როგორც ირკვევა, ირაკლი ოქრუაშვილის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება ცოტათი ნაჩქარევი იყო და შესაძლოა, მას პოლიტიკური პატიმრის სტატუსი არც მიანიჭონ. ფაქტია, თანამოაზრეებთან ერთად, სიიდან ყოფილი მინისტრის გვარი ამოიღეს და საბოლოოდ დასახელებულ პოლიტპატიმრებში ის ვერ მოხვდა. ამ ფაქტს ოქრუაშვილი და მასთან ერთად ბრალდებული პირები აპროტესტებენ. რამდენიმე მათგანი კვირაზე მეტია, შიმშილობს და სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ორშაბათს შიმშილობას თავად ირაკლი ოქრუაშვილიც შეუერთდა.
"ქართული პარტიის" წევრი, ოქრუაშვილის მეგობარი, თეო ტლაშაძე სიიდან ამ პირთა ამოღების სავარაუდო ინიციატორად ეკა ბესელიას მიიჩნევს. როგორც ჩანს, ყოფილ ადვოკატთან პრეტენზიები აქვს თავად ოქრუაშვილსაც. "ეჭვი არასდროს მეპარებოდა, რომ ჩემი საქმეების ბედი წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ იმას ნამდვილად არ ველოდი, შავზე რომ იტყოდნენ, თეთრიაო და გაუგებარი არგუმენტებით, ერთი ხელის მოსმით, გვეტყოდნენ უარს. ყველაზე ცინიკური ის არის, რომ ამას აკეთებს შენი ყოფილი ადვოკატი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, ყველა ის საქმე როგორ შეიკერა. არადა, პოლიტპატიმრის სიის შედგენა 2007 წელს სწორედ ჩემით დაიწყო", - აცხადებს ოქრუაშვილი.
ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ოქრუაშვილი და მოშიმშილე პატიმრები ციხეში მოინახულა და სწორედ ჭკადუას სთხოვეს, პარლამენტში ამ საკითხის გარკვევაში დახმარება.
ადვოკატი ირმა ჭკადუა:
- ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმართა სიიდან მისი და იმ ადამიანების ამოღებას აპროტესტებს, რომლებიც მასთან ერთად ბრალდებულები არიან ე.წ. "ზილის" საქმეში. არიან ადამიანები, რომლებიც ირაკლისთან ერთად სიაში იყვნენ და მოულოდნელად მათი გვარები სიიდან გაქრა, ესენი არიან: ძმები - კახა და ლევან ტერაშვილები, დავით შიუკაშვილი და შალვა საბაშვილი. პარლამენტი ამბობს, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო და ეს გასწორდება. თუ ასე იყო, მაშინ ისინი ელოდებიან ხარვეზის გასწორებას. რაც შეეხება იოსებ გიგუაშვილს, გიორგი გაბროშვილს, ხვიჩა საბაშვილს, თამაზ ბეგიაშვილს, გაბრიელ პავლიაშვილს, მალხაზ კაკაშვილსა და ზაზა ბეთლემიძეს, - მათ საერთოდ, უარი უთხრეს სიაში შეყვანაზე. წესით, ესენიც უნდა იყვნენ იმ სიაში, რადგან ყველანი ერთი ბრალდებით არიან დაკავებულები. არადა, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხვიჩა მაჭარაშვილს, დავით ჯანგველაშვილს და კიდევ რამდენიმეს, ეს სტატუსი მიენიჭა. ეს არ არის სამართლიანი, ეს უნდა გასწორდეს. მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნაა, აღდგეს სამართლიანობა და თუ მათ არ დააბრუნებენ ამ სიაში, მაშინ კომიტეტმა გააკეთოს განმარტება, ხომ არ იყო ეს ახალი ხელისუფლების დაკვეთა? ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, თუ კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში ხელისუფლებამ ასეთი კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო და ეს მე მეხება, გასაგებია, მაგრამ ამიხსნან, რა შუაში არიან ის ადამიანები, რომლებიც არ მოახვედრეს სიაშიო. ამბობს, რომ ამ ადამიანების წინაშე გარკვეული მორალური პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან მათი დაკავების ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ მათ კავშირი ჰქონდათ "ქართულ პარტიასთან", სხვა დანაშაული არ მიუძღვით. ამავდროულად, ძმები ტერაშვილები და დავით შიუკაშვილი სასტიკად ნაწამები არიან. ისინი ადრე დააკავეს და უკვე გასამართლებულები არიან.
- თავად, ვინმეს ცემის გამო თუ ამხელენ?
