„ამ ცამოწმენდილზე, ამ სიცხეში, კოალიციური მთავრობის საკითხის დასმა მხოლოდ ოპოზიციის გეგმებში შეიძლება მომწიფდეს“

„ამ ცამოწმენდილზე, ამ სიცხეში, კოალიციური მთავრობის საკითხის დასმა მხოლოდ ოპოზიციის გეგმებში შეიძლება მომწიფდეს“

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარე საფრთხეების გარდა, ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რომელთა მიზანს წარმოადგენს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ავტორიტეტული ინსტიტუციების დასუსტება, როგორიცაა ეკლესია, ჯარი, პოლიცია. ასევე მიუღებელია საზოგადოების განწყობებზე მაღალი გავლენის მქონე ინდივიდები, ლიდერები.

შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველაზე ანტიეროვნული მტრული ძალის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სახით, პერსპექტივა არის ნულის ტოლფასი. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი გამორიცხავს 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანა იმ რეალობის წინაშე აღმოჩნდეს, რასაც კოალიციური მთავრობა ჰქვია: „ვერ წარმომიდგენია კოალიციის შექმნა მოგვიწიოს, ჩვენი პოლიტიკური ძალა ძლიერად გაიმარჯვებს არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც წესი, კოალიციური მთავრობა საპარლამენტო მმართველობის სისტემებში გვხვდება, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტება ევალება პარლამენტს. კოალიციური მთავრობა იქმნება მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია ვერ იღებს ხმების საკმარის რაოდენობას და საკმარისი მანდატების რაოდენობას იმისათვის, რომ ერთპიროვნულად გაიტანოს კანონპროექტები და ან დააკომპლექტოს მთავრობის შემადგენლობა; ვერ იქმნება საპარლამენტო უმრავლესობა და შეუძლებელი ხდება ერთპარტიული მთავრობის შექმნა. შესაბამისად, მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, ორი ან მეტი პარტია აყალიბებს კოალიციას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ადგილს იკავებს და აყალიბებს კოალიციურ მთავრობას. კოალიციური მთავრობის გამორჩეული თავისებურებაა ის, რომ სხვადასხვა მინისტრები კოალიციის წევრი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან.

განმეორდება თუ არა 2012 წლის მოდელი, როდესაც შეიქმნა პარტიათა კოალიცია ბიძინა ივანიშვილის მიერ, რთული სათქმელია, რადგან მაშინ ამოცანა სხვა იყო - სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება. „ქართული ოცნება“ სისტემურად უპირისპირდებოდა სააკაშვილის რეჟიმს როგორც ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ სისტემას. ახლა ვითარება შეცვლილია, სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისითაც სახელმწიფო გაცილებით წინ წავიდა.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ჯერჯერობით ადრეა ლაპარაკი კოალიციურ მთავრობაზე, დიდი ალბათობით ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება საარჩევნო სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციაში შევა ცვლილებები და იქნება 1%-იანი ბარიერი, ალბათობა იმისა, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ძალიან მაღალია.

„ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, პარალამენტში ბევრი მწვრილი პარტია, 1 და 2 კაციანი მანდატის მქონე პარტია შევა. ველოდები, რომ თუ საკონსტიტუციო შესწორებები შევიდა და 1%-იანი ბარიერი მივიღეთ, ალბათობა კოალიციური მთავრობის არის ძალიან მაღალი. მაგრამ ვისთან კოალიციური მთავრობა? - არის „ნაციონალური მოძრაობა“; „ევროპულ საქართველო“; ანა დოლიძის პარტია; „ლელო“; რესპუბლიკელები; პატრიოტები, ამიტომ პოლიტიკური სპრქტრი უნდა დალაგდეს.

ჯერჯერობით არ ვიცით. როდესაც ლაპარაკია კოალიციურ მთავრობაზე, ლაპარაკი არ არის ისეთ საკითხზე, როგორიც არის საარჩევნო ბლოკის შექმნა. მე თუ ვარ კოალიაციაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მე რაღაცა გარანტიები მაქვს და თუ გამოვალ კოალიციიდან, ის კოალიცია დაიშლება. ანუ, კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ ძალას აქვს რეალური ბერკეტები იმისა, რომ მან ზეგავლენა მოახდინოს მთავრობის პოლიტიკაზე“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა კოალიციური მთავრობის ფორმირება, რადგან ანალიტიკოსი ელოდება, რომ „ქართული ოცნება“ 76 მანდატზე მეტს აიღებს და მთავრობის შემადგენლობასაც თვითონვე დაამატკიცებს.

