უკრაინის საინფორმაციო სააგენტოს „უკრინფორმ“-ის («Укрiнформ») კორესპონდენტმა ნადია იურჩენკომ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას, თანამდებობაზე დანიშვნიდან 100 დღის გასვლასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც უკრაინის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი საუბრობს „ფართო წრის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე“: საკადრო გადაწყვეტილებებზე, სიტუაციაზე დონბასთან და ყირიმთან დაკავშირებით, ირანთან და საქართველოსთან ურთიერთობაზე და სხვა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თუ გავითვალისწინებთ სიტუაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კიევიდან თავისი ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევის თაობაზე და თბილისში უკრაინის ელჩის სამინისტროში სასაუბროდ მიწვევის
შესახებ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ საქართველოს სახით ძველ მეგობარს ვკარგავთ. გაგახსენებთ, რომ თქვენ თქვით - როგორმე გადავიტანთ ჩვენი ურთიერთობების გაუარესებასო...
- მე ვთქვი, რომ ჩვენ გადავიტანთ ყველანაირ კრიზისს ჩვენს ურთიერთობებში.
- და ვინ შექმნა ეს კრიზისი?
- ზოგიერთი კრიზისი მარტივად იქმნება, რადგან ყოველ ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს. მე თქვენ გარწმუნებთ: არავის არ შეუძლია უკრაინულ-ქართული ურთიერთობის დარღვევა. პოლიტიკური დაძაბულობა განელდება, ეს ყველაფერი თანდათან დავიწყებული იქნება და ჩვენ სამომავლოდ მშვენივრად გავაგრძელებთ ურთიერთობას. ამიტომაც, როცა მე ვთქვი, რომ გადავიტანთ-მეთქი, დამიჯერეთ, რომ მართლაც ასე იქნება, იმის მიუხედავად, ვინც არ უნდა დაიწყოს ჩემი ნათქვამის ირონიზირება. მზე ისევ იბრწყინებს, ჩვენ ისევ შევსვამთ ქართულ ღვინოს და ისევ ვიმსჯელებთ ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.
- როცა ამბობთ, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას ვერავინ დაარღვევსო, შესაძლოა, თქვენ სათანადოდ ვერ აფასებთ მიხეილ სააკაშვილს?
- და იქნებ თქვენ ახდენთ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გადაჭარბებით შეფასებას?
- მაგრამ ფაქტია, რომ ქართული მხარე მძაფრად რეაგირებს იმაზე, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საშინაო საქმეების კომენტირებას ახდენს.
- უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო მოსამსახურედ არ ითვლება. შესაბამისად, საქართველოს საქმეების კომენტირების დროს იგი უკრაინის სახელმწიფოს პოზიციას არ აჟღერებს.
- როდის შეიძლება ველოდოთ საქართველოს ელჩის დაბრუნებას კიევში?
- ელჩის დაბრუნება კონსულტაციების შემდეგ ქართულ მხარეზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ კონტექსტში პატივს ვცემთ საქართველოს ყველა გადაწყვეტილებას - იმიტომ, რომ საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ახლო მეგობარია