ნიკა გვარამია - „ოპოზიცია პოლიტიკურ პოპულიზმზე გადავიდა“

ნიკა გვარამია - „ოპოზიცია პოლიტიკურ პოპულიზმზე გადავიდა“

როგორც ჩანს, ოპოზიციის გარეშე დარჩენილ სხდომათა დარბაზში სახელისუფლებო გუნდის წევრებს უხერხულობის განცდა ეუფლებათ, მაგრამ ამის მიუხედავად, არც ოპოზიციის შედგენილ მემორანდუმს თვლიან ისეთ დოკუმენტად, “ქვას რომ გახეთქავს” და არც მათი მუქარა აფრთხობთ, გელაშვილის საქმეს სასამართლოში მოვიგებთო.

უმრავლესობის წევრ ნიკა გვარამიას თქმით, სახელისუფლებო გუნდი დიდი ინტერესით ელის სოზარ სუბარის ანგარიშს და ოპოზიციისაგან განსხვავებით მის კრიტიკაზეც რეაგირებას აპირებს:

- მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა, პარლამენტის სხდომა არ ჩატარებულა და ვერ გეტყვით, მათ გარეშე როგორ ვიგრძნობთ თავს. თუმც ვფიქრობ, რომ უმჯობესია, ისინი დარბაზში იყვნენ. კარგი იქნება არ იყოს იმის განწყობა, რომ ოპოზიციის გარეშეც შეგვეძლება გადაწყვეტილების მიღება და იქნებიან თუ არა ისინი სხდომათა დარბაზში, ჩვენთვის სულერთია. თუმცა უნდა ვთქვა, რომ გარკვეულწილად ასეთი განწყობილება არსებობს და ამაში დამნაშავე ორივე მხარეა. უმრავლესობასთან დიალოგის გარეშე ოპოზიცია პოლიტიკურად პროდუქტიული ვერ იქნება.

თუმც ისიც ხომ ფაქტია, რომ ოპოზიცია უმრავლესობასთან დიალოგითაც ვერაფერს აღწევს.

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც უნდათ რაიმეს მიღწევა. ოპოზიცია მთლიანად პოლიტიკურ პოპულიზმზე, ჩასაფრებასა და იაფფასიან კრიტიკაზეა გადასული. თავის მხრივ, უმრავლესობაც იგნორირებას უკეთებს ოპოზიციის ყველა მოსაზრებას. ეს იმის ბრალია, რომ ყველა საუბარი კონსტრუქციულის ნაცვლად კრიტიკულია. ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი უარყოფითად ფასდება. მათი კრიტიკა უმეტეს შემთხვევაში დაუსაბუთებელია, არაარგუმენტირებული. ფაქტობრივად, ეს გახლავთ კრიტიკა კრიტიკისთვის. ამის გამო ის კონსტრუქციული არგუმენტებიც კი, რომლებიც ზოგჯერ ოპოზიციას მოჰყავს, სერიოზულად არ აღიქმება. ამაზე ერთი იგავი მახსენდება, როდესაც ცრუს სიმართლეს აღარ უჯერებენ.

ოპოზიციის მემორანდუმში დაფიქსირებულ მოთხოვნაზე რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას?

- მემორანდუმი უარსაყოფია. იმიტომაც შეადგინეს, რომ მასზე უარყოფითი პასუხი მიეღოთ. მემორანდუმში ლაპარაკია იმ საკითხებზე, რომელთა ირგვლივ გამართულ დებატებში ოპოზიცია არაერთხელ დამარცხდა. ამ საკითხებზე უკვე გადაწყვეტილებებიც მიღებულია და ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ ისინი აღარ შეიცვლება. ამიტომაც არის გაუგებარი, რას ემსახურება მემორანდუმი. ოპოზიციამ, რომელსაც პრაქტიკულად არ აქვს ძალა, როგორ უნდა აიძულოს ხელისუფლება ერთხელ უკვე გადაწყვეტილი საკითხი შეცვალოს? ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, უბრალოდ, ფაქტზე ვამახვილებ ყურადღებას. ოპოზიციას არ აქვს საიმისო ძალა, რომელიც ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლას აიძულებს.

ოპოზიციას, როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ მის ხმას დასავლელი მეგობრები გაიგებენ.

- ჩვენი დასავლელი მეგობრები დაინახავენ მხოლოდ იმას, რომ ოპოზიცია არის დესტრუქციული, საკუთარ თავში ჩაკეტილი, რომ მას ხელისუფლებასთან დიალოგი კი არ სურს, მხოლოდ ფეხებს აბაკუნებს და დაუმსახურებელი შედეგების მიღებას ცდილობს. მემორანდუმში ოპოზიცია ამბობს, არჩევნები გამჭვირვალე უნდა იყოს და საარჩევნო სიების სრულყოფა უნდა მოხდესო. ამის გაკეთებას მემორანდუმი რად უნდა, ისედაც მოგვარდება და ოპოზიციას თუ უნდა ჩათვალოს, ეს მემორანდუმის დამსახურებააო, კი ბატონო, დაიხვიონ ეს ხელზე და შემოვიდნენ დარბაზში.

ოპოზიციის განაწყენების მიზეზი ვალერი გელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნა გახდა. ფიქრობენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი საპროცედურო ნორმებისა და კანონის უხეში დარღვევით გააძევეს პარლამენტიდან.

- ოპოზიციონერებმა ვერ გამოიყენეს საპროცედურო (შესვენების აღების) შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ ჰქონდათ მძაფრი რეაქცია. მათ ვერ გააკეთეს ის, რაც განზრახული ჰქონდათ და ფაქტობრივად, საპროცედურო ომი წააგეს.