„მიუხედავად საარჩევნო კანონმდებლობისა და სისტემისა არავითარი კოალიცია არ გახდება საჭირო. შერეული სისტემა, რაც დღეს გვაქვს - 77+73 თუ დარჩა, ასეთ შემთხვევაში დიდი შანსი აქვთ მმართველ გუნდს, რომ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ახალ სისტემის შემთხვევაში 76 მანდატს ნებისმიერ შემთხვევაში აიღებს „ქართული ოცნება“. ამას ადასტურებს „გორბის“ კვლევა და მთლიანად არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისი თქმით, ოპოზიცია ასეთი სტრატეგიით, რაც ახლა აქვთ, შედეგს ვერ მიაღწევს. ზარდიაშვილი არ ფიქრობს, რომ ოპოზიციური გაერთიანება პერსპექტიული იყოს. ამიტომ, მისი თქმით, ვერ ხედავს რაიმე ფაქტორს, რომელიც ხელს შეუშლის „ქართულ ოცნებას“, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ საკუთარი მთავრობა შექმნას.

„რასაკვირველია, თუ მიიღებენ ახალ საარჩევნო სისტემას, მაშინ მეტი პარტია მოხვდება პარლამენტში, მაგრამ მოხვედრა ხომ არ არის თვითმიზანი, ბევრნი ფრაქციას ვერ შექმნიან, რადგან ახალი რეგლამენტით ფრაქციის შესაქმნელად 7 დეპუტატი იქნება საჭირო. რაც შეეხება პარლამენტის შემადგენლობას, ძირითადი პოლიტიკური ძალები იქნებიან: „ქართული ოცნება“; „ნაციონალური მოძრაობა“; „პატრიოტთა ალიანსი“; „ევროპული საქართველო“; შესაძლოა - „ლეიბორისტული პარტია“ და „ლელო“. თუმცა, ეს ამინდს ვერ შექმნის პარალემენტში. ამ წუთიდან ცხადია, რომ უმრავლესობა ეყოლება „ქართულ ოცნებას“ და მთავარი ოპოზიციური ძალა, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. ამ წუთის მდგომარეობით „ქართული ოცნების“ უმრავლესობას მომავალ პარლამენტში არაფერი ემუქრება, ეს არის ფაქტი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

დღეს არსებული მონაცემებით, კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, იქიდან გამომდინარე, რომ „კოვიდ 19“–ის პანდეემიის შემდეგ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზარდა, თუმცა აბაშიძე თვლის, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის დამაზიანებელია საკონსტიტუციო უმრავლესობა. მისი თქმით, როდესაც არ გყავს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ჩრდილოვანი კაბინეტის სახით ოპონირებს, ასეთ შემთხვევაში მმართველი პარტია მოეშვება, რადგან კონკურენცია ნაკლებია.

„დღეის მონაცემებით, ივლისის ბოლომდე არ გვეცოდინება, როგორი საარჩევნო სისტემით შევხვდებით არჩევნებს, ანუ - მივიღებთ თუ არა 120-30-ს 1%-ით, თუ დარჩება 73-77-ზე. თუ დარჩა არსებული სისტემა, მაშინ ამ სისტემიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რომ „ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თუმცა, ჩემი ვარაუდით, პარლამენტში შევლენ - „ლელო“; კიდევ უფრო გაიზრდება „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლობა, მაგრამ საკმაოდ შემცირებული იქნება „ევროპული საქართველო“, რადგან საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვთ და ფრაქციას თუ შექმნიან, ესეც მაქსიმალისტური პროგნოზია. ცხადია, შევა „ნაციონალური მოძრაობა“.