- ტერაშვილებთან უშუალოდ რობერტ გრიგალაშვილი - გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შედიოდა და პირდაპირ ეუბნებოდა, - მე ზურაბ ადეიშვილის სახელით გელაპარაკებით, მისი გადაწყვეტილებაა, - ერთ კვირას გაძლევთ მოსაფიქრებლად, უნდა თქვათ, რომ გადატრიალებას ირაკლი ოქრუაშვილი აწყობდა და "ზილის" ტიპის ავტომანქანით უნდა გადმოგეყვანათ ხალხი ცხინვალის მხრიდანო. რეალურად ეს "ზილი", რომელიც ამოიღეს და სახელმწიფოს გადასცეს, გაუმართავი იყო. სხვა დანიშნულებისთვის, კერძოდ, ხილის გადასატანად ჰქონდათ ნაყიდი, იმ დროს მანქანას ბევრი ნაწილი აკლდა. ისმის კითხვა, - თუ ხვალ გადატრიალებას აწყობს ადამიანი, ავტომანქანით უნდა შემოიყვანოს ჯარი, რაც სასაცილოა, ეს მანქანა გამართული არ უნდა იყოს? ქვეყნის წინააღმდეგ შემოიყვანო ერთი "ზილი" ხალხი და მოაწყო გადატრიალება, ესეც ხომ აბსურდია?!. როდესაც ისინი ციხეში მიიყვანეს, სასტიკად აწამებდნენ. ჯერ "მოდულის" შენობაში მოხდა ზეწოლა, შემდეგ მუხაძის კაბინეტში გაგრძელდა. ამ წამებას ესწრებოდნენ თანამშრომლები: ალეკო ჯანჯღავა, გოგა ბუთლიაშვილი, რომლებიც ამჟამადაც მუშაობენ სისტემაში. ტერაშვილები დადებითად იხსენებენ ვლადიმერ ბედუკაძეს და ამბობენ, - როდესაც ჩვენ ე.წ. "ფუქსში" ვყავდით, სადაც არც სკამი იყო, არც საწოლი, პირდაპირ ბეტონზე უნდა დავმსხდარიყავით ან უნდა დავწოლილიყავით, ბედუკაძე სიგარეტსაც გვაძლევდა და რამდენჯერმე ჩუმად, საჭმელიც მოგვაწოდა, თავისი მორიგეობის დროს ძველი ტანსაცმელი შემოჰქონდა, ბეტონზე რომ დაგვეფინა და დილით ადრე გაჰქონდა, სხვებს რომ არ ენახათო. რაც შეეხება დავით შიუკაშვილს, მის დასაკავებლად ხელისუფლებამ სპექტაკლი დადგა.
- რას გულისხმობთ?
- დაკავებამდე 10 დღით ადრე შიუკაშვილი რეზერვში გაიწვიეს და სენაკის ბაზაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, 2011 წლის 21 ივნისს სამხედრო პოლიციის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს და ღამის პირველ საათამდე თავისუფლება აღუკვეთეს, შემდეგ მასთან მოვიდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გოჩა სოფრომაძე, რომელიც ქუთაისის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი იყო. "ტოიოტათი" ქალაქგარეთ წაიყვანეს. როგორც იხსენებს, თეკლათთან გადაუხვიეს და ტყეში მიიყვანეს, სადაც ერთი შენობა იდგა და იქ ბევრი ადამიანი დახვდა. ჰყვება, - მანქანაში ვიჯექი, ულვაშიანი კაცი მოვიდა (რომლის ამოცნობა შემიძლია), უკავშირდებოდა ვიღაცას და 2 საათის შემდეგ მას უთხრეს, საქმე გაკეთებული გვაქვსო. დროის ამ მონაკვეთში გორში, შიუკაშვილის სახლში იარაღი შეიტანეს. თავად შიუკაშვილი შენობის უკანა მხრიდან გამოიყვანეს, სადაც სპეცრაზმელები იდგნენ და მისკენ განათებული პროჟექტორები იყო მიმართული. ამბობს, რომ უთხრეს, - თუ აქედან გაქცევას ეცდები, ისინი მოგკლავენ; რასაც გეტყვით, უნდა გააკეთო: 10 ნაბიჯი გაიარე, მერე, როდესაც დაგიძახებთ, უკან შემობრუნდი და ამ დროს მოხდება შენი დაკავებაო. მას სხვა გზა არ ჰქონდა, ასე მოიქცა.
