ოპოზიცია კვლავ ჯიუტად ითხოვს მობილური ტარიფების გაიაფებას, მაგრამ უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ეს პერსპექტივა წარსულს ჩაბარდა. მთავრობის მიერ ახალი გადასახადის შემოღებამ, მოსახლეობისთვის ოდნავი შეღავათის მინიჭების საშუალებაც კი ჩანასახშივე მოსპო.
ოპოზიციონერები ჯერ კიდევ იბრძვიან. ლეიბორისტული პარტია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისგან სატარიფო პოლიტიკის გადახედვას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა მარეგულირებელი კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
”ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერის კახა ძაგანიას განცხადებით, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებში წილობრივ-ფინანსური ინტერესები გააჩნიათ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შეგნებულად ერიდება სატარიფო პოლიტიკის გადახედვას და, შესაბამისად, ხალხის ინტერესების გათვალისწინების ნაცვლად, მაღალჩინოსნების გავლენის ქვეშ ექცევა.
ძაგანიას განცხადებით, მარეგულირებელმა კომისიამ სრულიად თავისუფლად შეიძლება გავლენა მოახდინოს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებზე და შეამცირებინოს ტარიფები თუნდაც იმ გზით, რომ მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი გაუქმდეს, რაც 14,8 თეთრს შეადგენს. აღნიშნული მოთხოვნით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჩიქოვანს პარტიის სპეციალური განცხადებაც გადაეცა.
თუმცა, ეს აქტიურობა უკვე დაგვიანებულია. ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, ხანგრძლივი დებატების შემდეგ მთავრობაში გადაწყდა, რომ მობილური საკომუნიკაციო მომსახურება ფიქსირებული 10%-ით დაიბეგროს.
კავშიგაბმულობის მომსახურეობის მომსახურების დაბგვრა შემოღებას ბაზრის უმსხვილესი კომპანიებმა “მაგთიკომმა” და “ჯეოსელმა” უკვე გააპროტესტეს. “ჯეოსელის” მენეჯმენტის განცხადებით, ასეთი გადასახადის დაწესება შეაფერხებს ინვესტიციებს, რომელიც ამ სფეროში ტექნოლოგიური პროცესების განვითარებისათვის იდება.
”მაგთიკომის” მარკეტინგის დირექტორის ირაკლი ლობჟანიძის განცხადებით, დამატებითი გადასახადი ტარიფს ვერ გააიაფებს. “კონკრეტულად რა ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული გადასახადი ტარიფზე, ამას მომავალში ვნახავთ. არ არის გამორიცხული, რომ ტარიფი გაძვირდეს. ეს საკმაოდ დიდი გადასახადია, რომელიც კომპანიის ხარჯებს ზრდის”, - ამბობს ლობჟანიძე.
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციში” აცხადებენ, რომ გადასახადის დაწესებას მობილური ოპერატორები სათავისოდ გამოიყენებენ. ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილი განცხადებით, გამორიცხული არ არის მობილურმა ოპერატორებმა სექტემბრისათვის დაგეგმილი ტარიფის შემცირება გადაიფიქრონ.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ კი ქართულ ბაზარზე მოქმედი მობილური ოპერატორების წინააღმდეგ კომისიაში სარჩელიც კი შეიტანა.
აფბა-ს შეფასებით, მობილური ოპერატორების მიერ დაწესებული ფასები მობილურ სატელეფონო მომსახურებაზე არასამართლიანად ძვირია. მაგრამ მთავრობის უხეშმა ჩარევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა დას საუკეთესო შემთხვევაში ტარიფი აღარ გაიზრდება, თორემ გაიაფებაზე საუბარიც კი აღარ არის.