ეჭვი მეპარება, რომ „ლეიბორისტები“ შევიდნენ. შალვა ნათელაშევილის უპრინციპო ქცევები იმდენად გამაღიზიანებელია ელექტორატისთვის, რომ არ მგონია ნათესავების გარდა, ვინმემ მისცეს ხმა. დუშეთის რაიონში, საკუთრ სოფელშიც კი წააგო არჩვენები. საკუთარ სოფელში რომ მეხუთე ადგილზე გახვალ, ეს არის კატასტროფა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, თუ პასუხისმგებლობის გრძნობა გაგაჩნია, მაგრამ, როგორც ჩანს, ნათელაშვილს არ გააჩნია. ასე რომ, არ მგონია, ნათელაშვილი ოდესმე მოვიდეს პარლამენტში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, არც ერთი არჩევნების წინ, „ქართულ ოცნებას“ ასეთი რეიტინგი არ ჰქონია, როგორც ახლა და არც ერთი არჩევნების წინ ოპოზიცია ასეთი სუსტი არ ყოფილა. ამ პირობებში კი, პოლიტოლოგის შეფასებით, კოალიციური მთავრობის საკითხი ხელოვნური თემაა.

„თუ დაიწყო რეიტინგული პროცესი, ანუ სახელისუფლებო გუნდის რეიტინგის დაწევა, ან ოპოზიციის რეიტინგის აწევა, შეიძლება გაჩდეს კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი, მაგრამ ამ ცამოწმენდილზე, ამ სიცხეში ამ საკითხის დასმა, რომლის აქტუალურობა არანაირი არგუმენტით არ დასტურდება, მხოლოდ ოპოზიციის არცთუ ისე შორს მიმავალ გეგმებში შეიძლება მომწიფდეს.

რა თქმა უნდა, თუკი შეიქმნება ასეთი მდგომარეობა, ალბათ, ხელისუფლებასთან ითანამშრომლებენ პატრიოტები. მიმაჩნია, რომ „ლელოც“ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან. „ლელო“ არ არის იმ ტიპის პოლიტიკური მოვლენა, რომელიც იტყვის – თუ მე არ ვიქნები ქვეყნის სათავეში, ეს ქვეყანა დაინგრესო. დანგრევაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა ნამდვილად არ არის. კი, ითანამშრომლებს, მაგრამ ეს „თუ“, იმდენად დაშორებულია რეალობას, რომ შანსები საკმაოდ დაბალია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

„როგორ უნდა შედგეს კოალიციური სისტემა?“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, რომლის განცხადებით, ბუნებრივია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის კოალიციური მთავრობა ვერ შედგება. ასევე, მისი თქმით, რთული წარმოსადგენია კოალიცია გაერთიანებულ ოპოზიციაში მყოფ პარტიებთანაც.

„წარმოვიდგინოთ, რომ ნათელაშვილთან შედგეს კოალიციური მთავრობა, რაც არ უნდა ფანტაზია ჰქონდეს ადამიანს, ეს ხომ ცოტა რთული წარმოსადგენია. ერთადერთი, შეიძლება კოალიციურ მთავრობაზე ვისაუბროთ „ლელოსთან“, სადაც ის ადამიანები ერთიანდებიან, რომლებიც თავის დროზე გაერთიანდნენ „ქართულ ოცნებაში“, ანუ - ულტრალიბერალური ფლანგი, მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელად, ბატონმა ხაზარაძემ რევერანსი გააკეთა ტრადიციებით განწყობილი საზოგადოების მიმართ, რომელმაც დაინახა, რომ მისი პარტია გადაიქცა სოროსელების თავშეყრის ახალ ეპიცენტრად, სადაც ასევე მიემართება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი. ასე რომ, შესაძლოა, თეორიულად წარმოვიდგინოთ „ლელო“, თუმცა ესეც ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ, ვეთანხმები ირაკლი ღარიბაშვილის განწყობას და მის ხედვას. ცოტა რთული წარმოსადგენია კოალიციური მთავრობა“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

Aburjga Tasmanieli ამერიკის პრეზიდენტს ბატონ დონალდ ტრამპს ვულოცავ დაბადების დღეს! ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ, მხნეობას კაცობრიობის მტერ ლიბერალურ ელიტასთან ბრძოლაში! გამარჯვებული მენახეთ ბატონო ტრამპ ამა წლის შემოდგომაზე! დღეს თქვენ მესიის ლახვარი ხართ უღმერთო და მკრეხელი გლობალისტების წინააღმდეგ, მხოლოდ გამარჯვება, მხოლოდ გამარჯვება ბატონ ტრამპს!!!
3 წლის უკან