ნიღბიანი ხალხი შემოესია და მისი დაკავების სპეცოპერაცია გაითამაშეს - თითქოს ტყეში გარბოდა და იმ დროს დააკავეს. ამას ამბობდა ის პროცესებზეც, მაგრამ მისი ჩვენება არავინ გაიზიარა. შიუკაშვილი ამბობს, რომ წამება თბილისში, "მოდულის" შენობაში განხორციელდა, ვინმე ლევანის ოთახში, რომელიც გაეცნო, როგორც საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი. ამბობს, უშუალოდ ლევანი მცემდაო. თურმე რამდენჯერმე დაკარგა გონება, რამდენიმე კვირა სისხლიანი შარდი ჰქონდა, ისე სასტიკად სცემეს, და როცა ექიმი მოითხოვა, უთქვამთ, აქ კურორტზე კი არ ხარო... ამ ადამიანებს ოჯახის წევრების დაკავებითაც ემუქრებოდნენ. ტერაშვილებს პირადად რობერტ გრიგალაშვილმა უთხრა, - 16-16 წელს მოგისჯით, შენს ძმას, მამაშენს და რძალსაც აქ მოვიყვანთო. ისინი ამბობენ, - რაც გლდანის ციხეში გადაღებულ კადრებში ჩანს, ორი კვირის მანძილზე ჩვენ თვალწინ ხდებოდა და ამ გზით გვაშინებდნენო. ისინი მზად არიან, ამ ყველაფრის შესახებ ჩვენება მისცენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. კიდევ, ლევან ტერაშვილი ამბობს, - კუდ-ში მთხოვდნენ, ხელი დამედო სოზარ სუბარისთვის - მეთქვა, თითქოს ამ გადატრიალების შესახებ ყველაფერი იცოდაო; უარი ვუთხარი და შევახსენე, რომ სოზარი ევროკავშირის კომისიის მრჩეველი იყო და მეორე დღეს, როცა დაბრუნდნენ, ეს აღარ მოუთხოვიათ.
- საქმეში მათი აღიარებითი ჩვენებები დევს?
- ბოლოს იძულებული გახდნენ ეღიარებინათ ის, რასაც მოითხოვდნენ. აღიარეს და სანაცვლოდ, ტერაშვილებმა 4-4-წლიანი სასჯელი მიიღეს, ხოლო შიუკაშვილს 3 წელი მიესაჯა. ლევან ტერაშვილი ამბობს, - წამებიდან ორი კვირის შემდეგ გლდანის მე-8 დაწესებულებაში, მეორე კორპუსის მე-60 საკანში რომ მიმიყვანეს, გადაადგილებაში პატიმრები მეხმარებოდნენო. ასახელებს პატიმრების გვარებს, რომლებიც ამ ფაქტს დაადასტურებენ. ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა, ვერ გახადეს, იმდენად იყო სისხლით გაჟღენთილი და მიკრული ჰქონდა ტანზე. იძულებული გახდნენ, ტანსაცმელი შემოეჭრათ და ისე გაეხადათ... ირაკლი ოქრუაშვილი ასევე თვლის, რომ არანაირი სამხილი არ არსებობს იმ საქმეშიც, რომლითაც მას 11 წელი მიესაჯა. ერთადერთი იყო ქიტოშვილის ჩვენება და მანაც განცხადება გააკეთა, რომ ეს ზეწოლით მისცა. ირაკლი ამბობს, თუკი სამართლიანობის აღდგენის პრინციპით არის ეს ხელისუფლება მოსული, უნდა შეწყდეს მის მიმართ სამართლებრივი დევნა, მიეცეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომისა და უდანაშაულობის დამტკიცების უფლება. თუკი ასე არ მოხდა, ჩათვლის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც აგრძელებს ახალი ხელისუფლება.
ამ ხმაურის ფონზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის და მისი თანამოაზრეების საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გრძელდება. ოქრუაშვილს უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და ხელმძღვანელობაში ედება ბრალი. მასთან ერთად მის ბიძაშვილს, იოსებ გიგუაშვილს ასამართლებენ, ასევე ბრალდებულები არიან: ხვიჩა საბაშვილი, გიორგი გაბროშვილი, ზაზა ბეთლემაძე, თამაზ ბეგიაშვილი და გაბრიელ პავლიაშვილი. მათ შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობას ედავებიან.
