კორონავირუსმა ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყნები არ დაინდო, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მხცოვანია. თუმცა საინტერესოა, როგორ აისახება ეს ვირუსი ახალგაზრდობაზე შობადობის თვალსაზრისით და როგორი დემოგრაფიული სურათი ელის საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდში?! ამის შესახებ For.ge-ს დემოგრაფი ანზორ სახვაძე ესაუბრა.
კორონავირუსის პანდემია როგორ აისახება დემოგრაფიაზე? კაცობრიობის რაოდენობა შემცირდება, თუ თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაირთვება?
- 2020 წელს მსოფლიოში მომხდარი კორონავირუსის პანდემიის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. ამ თავისი არსით სამედიცინო პრობლემას თან ახლავს ბევრი სხვა თანმდევი საკითხი, რომელთა შორისაც უმნიშვნელოვანესი გამოწვევა კარს მომდგარი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია. უკვე მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, როგორ დააღწევს თავს მსოფლიო იმ ეკონომიკურ კრიზისს, რომლის უმთავრესი ნიშნებიც, პირველ რიგში, წარმოების დონის შემცირების შედეგად გამოწვეული გაზრდილი უმუშევრობაა. თუმცა საინტერესოა ის სავარაუდო პერსპექტივა, რასაც ე.წ. პოსტპანდემიური პერიოდი უქადის საქართველოს დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას. მართალია, პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ დღესვეა საჭირო იმ საკითხებზე დაფიქრება, რა იქნება ხვალ? აქედან გამომდინარე, რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რათა ისეთივე მცირე დანაკარგებით გადავიტანოთ საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური შედეგები, როგორც ეს თავის სასახელოდ მოახერხა ჩვენმა ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლაში. საბედნიეროდ, ეკონომიკურად განვითარებული ბევრი სახელმწიფოსგან განსხვავებით, პანდემიის შედეგად საქართველომ უმნიშვნელო ადამიანური დანაკარგი განიცადა, რაც ხელისუფლებისა და მთლიანად სამედიცინო სექტორის პროფესიული, დროული და ჰარმონიზებული თანამშრომლობის შედეგია. ბუნებრივია, ეს მცირერიცხოვანი დანაკარგი დიდ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე, მაგრამ აღსანიშნავია პანდემიის პერიოდში საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებული ჩვენი თანამოქალაქეების დემოგრაფიული ქცევის საკითხი. მართალია, არ ვიცით, უკანდაბრუნებულთა და ჯერ კიდევ ემიგრაციაში დარჩენილთა ზუსტი რაოდენობა, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ პანდემიის დროს თავი ისევ თავის სამშობლოს შეაფარა და არ დარჩა ეკონომიკურად წარმატებულ იმ ქვეყნებში, სადაც ლუკმა-პურის საშოვნელად წლებია, საქმიანობდნენ. მათმა არჩევანმა გაამართლა და მათ საქართველოში მიიღეს კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ის სამედიცინო მომსახურება, რისი მიღების შესაძლებლობაც სხვადასხვა მიზეზთა გამო ხშირად არ ჰქონდათ იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებოდნენ.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ იმ ზოგადი მიდგომების შესახებაც, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებისას. ძირითადად გამოიკვეთა ორი სახის მიდგომა, ქვეყნების ერთმა ჯგუფმა სტრატეგიად აირჩია ეკონომიკის გადარჩენა, ხოლო ადამიანების, ანუ თავიანთი მოსახლეობის ბედი ალალბედზე მიუშვეს, რათა მათ თვითონ გამოემუშავებინათ ე.წ. ჯოგური, ანუ პოპულაციური იმუნიტეტი. მეორე ჯგუფში კი, რომელშიც შედის საქართველო, შევიდნენ ის ქვეყნები, რომლებმაც პრიორიტეტი ადამიანთა გადარჩენას მიანიჭეს და დროულად დაიჭირეს თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლის თადარიგი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკითხი იდგა ასე, ჯერ ეკონომიკა, თუ ჯერ ადამიანი? უფრო მარტივად, ასეთი ალტერნატივა ნიშნავს ეკონომიკასა და დემოგრაფიას შორის სწორი არჩევანის გაკეთებას. ისინი, ვინც სწორი არჩევანი ეკონომიკის სასარგებლოდ გააკეთა, ყურადღებას არ აქცევენ იმ ისტორიულ ფაქტს, რომ ეკონომიკას