სერგეი ბაღაფში: - ენგურჰესი ჩვენია!

სერგეი ბაღაფში: - ენგურჰესი ჩვენია!

აფხაზეთის ლიდერის, სერგეი ბაღაფშის ინტერვიუ.

წლის დასაწყისში "ინტერ რაო ეეს"-ის მეთაურმა, ევგენი დოდმა განაცხადა, რომ რუსეთს ენგურჰესის ექსპლუატაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია. თქვენც ამბობდით, თანამშრომლობის პერსპექტივებზე სასაუბროდ მზად ვართო. ვლადიმირ პუტინის ბოლო გამოსვლიდანაც ჩანს, რომ შესაძლოა აფხაზეთის ზოგიერთი ობიექტი რფ-ის საკუთრებაში გადავიდეს. როგორ გგონიათ, რეკონსტრუქციის შემდეგ ენგურჰესს ასეთი პერსპექტივა არ ექნება?

- ენგურჰესი აფხაზეთის საკუთრებაში დარჩება. სხვადასხვა ვარიანტია შესაძლებელი: ერთობლივი საწარმოები - ერთობლივი ექსპლუატაციები, ან როგორც ახლა რკინიგზაზე ვაკეთებთ, დროებით მმართველობაში შეგვიძლია გადავცეთ. ეს ნორმალური ვარიანტია და გაყიდვას არ ნიშნავს, ან ბალანსიდან ბალანსზე გადაცემას - ეს ერთობლივი ექსპლუატაციაა. ზოგიერთ პოზიციაზე ჩვენ ჯერ "ინტერ რაო-ეეს"-ს არ მოვლაპარაკებივართ. ჩვენ წინასწარ ხელშეკრულებაზე ვმუშაობთ. წინააღმდეგობები არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარდება.

შესაძლებელია თუ არა საქართველოსთან ისეთი იურიდიული დოკუმენტის გაფორმება, რომელიც რეგლამენტირებას გაუწევს ენგურჰესის ექსპლუატაციასა და მომსახურებას?

- მგონია, რომ ამის შესაძლებლობა არ არის. ენგურჰესი აფხაზეთის საკუთრებაა. ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, რა პროცენტები დავაწესოთ და საჭიროა თუ არა ამის დაწესება. სამწუხაროდ, საქართველოს ახლანდელ ხელმძღვანელობასთან, პოლიტიკურთანაც და იმათთანაც, ვინც ენერგეტიკაში მუშაობს, დღეს რაიმის განხილვა შეუძლებელია, რადგან ის იდეა, რომ აფხაზეთი საქართველოა, ჩვენი აღიარების მიუხედავად, მათი იდეფიქსია - ტვინში აქვთ ჩამჯდარი და ასე კიდევ დიდხანს იქნება. ამის გამო ყველა ზარალდება, დაზარალდება ენერგეტიკაც. როგორ უნდა ველაპარაკოთ საქართველოს ამ ხელისუფლებას, როცა ხომალდი-ტანკერი, რომელიც ჩვენკენ ბენზინით დატვირთული მოდიოდა, დააკავეს? ეს გვიან გავიგეთ. მაგრამ ჩვენ ხომ საქართველოსავით არ ვბანდიტობთ. სომალიში რომ მეკობრეები იყვნენ, ვიცოდით, ახლა საქართველოშიც გაჩნდნენ. მაგრამ მეკობრეებს ისე უნდა ვებრძოლოთ, როგორც მათ შეეფერებათ - უნდა გავანადგუროთ და ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს.

სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან ტერიტორიული პრეტენზიები გაუჩნდა, აფხაზეთსაც ხომ არა აქვს სადავო ამ მიმართულებით?

- როგორ არა. ჩვენ ამაზე მაშინ დავიწყებთ ლაპარაკს, როდესაც დემარკაციის საკითხი დაისმება, კერძოდ, საზღვარზე გალის რაიონში. არსებობს იურიდიული მასალები, რომ ეს ჩვენი ძირძველი მიწებია. მაგრამ ჯერ ამის დრო არ არის, ჩვენ ეს საკითხი არ წამოგვიწევია.

ახლო მომავალში ხომ არ აპირებთ ამ მოთხოვნების წამოყენებას?

- არა, ჯერ არა.

რუსეთი აფხაზეთში სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 15 მლრდ რუბლს დებს. ეს საქართველოს პროვოცირებას ხომ არ გამოიწვევს?

- თუ დასავლეთის ქვეყნები, ყველანი ერთად, საქართველოს ინფრასტრუქტურაში დებენ ფულს, ჩვენ რატომ არ უნდა დავიცვათ თავი რუსეთის დახმარებით? ის, რომ ევროპის ცენტრში, კოსოვოში, ნატოს შვიდი ათასკაციანი ბრიგადები დგანან - ეს შეიძლება? ყოველი ქვეყანა ცდილობს თავდაცვის გზით რამდენიმე სამხედრო კავშირში შესვლას. ჩვენც ამას ვაკეთებთ. ჩვენ კარგად ვიცნობთ ჩვენს მეზობელს - საქართველოს.

"კავკაზსკი უზელი", რუსეთი