სასამართლო დარბაზი ისევ სავსეა ბრალდებულების გულშემატკივრებით. ჯერჯერობით ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იკითხებიან. მოწმის სტატუსით, შსს-ს თანამშრომელი რამიშვილი დაიკითხა. მისი თქმით, სამკაციანი ჯგუფი ცხინვალის საზღვართან იყო დაბანაკებული. ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ცხინვალიდან პირთა ჯგუფი შემოდიოდა. მოწმე ირწმუნება, რომ დაინახა 6-კაციანი ჯგუფი, რომელიც ერთ მიტოვებულ სახლში შევიდა; მათ შორის იყვნენ მალხაზ კაკაშვილი და ხვიჩა მაჭარაშვილი. მოწმე ასევე ირწმუნება, - ისიც დავინახე, ყუთებით როგორ გადაჰქონდათ იარაღი და მიწა როგორ მიაყარესო. ადვოკატებმა მას უამრავი კითხვა დაუსვეს და ხშირად პასუხის გაცემას ვერ ახერხებდა. ოქრუაშვილს მოწმე შეეცოდა და ადვოკატს მიმართა, - კარგი, ცოდვაა, შეწყვიტე მისი დაკითხვაო, - მაგრამ ადვოკატები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და დეტალურად ითხოვდნენ ყველა წვრილმანზე პასუხს.
- გეყოს ვაჟკაცობა და თქვი სიმართლე! - ვეღარ მოითმინა ბრალდებულმა გიგუაშვილმა. ამის გამო მან მოსამართლისგან შენიშვნა მიიღო.
ადვოკატმა ზვიად კორძაძემ კი ექსპერიმენტის ჩატარება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მოწმემ დაბეჯითებით თქვა, - 40 მეტრის მოშორებით ვიდექი და შევძელი მათი ამოცნობაო. იგი დეტალურად აღწერდა ბრალდებულების აღნაგობას. ადვოკატის მოთხოვნას პროკურორის პროტესტი მოჰყვა.
- ცირკის მოწყობას ნუ ცდილობთ, წაიკითხეთ საპროცესო კოდექსი, - მიმართა ადვოკატს გაბრაზებულმა პროკურორმა.
- ცირკს თქვენ მართავთ. კოლეგას შესაფერისი სიტყვებით უნდა მიმართოთ, - უპასუხა კორძაძემ და მოსამართლეს მოწმის ჩვენების გამოქვეყნება სთხოვა. ჩვენებები თავად წაიკითხა და მოწმე პოლიციელს ჰკითხა:
- ამ ჩვენებას ადასტურებთ, თქვენი დაწერილია?
- დიახ, ჩემი ჩვენებაა.
- არა, თქვენი კი არა, თქვენი კოლეგის - მოწმე გიორგი დავითაშვილის ჩვენება წავიკითხე.
ადვოკატის ამ სიტყვებს დარბაზში ტაში და რეპლიკები მოჰყვა.
- ღმერთის გეშინოდეთ! - წამოიძახა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა და მას მოსამართლემ სასწრაფოდ დარბაზი დაატოვებინა. შემდეგ სხვებს მიმართა, - ისე ნუ მოიქცევით, რომ სასამართლო სხდომა საერთოდ დავხუროო.
პროცესზე კიდევ რამდენჯერმე მოხდა ადვოკატებსა და პროკურორს შორის შელაპარაკება. შესვენების შემდეგ დარბაზში დაბრუნებულმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა აღნიშნა, რომ პროკურორის რეპლიკა არაეთიკური იყო და აღნიშნულ საპროცესო კოდექსს "პროკურორს თავზე დაახევს". აფციაური მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა და 500 ლარით დააჯარიმა. ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ პროკურორს არ მისცა შენიშვნა. საქმის განხილვა გრძელდება.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი მეგობრების პოლიტპატიმართა სიიდან ამოღების მიზეზს - ამის გარკვევა ეკა ბესელიასთან ვცადე. როგორც მისი პასუხიდან ირკვევა, არანაირი ტექნიკური ხარვეზი იქ არ ყოფილა.
ეკა ბესელია:
- ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა კორძაძემ განაცხადა, რომ ოქრუაშვილი არ აპირებს ისარგებლოს პოლიტდევნილის სტატუსით. ვფიქრობ, მათ ერთმანეთთან უნდა გაარკვიონ პოზიციები. გაუგებარია, ადვოკატი სხვა განცხადებას აკეთებს, "ქართული პარტია" - სხვას. ჩვენ ვამზადებთ ამ საკითხთან და კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას და გავავრცელებთ. გადაწყვეტილება კომიტეტმა მიიღო. მინდა გითხრათ, რომ იქ არ ხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. როგორც ჩანს, ოქრუაშვილს არ უნდოდა, ამ სტატუსით სარგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაელოდებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტს უნდა მიეღო და არ ჩამოვიდოდა. თუმცა, ამ საკითხის განხილვა ჯერჯერობით არ დასრულებულა.
ამ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ეკა ბესელია. შეიცვლის თუ არა პარლამენტი პოზიციას, გავრცელდება თუ არა შეღავათი ოქრუაშვილსა და მის თანამოაზრეებზე, ამ დღეებში გამოჩნდება.