც არ ვაპატიებ უღირს საქციელსო?

- მაშინ მიშამ მოკლევადიან ეფექტზე გათვალა - აქაოდა, დამნაშავე მოვიცილეო, მაგრამ გაცილებით აჯობებდა ეთქვა - ჩემი მეგობრის შეცდომაზე პასუხისმგებლობას მეც ვიღებო. რა, არ აპატიებდნენ? უფრო არ დაუდგებოდნენ გვერდით? ამ შემთხვევაში მორალური მაგალითი იქნებოდა ყველაზე მომგებიანი და პრაგმატული.

როგორც ჩანს, თქვენ გინდათ პოლიტიკაში ზნეობრივი (მორალური) გმირები იყვნენ?

- მორალური გმირი მაგალითის მიმცემია, ის მუხლებზე კოცნას არ ითხოვს. ჩვენ თავმდაბალი, ქვეყნის მსახური გმირები გვჭირდება (თუ ამპარტავნებამ გძლია, ლიდერი ვერ იქნები), ისეთი, როგორიც ილია ჭავჭავაძე იყო. მასზე დიდი კაცი არ გვყოლია ქართველებს. და კიდევ ერთს ვიტყვი: ქვეყნის მსახური იდეალისტიც უნდა იყოს.

მაგრამ ჩვენ მიწიერი არსებები ვართ და ზედმეტი იდეალიზმი რეალობას მოგვწყვეტს. უფრო პრაგმატულები ხომ არ უნდა ვიყოთ...

- გეთანხმებით, რომ ზომიერება აუცილებელია, მაგრამ იდეალიზმში მე ადამიანის თავგანწირვის უნარს ვგულისხმობ და არა იდეალურობას. იდეალური ადამიანი ბუნებაში არ არსებობს.

ხელისუფლების გაკეთებულს კარგს და პოზიტიურს ვერაფერს ხედავთ?

- როგორ არა, შევარდნაძეს ნამდვილად სჯობია ეს კაცი. უფრო ახალგაზრდა, ენერგიული და თანმიმდევრულია. სურს რაღაც გააკეთოს. ქუჩაში რომ ინსპექტორები გვაჩერებდნენ და ფულს გვართმევდნენ, იმას როგორ არ სჯობია საპატრულო პოლიცია. მიშა კი უკეთესია შევარდნაძეზე, მაგრამ...

თქვენს სიტყვებზე ლადო ასათიანის ლექსი გამახსენდა - “ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...”

- (იცინის) ახალგაზრდობა და ენერგიულობა კარგია, მაგრამ ქვეყანას რომ მართავ, საქმე უნდა იცოდე კაცმა. მარტო ფასადების შეღებვა და ტელევიზიაში შოუს დადგმაა საკმარისი? თანაც ყველა გამოსვლისას თქმა - ამის და ამის ჯინაზე ასე ვქენიო. საქმე სხვის ჯინაზე კი არ უნდა აკეთო, მისი გაკეთება გულით უნდა გინდოდეს და მაშინ გამოგივა.

ამბობენ, აშშ-ის ახალი ელჩის დანიშვნის შემდეგ ახალ მოთხოვნებს წაუყენებენ საქართველოსო. როგორ ფიქრობთ, კერძოდ, რაზე გააკეთებს აქცენტს ახალი ელჩი?

- ახალი მოთხოვნები მართლაც იქნება. ამჯერად ფასადების შეღებვას კი არა, ახლა უკვე შენობის აშენებას მოგვთხოვენ. ლიბერალურ დემოკრატიაზე ლაპარაკის ნაცვლად კონკრეტულ საქმეს მოითხოვენ. ლიბერალურ დემოკრატიაზე რომ ლაპარაკობენ, უთქვამთ კი, ეს რას გულისხმობს? ლიბერალური დემოკრატია ხელისუფლების სამივე შტოს განცალკევებას ნიშნავს. ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, საკუთრებისა და ბიზნესკონტრაქტების ხელშეუხებლობას, პრესისა და შეკრების (მანიფესტაციების) თავისუფლებას. ვინ მეტყვის, რომ ეს მთავარი კომპონენტები ხელშეუხებელია ჩვენთან? რიჩარდ მაილსის დრო წავიდა, რადგან მას ამ ხელისუფლების მოსვლაში თავისი წვლილი ჰქონდა შეტანილი და ობიექტურობის შენარჩუნება გაუჭირდებოდა - იგი აშშ-ის ინტერესებს აღარ გამოხატავდა. ასეთ დროს პირადი განწყობებისა და დამოკიდებულების გავლენა დაუშვებელია, მთავარი აშშ-ისათვის მისი ინტერესებიდან გამომდინარე პრაგმატული შეხედულებებია, რაც მაილსს აღარ ჰქონდა და ამიტომაც გაიწვიეს. ახალი ელჩის ჩამოსვლის შემდეგ ბუტაფორიობანა აღარ გამოადგება ხელისუფლებას. ჩვენნაირ ქვეყანას პირადი მაგალითის მიმცემი, თავგანწირული კაცი სჭირდება, რომელიც ქვეყნის აშენების მოდელს დადებს და ყველამ მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ პროცესში. ეს საჭირო იქნება იმისთვის, რომ ადგილიდან დავიძრათ. სხვანაირად საბოლოო მიზნამდე ვერც ერთი საზოგადოება ვერასდროს ვერ მივა. მთავარია, მუდმივი სწრაფვა გვქონდეს პროგრესისა და სრულყოფილებისკენ.

