გადასახადების გაზრდამდე ერთი წელიწადი რჩება

გადასახადების გაზრდამდე ერთი წელიწადი რჩება

პრეზიდენტს წელიწადნახევრის წინ იდეა გაუჩნდა, მსოფლიოსთვის თავი იმით მოეწონებინა, რომ ეთქვა, გადასახადების გაზრდის საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდებაო. მერე ნახევარი წელი მთავრობა იმაზე ფიქრობდა, ამ ნათქვამისთვის როგორი ფორმა მიეცა. პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს კი ნელ-ნელა იმ გადასახადების ჩამონათვალს აკლებდა, რომელთა გაზრდის საკითხიც რეფერენდუმით გადაწყდება. საბოლოოდ კი რა დარჩა, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, კანონპროექტი ორი მოსმენით არის მიღებული და რამდენიმე თვეა, არავის გახსენებია, რომ მესამე მოსმენით მიღებაც არის საჭირო.  სამაგიეროდ, ამასობაში ის გადაწყდა, რომ ეს ცვლილებები ძალაში 2012 წელს შევა.

 

როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ პროექტის დამტკიცების გადაფიქრებას არ აპირებს. როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, პარლამენტი მიმდინარე კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო დამტკიცებას აპირებს, რომლითაც 2012 წლიდან გადასახადების გაზრდა, მხოლოდ რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

 

გასულ თვეებში, პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნით, საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილი გადაიდო, სადაც რეფერენდუმზეა საუბარი. მათი მოსაზრებით, გადასახადების გაზრდა არა რეფერენდუმზე, არამედ მთავრობისთვის ნდობა-უნდობლობის საკითხზე უნდა ყოფილიყო მიბმული. კერძოდ, თუ მთავრობა ქვეყანაში გადასახადების გაზრდას მოინდომებდა, პარლამენტში მისი ნდობა-უნდობლობის საკითხი უნდა შესულიყო. თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას გამოუცხადებდა, მაშინ გადასახდებიც გაიზრდებოდა, თუ არა და პარლამენტს ახალი მთავრობის ფორმირება მოუწევდა.

 

მაშინ ოპოზიციის ამ მოსაზრების პროექტში ასახვის და „ნდობა-უნდობლობის“ გამოცხადების პროცედურებზე, კონსულტაციების პირობა მიიღეს, მაგრამ ისე, რომ მთავრობა მათ პოზიციას მაინც არ გაიზიარებს.

 

მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ქრისტიან-დემოკრატებთან კონსულტაციებისთვის და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის გადადებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

უშედეგო კონსულტაციები კი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ მიუღებელია და როგორც გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, თუ ხელისუფლება აღარ აპირებს ამ შეთავაზების განხილვას, მაშინ კონსულტაციებს აზრი არ აქვს და შეუძლიათ საკონსტიტუციო ცვლილებები როცა სურთ, მაშინ დაამტკიცონ.

 

არადა, ამ ინიციატივას ოპოზიციაც და ექსპერტებიც საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებენ და არც მთავრობას აქვს იმაზე პასუხი, თუ ამ ინიციატივის ამოქმედებას რა ეკონომიკური შედეგი შეიძლება ჰქონდეს.

 

„თავისთავად სათაური ლამაზად ჟღერს და სადაც სათაურში სიტყვა „თავისუფლება“ ფიგურირებს, საზოგადოებას მოსწონს. განსაკუთრებით კი საერთაშორისო საზოგადოებას და მით უმეტს აშშ-ს. მაგრამ, არა მგონია, ბუნებაში არსებობდეს ქვეყანა, სადაც გადასახადები დგინდებოდეს რეფერენდუმის გზით. ამ ინიციატივის მთავარი არსი ხომ სწორედ ეს არის. მსგავსი რამ, ოღონდ, ადგილობრივ დონეზე, არის შვეიცარიაში, სადაც კანტონის გადასახადის საკითხი წყდება რეფერენდუმით და ცხადია, ეს რეფერენდუმი ტარდება კონკრეტულ კანტონში და ასევე არის აშშ-ის ერთ შტატში. თუმცა, იქ საუბარია ადგილობრივ გადასახადზე.

 

ამერიკაში აბსოლუტურად სხვა სისტემაა და სხვა რეალობაა და ბუნებრივია, რომ სააკაშვილი ამით ამერიკელებს „აბოლებს“. მათთან ხომ არ აკეთებს ამ იდეის სრულ პრეზენტაციას, ამბობს მხოლოდ იმას, რომ კეთდება მეწარმეებისთვის ხელშესაწყობად და ისინიც ტაშს უკრავენ. სინამდვილეში კაციშვილმა არ იცის, ეს რა აქტია.  ამიტომაც ვამბობ, რომ ეს პოლიტიკა არის ძალიან არათანამიმდევრული“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე.