შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 დეკემბერს ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება და კანონდარღვევის ფაქტებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისის წინ ოთხშაბათს განვითარებულ მოვლენებზე, რომლის დროსაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აგრესია გამოავლინეს შენობიდან გამოსული პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მისამართით. პრეზიდენტი მომხდარს მმართველი პოლიტიკური ძალის ორგანიზებულად, ”ქართული ოცნება” კი წინა წლების შედეგად მიიჩნევს.
”პრემიერ-მინისტრს შემდეგი 50 წელი არ ეყოფა, რომ ბოლო 8 წელიწადში ჩვენი აშენებული მიწასთან გაასწოროს, როგორც იმუქრება. ისევე ვერავინ ვერ დაანგრევს იმას, რაც ჩვენ შევქმენით. და მთავარი, რაც ჩვენ შევქმენით, არის ის, რომ ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფოებრიობა, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია”, - ეს სიტყვები პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 დეკემბერს რუსთავში სტუმრობის დროს წარმოთქვა და იქვე დააკონკრეტა, რომ წინა ხელისუფლების დროს აშენებულ ინსტიტუტს - ქართულ პოლიციას - ამჟამინდელი ხელისუფლების ხელში ბოდიშის მოხდა უწევს. ამასთან, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, 19 დეკემბერს ქუთაისში მომხდარი ინციდენტის გამო მას ბოდიშს სოციალური ქსელის საშუალებით ქუთაისის ბევრი მკვიდრი უხდიდა:
”ბევრ იმას (შეტყობინებას) ვიღებ ფეისბუქზე, რომ არ იყვნენ ესენი ქუთაისელები... რომ არ გეწყინოთ, მიშა, და ასე შემდეგ... მე ყველაზე კარგად ვიცი, ვინ იყვნენ ეს საოცრებები, რაც იქ იყვნენ შეკრებილი - ეს 30, 50 თუ 60 კაცი. მაგრამ პოლიციელები სულ ბოდიშს იხდიდნენ, იმიტომ რომ დილიდან მიიღეს ინსტრუქცია, რომ: არ გაეკაროთ, მიეცით საშუალება, რომ ამ რაღაც სუბიექტებმა, ამ აქტივისტებმა ერთი კონკრეტული პარტიის, რაღაცა გაუკეთონ პრეზიდენტს”.
მართალია, პრეზიდენტი და საპარლამენტო ოპოზიცია სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და ინციდენტის მშვიდობიანად დამთავრებას სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს უმადლის, მაგრამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 19 დეკემბერს პოლიცია თავის მოვალეობას ასრულებდა, წესრიგს იცავდა და სწორედ მან უზრუნველყო უსაფრთხოება პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების შენობაში შესვლისა და გამოსვლის დროს.
პრეზიდენტის გარდა, 19 დეკემბრს ქუთაისში აქციის მონაწილეების აგრესია უმცირესობის წარმომადგენლების მისამართითაც გამოვლინდა და, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი დარტყმა, ამ მხრივ, უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა მიიღო. თავის მხრივ, მომიტინგეებს დეპუტატმაც რამდენჯერმე გასცა პასუხი და მათ ”მოღალატეები” უწოდა. მართალია, უშუალო გარემოცვამ აკაკი მინაშვილს ფიზიკური ძალადობა აარიდა თავიდან, მაგრამ, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 19 დეკემბერს ცალკეულ შემთხვევებში მაინც გამოვლინდა ფიზიკური ძალადობა და, მათ შორის, ქვების სროლის სახითაც.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ 19 დეკემბრის აქცია ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის ზვიად ძიძიგურისთვის გაუგებარია, რაში უნდა სჭირდებოდეს ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას ასეთი აქციის მოწყობა ოპოზიციისთვის. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გადაინაცვლებდნენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლასა და სხდომაზე სიტყვით გამოსვლასაც ითხოვდნენ. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ქუთაისში მომხდარი ინციდენტი წინა ხელისუფლების მიერ დანერგილი ძალადობრივი მეთოდების ლოგიკური შედეგია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მომიტინგეთა აგრესია იმავე დღეს დაგმო მმართველი პოლიტიკური ძალის არაერთმა წარმომადგენელმა. ერთ-ერთი პირველი იყო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც ამ საკითხს ყურადღება სხდომის მსვლელობისას დაუთმო და გადაუდებელი ვალდებულებები თანაგუნდელებსაც შეახსენა:
”თუ ჩვენ, ხელისუფლებამ, აღმასრულებელმაც და საკანონმდებლომაც, ერთხელ და სამუდამოდ არ დავამკვიდრეთ რაღაც სტანდარტი ამ ქვეყანაში, მაშინ ძალიან მალე, ძალიან მალე მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს. და უმრავლესობის მოვალეობაა ეს, რომ აღკვეთოს ეს უმსგავსოება, თუ ისე იყო, რასაც მეუბნებიან”.
პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, აგრესია 19 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც დაგმო. ”ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ვართ და ვგმობთ ნებისმიერ აგრესიას, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი. ოპონენტების მიმართ აგრესია და დაპირისპირება, სამწუხაროდ, წინა წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და დღეს სწორედ ამის შედეგებს ვიმკით“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვეა მოწოდება საქართველოს მოქალაქეების მისამართით, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის დაპირისპირებისგან და არ აჰყვნენ პროვოკაციებს. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მიიჩნევს, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ”დროულად გამოიძიონ ყველა კანონდარღვევა და სამომავლოდ აღკვეთონ მსგავსი პროვოკაციები”.
ცნობა იმის თაობაზე, რომ 19 დეკემბრის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. ”გამოძიებას ქუთაისის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით აწარმოებს. სამართალდამცველები დაადგენენ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ ყველა კანონდამრღვევი პირის მიმართ. გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებას მიეწოდება სრული ინფორმაცია”, - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. აქვე განვმარტოთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი ხულიგნობის ბრალდებას შეეხება. სასჯელი სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარია და ის ჯარიმასა და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას შორის მერყეობს.