ფიბამ ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს კალათბურთელთა ოცნების გუნდი დაასახელა.
გამოკითხვა მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხმათა 20 პროცენტით პირველ ადგილზე თორნიკე შენგელია გავიდა, რომელმაც ზაზა ფაჩულიას სამი პროცენტით აჯობა.
მესამე და მეოთხე პოზიცია შესაბამისად 16 და 14 პროცენტით ვიქტორ სანიკიძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა დაიკავეს. ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა კი ხმათა 11 პროცენტი მიიღო.
ოცდამეერთე საუკუნეში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ოთხ ევრობასკეტზე გამართული 24 მატჩიდან 7 მოიგო და 17 წააგო. 2022 წელს კი თბილისი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის შეხვედრებს ახალ სპორტის სასახლეში მიიღებს.