ახალი მემარჯვენეები” ითხოვდნენ შესვენებას, მაგრამ სხდომის წამყვანმა მათი თხოვნა უგულებელყო.

- მათ არაფერი მოუთხოვიათ. “ახალმა მემარჯვენეებმა” იმ მომენტში სიტყვის უფლება დაკარგეს, რადგან ორჯერ გამოვიდნენ ამ საკითხზე. სიმართლე გითხრათ, ძალზე უსიამოვნო იყო ჩემთვის საპროცედურო დაპირისპირება. ასეთი რამეები არ ხდება ნორმალურ პარლამენტში... ეს სხდომა ძველი დროის გადმონაშთს ჰგავდა. ოპოზიციამ ბრძოლა წააგო და ამიტომ მოხდა ის აფეთქება, რომელიც მემორანდუმის შექმნით დაგვირგვინდა. ახლა ოპოზიციას უკან დახევა უჭირს, თორემ უკვე თავადაც იცის, რომ წამგებიანი თამაში წამოიწყო.

თუკი ბექაურის საქმის გამოძიებას თვეები დასჭირდა, რატომ გადაწყდა გელაშვილის ბედი ერთ კვირაში, ყოველგვარი გამოძიების გარეშე?

- რაც შეეხება გელაშვილის მიერ საკუთარი ბიზნესის ლობირებას, ამ საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს კახა ლომაიას ჩვენება ჰქონდა. ჩვენებით ცხადი შეიქნა, რომ გელაშვილი იყო ლომაიასთან, “ევრას” სახელით კონკრეტულ ბიზნესპროექტზე ესაუბრა და უარი მიიღო. იგივე გამოიკვეთა დამწვარი სკოლის პედაგოგების ჩვენებაშიც. პარლამენტმა მიიღო ბატონი გელაშვილისგან წერილი, სადაც ის ადასტურებს, განათლების და მეცნიერების მინისტრს ვესაუბრე, მაგრამ ეს კეთილი განზრახვით გავაკეთე, რათა ახალი სკოლა ამეშენებინაო. სხვათა შორის, არ ველოდი მისგან ამ ფაქტების დადასტურებას. მეგონა, ყველაფერს უარყოფდა და მინისტრის, გელაშვილისა და პედკოლექტივის ერთდროულად დაკითხვა მოგვიწევდა. გელაშვილის პასუხმა ამის აუცილებლობა მოხსნა, ოღონდ მან ინტერპრეტაცია სხვაგვარად გააკეთა - გული მიკვდებოდა, ბავშვები ძველ სკოლაში რომ სწავლობდნენ და ახლის აშენება გადავწყვიტეო. ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს ბიზნესში დეპუტატის მონაწილეობას და იმასაც, თუ ის ფარულად არის რომელიმე საწარმოს ან ფირმის დირექტორი.

კანონი ასევე კრძალავს ფარულ სამეწარმეო საქმიანობას. სამეწარმეო კოდექსის თანახმად, დირექტორის ფუნქციის შესრულებად უპირველესად ითვლება საწარმოს სახელით მოქმედება და საწარმოს წარდგენა მესამე პირებთან - ანუ ეს არის ის, რაც ბატონმა გელაშვილმა ჩაიდინა. რაც უნდა ამტკიცოს გელაშვილმა, ამას საზოგადოებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მსახურების მიზნით ვაკეთებდიო, შესაძლოა ვინმე კი დააჯეროს, მაგრამ სახეზეა ფაქტი - ის ლობირებდა საკუთარ ბიზნესსაქმიანობას. რაც შეეხება მისი ცემის ფაქტს, ეს აუცილებლად გამოძიებული უნდა იყოს..

ეჭვი გეპარებათ, რომ უმრავლესობის წევრებშიც მოიძებნებიან საკუთარი ბიზნესის ლობირებით დაკავებული პირები?

- ამაზე არაფერს ვიტყვი. ვინმეში ეჭვი მეპარება თუ არა, ეს ჩემი საქმეა. ძნელად წარმოსადგენია, რომ უმრავლესობის ერთმა წევრმა უმრავლესობის მეორე წევრი ამხილოს თავისი ბიზნესის ლობირებაში. ეს უნდა გააკეთოს ოპოზიციამ.

ოპოზიციაში ყველა დარწმუნებული იყო, რომ ბექაური დეპუტატობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ მას იმის ნახევარიც არ გაუკეთებია, რაც გელაშვილმა გააკეთა.

ომბუდსმენის მოხსენებაში, რომლითაც ის თვის ბოლოს წარდგება პარლამენტში, ლაპარაკი იქნება პოლიციელთა უფლებამოსილების გადამეტებაზე ეჭვმიტანილთა დაკავებისას, ციხეში გახშირებულ საეჭვო თვითმკვლელობებსა და ფინანსური პოლიციისგან მეწარმეთა უფლებების შელახვაზე. ამ ფაქტებზე თქვენ, როგორც იურისტი, რა კომენტარს გააკეთებთ?

- ჯერჯერობით არ გავცნობივარ სახალხო დამცველის მოხსენებას. თუმც ის ფაქტები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, ძალზე სერიოზულია და სახალხო დამცველის პოზიციაც ადეკვატურად უნდა აღვიქვათ. როგორი განცხადებაც უნდა გააკეთოს სუბარმა, მასთან პოლიტიკურ დებატებს არ დავიწყებ, თანაც მის კვალიფიკაციასა და საკითხებისადმი დამოკიდებულებას ვენდობი. ომბუდსმენის დასახელებულ ყველა ფაქტზე ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება. არ აქვს მნიშვნელობა ვეთანხმებით თუ არა, სახალხო დამცველის კრიტიკას, მის მოსაზრებას ყურადღება უნდა მივაქციოთ.