გასული კვირის მთავარი საერთაშორისო მოვლენა (ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის) გაეროს მორიგი რეზოლუცია გახდა, რომელიც ქართული მხარის მიერ მომზადდა, რის განხილვაშიც 105-მა ქვეყანამ არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მათგან, ვინც მიიღო, 14-მა მხარი დაუჭირა, 11 კი წინააღმდეგი წავიდა.
რაკი საკითხის განხილვას ხმათა უბრალო უმრავლესობაც ჰყოფნიდა, გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ აფხაზეთში ქართველების ეთნოწმენდა მოხდა.
შესაბამისად, გადაწყვიტა, რომ დევნილები აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს და აფხაზეთში 1992 წელს არსებული ეთნიკური სურათი უნდა აღდგეს.
სეპარატისტული ხელისუფლება, ჩვეულებისამებრ, ცივ უარზეა (ვინც იომა, აფხაზეთში ცხვირსაც ვერ შემოყოფსო), რუსეთის საგარეო უწყება ამ ჟესტს იმის დასტურად მიიჩნევს, რომ ქართველებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება არ უნდათ.
თავის მხრივ, ქართველები იმით არიან ბედნიერი, რომ მსოფლიოს (თუმცა მათგან მხოლოდ 14-ს) მხოლოდ 15 წლის შემდეგ გააგებინეს საკუთარი გასაჭირი.