ადამიანის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია, ხოლო ადამიანს (ანუ ფართო გაგებით, დემოგრაფიას, მოსახლეობას) ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უწევდა ყოველგვარი ეკონომიკის გარეშე არსებობა. მხედველობაში მაქვს პირველყოფილი ადამიანის არსებობის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ის არავითარ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწეოდა და მხოლოდ ბუნებაში მზა სახით არსებული არსებობის საშუალებებით ირჩენდა თავს. აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანს კვლავ შესწევს უნარი, აღადგინოს ეკონომიკა. ადამიანების გარეშე დარჩენილი ეკონომიკა კი ვერასოდეს ვერ აღდგება. ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობამ სავსებით სწორი პოზიცია აირჩია და აქცენტი ადამიანის გადარჩენაზე გააკეთა, თუმცა ამასთან, არც ეკონომიკის დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა არ შეუჩერებია. საკითხისადმი ასეთი მიდგომა სწორად მიმაჩნია, რადგან პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, რომელიც, ეკონომიკის, საბოლოო ჯამში კი, სიმდიდრის გადარჩენაზე იყო ორიენტირებული, ეს ნამდვილად ჰუმანური, ადამიანური და სრულიად გამართლებული ქმედებაა, რაც ქვეყნის უმთავრეს სიმდიდრეზე, მის მოსახლეობაზე ზრუნვას გულისხმობს და ესოდენ ესაჭიროება დემოგრაფიული თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ქვეყანას. გავიხსენოთ ჯანსუღ ჩარკვიანის ცნობილი ლექსი, „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!“.
თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, როგორია ის შესაძლო დემოგრაფიული შედეგები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს კორონავირუსის პანდემიის დასრულებას საქართველოში?
- როგორც აღვნიშნე, პანდემიით გამოწვეული პირდაპირი დემოგრაფიული დანაკარგები დიდი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს იმიგრანტების შემდგომმა დემოგრაფიულმა ქცევამ, ანუ მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მათი უმრავლესობა, დარჩებიან საქართველოში, თუ კვლავ შრომით ემიგრაციაში გაემგზავრებიან. ყველა იმიგრანტის საქართველოში დარჩენის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სათანადო პირობები ყველა შრომისუნარიანის დასაქმებისთვის, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ არც მათი წინანდელი სამუშაო ადგილები იქნება დიდხანს ვაკანტური უცხოეთში, რადგანაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იქაც სამუშაო ადგილების დეფიციტს განაპირობებს. ასე რომ, თითქმის არც ერთი ქვეყანა ხელგაშლილი არ დახვდება ჩვენს შრომით ემიგრანტებს. ეს კი, ბუნებრივია, გაზრდის დატვირთვას ჩვენი ქვეყნის შრომით ბაზარზე. ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას სრულფასოვანი სამუშაო ადგილები თუ არა, პირველ ეტაპზე, სოციალური დაზღვევისა და დაცვის უფრო ეფექტური სისტემა მაინც, რომელიც საშუალებას მისცემს უმუშევრად დარჩენილ როგორც იმიგრანტს, ასევე, ადგილზე მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, შედარებით ადვილად დაძლიონ დროებითი ეკონომიკური სიძნელეები.
რაც შეეხება პანდემიის გავლენას შობადობაზე, ვარაუდობენ, რომ გაცილებით მეტი ბავშვი დაიბადება, ვიდრე კორონავირუსამდელ პერიოდში.
- ერთი მხრივ, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მომავლისადმი შიშისა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ოჯახში თვითიზოლაციაში ყოფნით გამოწვეული სტრესული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შობადობის დონემ დაიკლოს კიდეც, მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლებელია პირიქითაც კი მოხდეს, ანუ პოსტპანდემიურ პერიოდში შობადობის დონე გაიზარდოს. ეს შეიძლება გამოიწვიოს ბევრი ქორწინებითი წყვილის დიდი ხნის განმავლობაში ერთ ჩაკეტილ სივრცეში ყოფნამ, თუკი ისინი გაითვალისწინებენ ცნობილი ქართველი მომღერლის ზურაბ მანჯავიძის მიერ თვითიზოლაციაში დაწერილი მშვენიერი სიმღერის მოწოდებას - „ახალგაზრდებმა მიხედეთ ქვეყნის დემოგრაფიასო“.
