„გიორგი გახარიას დამოუკიდებელი საელექტორატო ბაზა გაუჩნდა“

„გიორგი გახარიას დამოუკიდებელი საელექტორატო ბაზა გაუჩნდა“

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლა საქართველოს მთავრობის და, კერძოდ, გიორგი გახარიას პირად ანგარიშზეა და ეს სულაც არ არის „ქართული ოცნების“ წარმატება. ასე რომ, მცდარია მოსაზრება, თითქოს ოცნებას „წამოეშველა“ კორონავირუსი და მასთან წარმატებული ბრძოლის იმიჯი. სინამდვილეში, ეს ქულები მხოლოდ გიორგი გახარიას სასარგებლოდაა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge - სთან საუბრისას აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ფაქტობრივად, მთავრობა, გიორგი გახარიასთან ერთად გავიდა ცალკე პოლუსად. ისე გამოდის, ფაქტობრივად, გიორგი გახარია ემიჯნება „ქართულ ოცნებას“, ანუ ის პოზიტიური იმიჯი, რაც კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით იყო დაფიქსირებული, ეწერება არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს მთავრობას და კერძოდ, გახარიას. ეს არის პოლიტიკური კურიოზული სიტუაცია, როდესაც საქართველოს მთავრობა გახდა დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე, დამოუკიდებელი აქტორი.

„დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში არის რამდენიმე აქტორი - ეს არის საქართველოს მთავრობა, როგორც განყენებული პოლიტიკური აქტორი, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ჯერჯერობით ჰყავს საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე, არის გაერთიანებული ოპოზიცია, დანარჩენები კი არიან სუსტად მოთამაშე სამი პოლიტიკური აქტორი - „ლელო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „სოლიდარობის ალიანსი“. ამ ჩამონათვალიდან საქართველოს მთავრობა ცალკე უნდა გამოვყოთ, როგორც ცალკე პოლიტიკურად დრეიფში მოთამაშე. დღეს არის პოზიტიური შეხედულებები გიორგი გახარიას, როგორც ეფექტური მენეჯერის მიმართ, რომელმაც შეძლო კორონავირუსის პანდემია საქართველოსთვის აეცილებინა. იმის ფონზე, რაც ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე, რუსეთში, სადაც ხელისუფლებებმა ლამის ხელი აიღონ და თქვან, რომ კაპიტულაცია გამოაცხადეს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, ჩვენ საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს. ბუნებრივია, ეს არის დამსახურება პირადად გახარიასი და საქართველოს მთავრობის, როგორც ერთიანი გუნდის, რომელიც გახარიას ეგიდით ხელმძღვანელობს. გახარია არ არის „ქართული ოცნების“ არც წევრი, არც ლიდერი, ის არის დამოუკიდებელი მოთამაშე, ამიტომაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, ევაჭროს და მოლაპარაკება აწარმოოს გახარიასთან, რომ როგორმე ჩაითრიოს თავის ფერხულში და მისი იმიჯი გამოიყენოს. ეჭვი მეპარება, გახარია ამას დათანხმდეს, მას კარგად ესმის, რომ ეს იქნება მისი პირადი კაპიტალის გაყიდვა იმ ფონზე, რაც მოხდა 20 ივნისის შემდეგ.

ცხადია, რომ 20 ივნისს მართლაც იყო შეჭრის მცდელობა და გადატრიალების სურვილი, მაგრამ მეორე მომენტია, რომ ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, ადამიანებმა თვალები დაკარგეს. ეს ცუდი იმიჯი არსებობს, მაგრამ გახარიამ შეძლო ამის გადალახვა. ის სახელმწიფოებრიობის მომხრე პიროვნებაა, კარგი მეურვეა და კარგი ცენტრისტული მხედველობა გააჩნია“,- აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, ეს პოზიტივი „ქართული ოცნების“ ანგარიშზე არაა, სანამ გახარიას ფაქტორია საქართველოში. ჩვენთან, საქართველოში, ძალიან ავტოკრატიული საზოგადოებაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პიროვნებებს, ანუ ქარიზმატული ლიდერი ჩვენთვის ამოსავალი წერტილია. თავის დროზე ეროვნული მოძრაობა უკავშირდებოდა გამსახურდიასა და კოსტავას ფენომენს (ბალტიისპირეთში ეროვნული მოძრაობა კონკრეტულ პიროვნებებს კი არ უკავშირდებოდა, არამედ იქ იყო ერთიანი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა), მერე მოვიდა შევარდნაძის ხანა, შემდეგ - სააკაშვილის ხანა, ახლა ივანიშვილის ხანაა, რომელიც უკვე სრულდება და პოლიტიკაში შემოდის გახარია, როგორც მენეჯერი.

