პორტუგალიის პრიმეირა ლიგის XXVIII ტურში გიორგი მაკარიძის „სეტუბალმა“ ჩვენებურის ყოფილ გუნდ „რიუ ავეს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, 1:2 წააგო.
ქართველი კიპერი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ეს მატჩი წარუმატებელი გამოუვიდა. გიორგიმ 27-ე წუთზე პენალტი აიკიდა, რისი წყალობითაც „რიუ ავემ“ ანგარიში გაათანაბრა, ჩვენებურმა კი ყვითელი ბარათიც მიიღო.
ამასთან, პირველი ტაიმის მიწურულს ტრავმის გამო შეცვალეს. ჯერჯერობით უცნობია დაზიანების სიმძიმე, მაგრამ სავარაუდოდ სერიოზული არაფერი იქნება. თუმცა, მომდევნო ტურში „გიმარაეშთან“ მისი თამაში მაინც გამორიცხულია, რადგან მიმდინარე სეზონში მეხუთედ გააფრთხილეს და დისკვალიფიკაციის მოხდა უწევს.
მაკარიძის ნაცვლად თამაშში ბრაზილიელი ლუკას პაეში ჩაერთო, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. ვთქვათ ისიც, რომ გიორგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩი აქვს ჩატარებული და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. „სეტუბალი“ სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულითაა დაშორებული.