„თუ გახარია უნდა დარჩეს პრემიერად, უმჯობესია, ის იყოს „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი“

„თუ გახარია უნდა დარჩეს პრემიერად, უმჯობესია, ის იყოს „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი“

ვინ იქნება „ქართული ოცნების“ სიის სათავეში? ამ კონტექსტში უკვე დასახელდა გიორგი გახარიას, ირაკლი კობახიძისა და მამუკა ბახტაძის კანდიდატურები. გახარია არაფერს გამორიცხავს და სიასთან დაკავშირებით აცხადებს, „ნუ ვჩქარობთ, ყველაფერი შესაძლებელია, ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი“. ყველაზე მეტი გაუგებრობა გამოიწვია „ქართული ოცნების“ სიის სათავეში ირაკლი კობახიძის სავარაუდო დასახელებამ, რაც ეკა ბესელიამ „ოცნების“ სრულ კაპიტულაციად და ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებად შეაფასა. არის კიდევ ერთი ვერსია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ პრემიერ მამუკა ბახტაძეს საარჩევნო სიის ლიდერობა უკვე შესთავაზა. სხვთა შორის, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ შეთავაზება იქნება ბევრის მიმართ, მათ შორის, მამუკა ბახტაძესთანაც, თუკი მას ექნება ამის ინტერესი.

წინასაარჩევნო სამზადისთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

რამდენად არსებითია, ვინ იქნება „ოცნების“ სიის სათავეში - გახარია, კობახიძე, ბახტაძე? თუ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და ოპოზიციის მხრიდან საერთო კანდიდატებზე შეთანხმების მიუხედავად, ხელისუფლება არჩევნებში მაინც გაიმარჯვებს?

- „ქართული ოცნების“ სიის სათავეში ვინ იქნება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ფაქტობრივად არ აქვს, რადგან პირველ პირში ყოველთვის იგულისხმება ზევით მდგომი და ეს ზევით მდგომი არის ივანიშვილი, ისევე, როგორც „ნაცმოძრაობაში“ პირველ ნომერს მნიშვნელობა არ აქვს, „ნაცმოძრაობის“ უკანაც და ზევითაც დგას სააკაშვილი. სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანები, რომლებიც რეალურად მართავენ თავიანთ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, არ არიან რეალურ პოლიტიკაში შემოსულნი. მიუხედავად ამისა, თუ კენჭი უნდა იყაროს გახარიამ, სჯობს, სიის სათავეში იყოს გახარია, რადგან პრემიერად თუ აპირებს დარჩენას, როგორც წესი, ეს უფრო შეესაბამება საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს. ეს იქნებოდა უფრო კარგი და გამოკვეთილი საქციელი. რაც შეეხება იმას, კობახიძის სიის სათავეში ყოფნა ხარისთვის წითელი დროშის ფრიალია თუ არა, ოპოზიცია როგორც გახარიას წინააღმდეგ გამოიყენებს 20 ივნისის ამბებს, ისევე გამოიყენებს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომის ფაქტს. ამიტომ აქ წითელი დროშის აფრიალება მთლად სწორი და რეალური არ უნდა იყოს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გახარია უნდა დარჩეს პრემიერად, მაშინ უმჯობესია, წმინდა კონსტიტუციური სიტუაციიდან გამომდინარე, ის იყოს „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი. სხვა მხრივ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იქ ახლა პირველი ნომერია ივანიშვილი.

თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიციის ლიდერია სააკაშვილი, მაგრამ დავით ბერძენიშვილი აღიარებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას არ ჰყავს უპირობო ატამანი, პოლიტიკური ლიდერი და ამიტომაც განწირულნი არიან ურთიერთთანამშრომლობისთვის. ამავდროულად, ახალი პარტიები იქნება, დიდი კონკურენციის პირობებში ამომრჩეველი საერთოდ ხომ არ დაიბნევა?

- თუკი საუბარია მთლიანი ოპოზიციის ლიდერზე, ისევე, როგორც თავის დროზე ლიდერი იყო ივანიშვილი, ან სააკაშვილი, ასეთი ლიდერი დღეს ოპოზიციას ნამდვილად არ ჰყავს, მაგრამ წამყვან ოპოზიციურ პარტიას ჰყავს არაფორმალური ლიდერი და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ გაერთიანებული ოპოზიციიდან, რომ ლიდერი არ ჰყავთ, ასეთი ლიდერი მათ ჰყავთ. ამომრჩევლისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ იგივდება სააკაშვილთან და არა სხვა რომელიმე ფიგურასთან.

რამდენად დამაჯერებელია „ქართული ოცნების“ მოლოდინი, რომ ოპოზიციის საერთო რეიტინგი 35-40% იქნება, რაც „ოცნებისთვის“ არჩევნებში გამარჯვების ფორმულაა?