როგორი იქნება პანდემიის გავლენა ქორწინებასა და განქორწინებაზე?
- ვფიქრობ, ეს გავლენა შესამჩნევი არ იქნება, რადგან პანდემია თითქმის არავითარ გავლენას არ ახდენს ქორწინებისა და განქორწინების დონეთა განმსაზღვრელ ფაქტორებზე. ამიტომ არ მიმაჩნია სწორად, უკანასკნელ ხანს საინფორმაციო არხებით გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის პირობებში ყოფნის გამო, თითქოსდა, ზოგიერთ ქვეყანაში გაიზარდა განქორწინების რაოდენობა. როგორ წესი, რთული პირობები, იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა ხასიათის, პირიქით, იწვევს ურთიერთდახმარების გრძნობის გაძლიერებას. ამიტომაც ასეთ ვითარებაში ოჯახი უფრო მეტ სიმტკიცეს იჩენს ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. გარდა ამისა, ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება ყოველგვარ საღ აზრს, რადგან კარს მომდგარი ეკონომიკური კრიზისის დროს არც ერთი ჭკუათმყოფელი არ წავა განქორწინების რისკზე, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ერთი ბინის ნაცვლად (სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს), მათ დასჭირდებათ კიდევ ერთი ბინა ოჯახიდან წასული მეუღლისთვის, რისი შეძენის შესაძლებლობაც მოსალოდნელი მძიმე ეკონომიკური პერსპექტივიდან გამომდინარე, ცოტა ოჯახს თუ აქვს. ასე რომ, პანდემიის გამო განქორწინების რაოდენობა პრაქტიკულად არ გაიზრდება, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში მოსალოდნელი იყოს ქორწინებათა რიცხვის ზრდა, სავარაუდოდ, ქორწინების სიხშირის მაჩვენებელი კიდევ კარგა ხანს შენარჩუნდება ამჟამად არსებულ დონეზე.
ამას იმით ხსნით, რომ ახალგაზრდობა ჩაკეტილ სივრცეშია და ვერ ხვდება ერთმანეთს?
- არა მარტო ჩაკეტილები რომ არიან, არამედ სახსრები არ აქვთ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა თავს იკავებს დაქორწინებისგან, რადგან არ აქვს ოჯახის რჩენის თავი. რომ დაოჯახებულიყვნენ, ეს ზედმეტი ტვირთი იქნებოდა, რჩენის საშუალება არც მათ აქვთ, არც მათი ოჯახის წევრებს, არც სახელმწიფოს, რადგან სოციალური დახმარება უნდა უხადოს. ამიტომ ჩვენ ვერ გავიზიარებთ ზოგიერთი ვითომ მეცნიერის უსაფუძვლო იმედებს იმასთან დაკავშირებით, რომ „თუ ეკონომიკა წინ წაიწევს, შეიძლება საქართველო კავკასიაში მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდეს“. ეს წარმოუდგენელია. საინტერესოა, როგორ შეიძლება ეს მოხდეს მაშინ, როცა, ერთი მხრივ, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდება და უკვე თითქმის 10 მილიონს მიაღწია იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობა უკვე 30 წელია, განუხრელად კლებულობს და 2020-ის პირველი იანვრისთვის 3 მილიონ 716 ათას 900-ს კაცს ძლივს შეადგენს. მეორეც, თუნდაც ეკონომიკის წინ წაწევის შემთხვევაში, შობადობის დონე კი არ იზრდება, არამედ უფრო კლებულობს. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში დაბალი შობადობაა. საფრანგეთი, გერმანია, აშშ, კანადა, იაპონია, ყველანი ჩვენზე წინ არიან და ყველგან დაბალი შობადობაა. ასე რომ, ვითომ დემოგრაფის ეს ოპტიმიზმი სრულიად უსაფუძვლოა და მხოლოდ კარგი სადღეგრძელოს შთაბეჭდილებას ტოვებს.