ვახტანგ მაისაია იმასაც იხსენებს, რომ საბჭოთა პოლიტიკურ სისტემაში არსებობდა ასეთი ვარიანტი - იყო ბრეჟნევი და იყო კოსიგინი, რომელიც საკმაოდ კარგ მეურვედ ითვლებოდა და, რომელმაც საბჭოთა ეკონომიკა აღმავლობის დონეზე აიყვანა. კოსიგინი აბსოლუტურად განსხვავებული ფიგურა იყო, ის არ ასოცირდებოდა საბჭოთა კავშირის ლიდერშიპთან, რომელსაც წარმოადგენდა ბრეჟნევი. ეს შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას ესადაგება, რადგან გახარია შემოვიდა, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე საქართველოს მთავრობაში, ის არ ასოცირდება პარტიულ კლასტერთან, ის არ ცდილობს ასოცირებას „ქართულ ოცნებასთან“.

ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ კახა კალაძეც კი ცდილობს, გახარიას მოდელი აიღოს და ნაკლებად იყოს „ქართულ ოცნებასთან“ მიბმული. თუნდაც ის წარმატებები, რასაც კალაძე ახორციელებს თბილისში, მიდის არა „ქართული ოცნების“, არამედ უშუალოდ კალაძის სასარგებლოდ. მართალია, კალაძე ფორმალურად რჩება „ქართული ოცნების“ ლიდერად, მაგრამ ფიქრობს, ეს შლეიფი ჩაიხსნას თავისი სახელიდან.

„გახარიას გაუჩნდა თავისი საელექტორატო ბაზა, ახლა მთავარია, რამდენად მოხდება კონსენსუსი „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერებსა და ამ ორ პოლიტიკურ ფიგურას შორის“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისასალმებელია, გიორგი გახარია კარგი კრიზისმენეჯერი აღმოჩნდა, რადგან პოლიტიკოსის ავკარგიანობა გამოჩნდება ხოლმე კრიტიკულ სიტუაციაში. გახარიამ აჩვენა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ძალიან წარმატებული მენეჯერია იმ სამედიცინო შედეგებით და იმ ქმედებებით, რაც მან და „ქართულმა ოცნებამ“ ერთობლივად განახორციელეს.

„ამ შემთხვევაში, მე არ გავყოფ ერთმანეთისგან გახარიას და „ქართულ ოცნებას“, რადგან გახარია „ოცნების“ ხელში პრემიერ- მინისტრია. შესაბამისად, ის ასოცირდება „ოცნებასთან“. ოპოზიცია როგორც კი დაინახავს რომელიღაც დადებით პიროვნებას, რომელსაც ხალხში აქვს ავტორიტეტი, მაშინვე მუშაობს მისი რეიტინგის დაცემასა და განეიტრალებაზე. 20 ივნისს რაც მოხდა და საცოდავ მაკო გომურს თვალი დათხარეს, ოპოზიციონრებს ეს სულაც არ ადარდებთ, ოპოზიციას სურდა მაღალი რეიტინგის მქონე პიროვნების, ანუ გახარიას დისკრედიტაცია, თვალთხარიას და რას არ უწოდებდნენ მას, მაგრამ გახარიას დისკრედიტაცია მაინც ვერ შეძლეს. ამის ნათელი მაგალითია, როდესაც სოციალურ ქსელში გახარიასთან მიმართებით რაღაცას დაწერ, მაშინვე „ლაიქების“ დიდი რაოდენობა მოდის, რაც გახარიას სასარგებლოდ ძალიან კარგი მაჩვენებელია. უფრო მეტნი უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები „ქართულ ოცნებაში“, განათლებულები, კარგი მენეჯერები და ავტორიტეტულნი. მაშინ „ოცნებასაც“ ბევრად მოემატება რეიტინგი“, - მიიჩნევს თამარ კიკნაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Maverick ბ. ივანიშვილი, გ. გახარია, კ. კალაძე ერთმანეთს ავსებენ და აბალანსებენ, სამივე ჭეშმარიტი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსია, რომელთა ბადალი ბოლო 33 წლის მანძილზე არავინ არ არის.
3 წლის უკან
Maverick პ.ს. უკაცრავად უნდა იყოს 29 წელი
3 წლის უკან
romani Maverick

ძნელია არ დაგეთანხმოთ. ბატონ მაისაიას კი, პირიქით, ძნელია, რომ დაეთანხმო.
3 წლის უკან