პიროვნება, რომელიც ქვეყნისთვის რაღაცის გაკეთებას ფიქრობს, ობიექტური შემფასებელიც უნდა იყოს. თუ ოპოზიციონერი ხარ, არ შეიძლება ყველაფერ ამას მუქი სათვალით უყურო და თუ - ხელისუფლების მხარდამჭერი, ცუდზეც კი კვერი დაუკრა...

- გეთანხმებით. დაბოღმილი ადამიანი ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს. თუ ამ ქვეყნის სიკეთე არ გაგიხარდება (ვინც არ უნდა მოგვიტანოს ის), ე. ი. კარგი კაცი არ ხარ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჰყავს. თქვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რა გააკეთა თითოეულმა მათგანმა?

- ზვიადის უდიდესი დამსახურება იყო 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა (თუმც შემდგომი ხელისუფლებები დამოუკიდებლობის მოპოვებას 26 მაისს ზეიმობდნენ). 26 მაისი დისიდენტობის დროს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ მას შემდეგ, რაც 9 აპრილის მოვლენები მოხდა, ხოლო ზვიადმა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, ჩემთვის ეს თარიღია დამოუკიდებლობის დღე.

შევარდნაძის დამსახურება ის იყო, რომ მკვეთრად პროდასავლური კურსი აიღო და ამის წყალობით განხორციელდა ბაქო-ჯეიჰანის პროექტი. შევარდნაძის პიროვნებამ განაპირობა საქართველოს მიმართ მსოფლიოს დადებითი განწყობა, მაგრამ თავად მან ამის გამოყენება ვერ მოახერხა. მიშამ კი შექმნა იმის პრეცედენტი, რომ ახალგაზრდა კაცი რევოლუციის გზით, მაგრამ მშვიდობიანად მოვიდა ხელისუფლებაში. დასავლეთისთვის ეს ლამაზი “ლეგენდაა” და ამის გამო აქვს საქართველოსადმი დადებითი განწყობა.

შემდგომი პრეზიდენტის ამოცანა რა იქნება?

- ქართული სახელმწიფოსა და იმ ხიდის აშენება, რომელიც 21-ე საუკუნეში დასავლეთსა და აღმოსავლეთს დააკავშირებს.

რაღაცის ნგრევის ეიფორია, გარდამავალი ეტაპები წარსულს ჩაჰბარდება და დაიწყება ქვეყნის მშენებლობა. აუცილებელია ქართული საზოგადოების თანამედროვე საზოგადოებად ქცევა, ძველი ქართველი ერის თავისივე ძლიერ და ძველ ფუძეზე გათანამედროვება. ოღონდ გათანამედროვება არა რაღაც ყალბი ღირებულებებით, არამედ საკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძნებით. და კიდევ ერთი რამ: სამივე პრეზიდენტი საპროტესტო ტალღით მოვიდა, მაგრამ მეოთხე ასე ვეღარ მოვა - მას აუცილებლად მოუწევს თქმა, როგორი ქვეყანა უნდა ააშენოს და ეს ამოცანა უნდა გაათავისებინოს მთელ საზოგადოებას.

ჩვენს ამ პოზიციას 31 მაისს, პარლამენტის წინ სამშვიდობო მარშით გამოვხატავთ.

დასასრულ, აპოლიტიკურ კითხვას დაგისვამთ - ქართული სუფრისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- მშვენიერი... განსაკუთრებით წითელი ღვინო და შემწვარი ხინკალი მიყვარს. თუმც ბევრს ვერ ვსვამ. ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა და ცეკვა...