- დღესდღეობით, შესაძლოა, ხელისუფლებას გარკვეული უპირატესობა მართლაც ჰქონდეს, ოღონდ ასეთ კატასტროფულ პროცენტებს - 35 და 40%-ს მე ნამდვილად ვერ ვხედავ. ამ ეტაპზე გამომდინარე ბევრი ფაქტორიდან, მათ შორის, კორონას ფაქტორიდან, მათ შორის, იქიდან, რომ ჯერ საზოგადოება ამ ვირუსის გავლენის ქვეშაა და ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციები მხოლოდ ახლა იწყებს მოქმედებას, ეს მონაცემები შესაძლოა, რეალობასთან ახლოს იყოს, მაგრამ ხვალ ასე იქნება თუ არა, ეს არის მთავარი. ქვეყანა ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშეა. მეორეც, ოპოზიცია ჯერჯერობით სრულად ჩამოყალიბებული არ არის. ჩვენ როდესაც ვნახავთ, როგორი იქნება საარჩევნო კოდექსი და რა ვითარებაში მოუწევთ პარტიებს ბრძოლა მანდატებისთვის, შემდეგ უფრო შესაძლებელი იქნება იმის დაკონკრეტება, როგორი იქნება საარჩევნო ოლქები, რომელთა რაოდენობაც 30-ია, მაგრამ რომელი რეგიონები იქნება მოცული და ვინ იქნებიან მაჟორიტარები, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. ამის შემდეგ შეეძლება „ოცნებას“ რეალურად ლაპარაკი, ოპოზიციას ყველა ვარიანტში მოუგებს თუ არა. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, ხელისუფლებას აქვს გარკვეული ფორა, მაგრამ ეს არ არის მყარი და გარანტირებული ფორა. ეს ფორა შეიცვლება იმის მიხედვით, როგორ წარმართავს ხელისუფლება დღეიდან თუ ხვალიდან საარჩევნო პროცესს და როგორ მივა არჩევნებამდე.

დასახელდა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატურები. წინმსწრებად ცნობილია, რომ უგულავას ფოთში წარადგენენ, ბაქრაძეს-ისანში, ხოშტარიას-ვაკეში, ღვინიაშვილს-კახეთში, სერგი კაპანაძეს და კაკო ბობოხიძეს-იმერეთში, ბოკერია კი პრემიერად უნდათ. ზემოთ ჩამოთვლილი ძველი სახეები რამდენად მომგებიანია არჩევნებისთვის? მათ ფონზე ახალ პარტიაში გაერთიანებული დამოუკიდებელი დეპუტატები ამბობენ, რომ საზოგადოება დაიღალა 30 წელი უაზრო პოლიტიკით, ხალხს პოზიტიური დღის წესრიგი სჭირდება. როგორ ფიქრობთ, ე.წ დამოუკიდებელი დეპუტატები რას შესთავაზებენ ქვეყანას, არსებობს კი პოზიტივი ქვეყანაში, რომ შესთავაზონ ამომრჩეველს?

- დავიწყოთ იმით, რომ შესაძლოა, ძველ სახეებს არ ჰქონდეთ იმის რესურსი, დამატებითი ელექტორატი მიიზიდონ, მაგრამ მათ ჰყავთ საკუთარი ელექტორატი. თქვენს მიერ დასახელებულ კანდიდატებს „ევროპული საქართველოდან“ თავიანთი ელექტორატი ჰყავთ და არც ისე ცოტა ელექტორატია ეს, თუკი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს შევხედავთ. რაც შეეხება ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატებს, გასაგებია, მათ შორის ახალი სახეებიც არიან, მაგრამ ჯერჯერობით მათ ის პრობლემაც აქვთ, რომ თავიანთი ელექტორატი არ ჰყავთ. დღემდე ისინი მოვიდნენ „ქართული ოცნების“ საერთო ელექტორატით. ახლა, როდესაც ისინი დამოუკიდებელ ჯგუფს აყალიბებენ, გაყვება კი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მათ? თუნდაც „ოცნების“ მხარდამჭერთა მცირე ნაწილი გაყვება? აქვთ კი მათ ის პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც მიმზიდველი იქნება ამომრჩევლისთვის? რაც შეეხება პოზიტივის შეთავაზებას, ჯერჯერობით ეს პოზიტივი არ ჩანს არც დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან. ამიტომ მათ ბევრი სამუშაო აქვთ.

თუ ზვიად კვაჭანტირაძესა და გედევან ფოფხაძეს არ ჩავთვლით, იქ ვინც არის, საკმაოდ გამოუცდელია, ანუ სულ რაღაც ორი კაცია, რომელთაც იციან, რა არის არჩევნები და როგორ უნდა წარმართონ იგი. ეს არჩევნები ასე მარტივიც არ არის. გასაგებია, რომ არსებობს ელექტორატი, რომელიც არც „ქართული ოცნებისაა“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიების და ეს ელექტორატი ეძებს მესამე ძალას, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ჩვენი ამომრჩეველი მესამე ძალად აღიქვამდეს დამოუკიდებელ დეპუტატებს. ამასთან, მესამე ძალის პრეტენზია აქვს „ლელოსაც“, ალეკო ელისაშვილსაც, შემოდის ანა დოლიძეც, ანუ საკმაოდ ფართო სპექტრია.

Aburjga Tasmanieli ბახტაძე რომელი სიის პირველი ნომერი უნდა იყოს?! ვახა, ხა,ხა.....)))) ის კარგი ახალგაზრდა კაცია, ზრდილობიანი, წესიერი, ალბათ საკმაოდ განათლებულიცაა, მაგრამ ის არის ტიპიური "მუდო"! მ უ დ ო! ბუნებითაა ასეთი, შინაგანი წყობით! იმის ლიდერობა არ გამოვა! დაანებეთ თავი ამ გლახაობას და იმ კაცსაც შეეშვით!!!
3 წლის უკან