გიორგი არველაძემ ეკონომიკის სამინისტროს მე-11 სართულზე აუზი მოიწყო

გიორგი არველაძემ ეკონომიკის სამინისტროს მე-11 სართულზე აუზი მოიწყო

(იბეჭდება შემოკლებით)

მზია ნარმანია ეკონომიკის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. იგი გიორგი არველაძის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ჟურნალისტმა სამინისტროდან უკანონოდ  გათავისუფლებული პირებისა და საკუთარი თავის დასაცავად ბრიფინგის მოწყობაც დააპირა. პირველ რიგში კი „კვირის პალიტრას“ დაუკავშირდა.

მზია ნარმანია: - ხომ გახსოვთ, ირაკლი ოქრუაშვილის ორდღიანი მინისტრობა! 80-მდე თანამშრომლის სამსახურიდან გაშვების ბედი იმ დღეებში განისაზღვრა.

ამბობენ, ოქრუაშვილს სამინისტროში ფეხი არ შემოუდგამსო?

- სამაგიეროდ, ვიდრე ოქრუაშვილი დაინიშნებოდა, მისი წარმომადგენლები ერთი კვირით ადრე მოვიდნენ ეკონომიკის სამინისტროში და თანამშრომლები სამსახურიდან მოსალოდნელი წასვლის შესახებ გააფრთხილეს. ეს საქმე გიორგი არველაძის მოსვლის შემდეგ დაგვირგვინდა.

ისე, მე არც ოქრუაშვილი მინახავს თვალით და არც არველაძე. ჩვეულებისამებრ, ორშაბათს მივედით სამსახურში და გავიგეთ, რომ ოქრუაშვილი იქ შაბათ-კვირას მისულა. ამბობდნენ, მას პრეზიდენტი ესტუმრა, რაღაცაზე წაილაპარაკეს და ინციდენტიც მოხდაო. ზუსტად არავინ იცოდა, ვინ იყო ამ ინციდენტის ავტორი - ოქრუაშვილი თუ პრეზიდენტი ან რაზე იკამათეს. ასეა თუ ისე, ორშაბათს ოქრუაშვილმა მინისტრობიდან წასვლის შესახებ განაცხადა და თანამშრომლებმაც გაიხარეს, გათავისუფლების შიში ოდნავ გაუქრათ.

მოვიდა არველაძე და ვინმე დავით ძიძიკაშვილი მოიყოლა, რომელიც აპარატის უფროსად დაინიშნა. ძიძიკაშვილმა იმ დღესვე თავი მოგვიყარა და წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა მოგვთხოვა. მე მაშინვე ვთქვი, რომ ამას არ გავაკეთებდი და ჩემს ინტერესებს სასამართლოში დავიცავდი. 80-მდე ადამიანმა კი ერთ დღეს დაწერა განცხადება და გათავისუფლდნენ კიდეც.

ქალბატონო მზია, შევთანხმდეთ: მინისტრს სტრუქტურული რეორგანიზაციისა და ზოგიერთი შტატის გაუქმების უფლება აქვს. ხომ ასეა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ მან ეს თვითნებურად კი არა, კანონის დაცვით უნდა განახორციელოს. შესაბამისი კანონმდებლობა მოითხოვს სტრუქტურული რეორგანიზაციის გამოცხადებისთანავე სამინისტრომ ან ახალი დებულება შექმნას, ან არსებულში ცვლილებები შეიტანოს. მინისტრის ინდივიდუალურ ბრძანებას მხოლოდ ამის შემდეგ ექნება გამართლება. მე იუსტიციის სამინისტროდან გამოვითხოვე წერილობითი პასუხი იმის თაობაზე, რომ დებულებაში მსგავსი ცვლილება არავის შეუტანია. აქედან გამომდინარე, სამინისტროს ბრძანება ჩემი გათავისუფლების შესახებ უკანონოა.

კიდევ რამდენიმე საკითხს შევეხები. გახსოვთ, პრეზიდენტმა მინისტრებს უთხრა, საახალწლო მისალოცებისთვის ფული თქვენი ჯიბიდან დახარჯეთ და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდანო. ზუსტად იმ პერიოდში, გიორგი არველაძემ მისალოცების დასამზადებლად საჭირო თანხა ეკონომიკის სამინისტროდან სააგენტო „სარკეს“ ჩაურიცხა. ეტყობა, ეკონომიკის სამინისტროში ამ მისალოცების დარიგება პრეზიდენტის შენიშვნის შემდეგ მოერიდათ და ისინი მე-8 სართულზე, საპირფარეშოს წინ მდებარე ოთახში დაყარეს.

მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ეკონომიკის სამინისტროს შენობის ზედიზედ სამჯერ გარემონტებაც ძალზე საეჭვოდ გამოიყურება. რამდენადაც ვიცი, ამ საკითხით კონტროლის პალატისა და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. იმხანად, ისინი სამინისტროს მიერ თანხების მიზნობრივად ხარჯვას ამოწმებდნენ. მათი მოვალეობა იყო, ამ საკითხისთვის ყურადღება მიექციათ. როგორც ჩანს, ყველაფერი მოისმინეს, დაადგინეს და... „კრება დარჩა მხიარული“.

დღემდე ვერ გამიგია, ეკონომიკის მინისტრს მე-11 სართულზე აუზი რაში სჭირდება. მისი მოწყობა ჯერ კიდევ ჩოგოვაძის პერიოდში იყო დაგეგმილი, არველაძეს კი თურმე უბრძანებია - აუზის პროექტი არ მომწონს, მე უფრო დიდი აუზი მინდაო. ახლო-მახლო დიდი მოსასვენებელი ოთახებიც გაუკეთებიათ. სიმართლე გითხრათ, მე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი კი მერქვა, მაგრამ მე-10 და მე-11 სართულებზე ვინ ამიშვებდა. უბრალოდ, ამ ყველაფრის შესახებ სამინისტროს თანამშრომლები ლაპარაკობდნენ და სიცილით იგუდებოდნენ. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სატირალი უფროა.

მგონი, ერის ტრაგედიაა, როცა ასეთი რამეები ხდება. მინისტრები მე-11 სართულზე აუზებში ბანაობენ და ხალხს კი სამსახურებიდან ყრიან.