გზავნილი უკრაინიდან - „ის, რომ უკრაინის მოქალაქე საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ერევა, ქართული მხარის ხედვაა“

გზავნილი უკრაინიდან - „ის, რომ უკრაინის მოქალაქე საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ერევა, ქართული მხარის ხედვაა“

„არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის“, - სააკაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტებებისთვის უკრაინის ელჩი დაიბარა. იგორ დოლგოვის განცხადებით, ის, რომ უკრაინის მოქალაქე საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ერევა, ქართული მხარის ხედვაა.

„უკრაინის ხედვაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი წარმოშობით და სულით და ის არასდროს შეწყვეტს იყოს ქართველი. რა თქმა უნდა, საქართველო არის მისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და არა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების“, - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში და ეს არის ის საკითხი, რის გამოც ქართულ მხარეს ჰქონდა ძალიან სერიოზული მიდგომა და რის გამოც გამოწვეული იქნა ელჩი კონსულტაციებზე.

„სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენს უკაინელ კოლეგებს, რომ ადამიანი, რომელიც ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, არის ძებნილი და ქართული მართლმსაჯულება 4 დამოუკიდებელი „ქეისის“ მიმართულებით სთხოვს პასუხს. იყო მოლოდინი, რომ ის გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არ ითვალისწინებას ამას, ეს იყო გაფრთხილება და ჩვენი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რის გამოც ჩვენ ელჩი გამოვიწვიეთ. ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის პირდაპირი ჩარევა უკრაინის მოქალაქის სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ეს არის აშკარად უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყანაში, არა უბრალოდ სხვა ქვეყნის, არამედ სტრატეგიული პარტნიორის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სააკაშვილის თქმით, მას უკრაინაში საჯარო მოხელის სტატუსი არ აქვს და ნებისმიერ თემაზე შეუძლია აზრის გამოხატვა. უკრაინის მოქალაქე, რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს შიდა საქმეებში ღიად ერევა და აანონსებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩაერთვება და ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ვიდეო მიმართვაში უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ახლა არა ადგილების გაყოფის დრო, არამედ გაერთიანების დროა.

„არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ადგილების გაყოფის დრო, არც ახლაა და არც მომავალში არ დადგება. ვისაც გვინდა, რომ ჩვენ ხალხს დავეხმაროთ, ყველანი უნდა დავდგეთ ერთად. მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე. წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ეს ქვეყანა, ან ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს, ამიტომ ჩვენც ვემზადებით გამარჯვებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქართული მხარისთვის მიუღებელია უკრაინის რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის განცხადება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა, თუმცა, მისი თქმით, ქართული მხარე მიჩვეულია სააკაშვილის მხრიდან ბევრად უფრო მძიმე კანონდარღვევებს.

„მიხეილ სააკაშვილს თავის ბიოგრაფიაში ბევრად მძიმე კანონდარღვევები აქვს. კიდევ ერთი ფაქტია მხედველობაში მისაღები - მხოლოდ იმ კუთხით არ ირღვევა კანონი, რომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, არამედ ის არის საჯარო მოსამსახურე უკრაინაში. შესაბამისად, აქ ორმაგი კანონდარღვევაა და ბუნებრივია, როგორც უცხოელი, ასევე შიდა დამკვირვებლები უნდა დაინტერესდნენ მისი განცხადებით და შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ. იმედი მაქვს, ასეთი რეაგირება მალე იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნის შედეგი ის არის, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია.

„მან 2004 წლიდან კარგი დასაწყისით საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ 20 პროცენტი ოკუპირებულია, უამრავი სტრატეგიული ობიექტი რუსეთზეა გადაცემული, უამრავი ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირია დახოცილი, ბევრი სამხედრო ბრძოლის ველზე დატოვა და აგრესორს შეატოვა. ეს არის მიშა სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნის კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება „ევროპული საქართველო“. გიგა ბოკერიას განცხადებით, სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე ვერ იქნება და ვერ ჩაერევა „ევროპული საქართველოს“ ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებებში.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის პარტიაში თუ თვლის მათთვის სასარგებლოდ სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნას, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენთვის ეგ საკითხი არ არსებობს საერთოდ და მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა. ოპოზიციურ ერთობას ვერ დააზიანებს ვერავინ, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა არ გადაწყვეტს, რომ დააზიანოს და ვინც ამას გადაწყვეტს, ის გადაიხდის ძალიან დიდ ფასს საზოგადოების თვალში, რადგან ყველას ესმის, რომ ივანიშვილის მშვიდობიანად დამარცხება არის ქვეყნის ეროვნული ამოცანა. ვინმე ბრიყვის რაიმე სახის მოტივაციის, ან პოლიტიკური ეგოიზმის გამო ვინც დააზიანებს, ის გადაიხდის ფასს. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება. მის პარტიაში თუ აქვს მას ეს ამბიცია, ეს მისი და მისი პარტიის საქმეა, „ევროპული საქართველოს“ საქმეებში ვერ ჩაერევა ძალიანაც რომ მოინდომოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი რეგიონული მასშტაბის ლიდერია, რომელიც რეგიონში დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ბრძოლის ავანგარდშია. ნაციონალები აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ქვეყნის მხარდაჭერას და საქართველოზე ზრუნვას ვერავინ აუკრძალავს. დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის აზრი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისა და მოქალაქეებისთვის საქართველოში, არამედ რეგიონის არაერთ სხვა ქვეყანაში.

„მისი აზრი ანგარიშგასაწევია არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არამედ ასობით ათასი ადამიანისთვის და ალბათ, მილიონობით ადამიანისთვის მთელ რეგიონში მისი კოლექტიური მასშტაბებიდან გამომდინარე. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, აზრი გამოთქვას სხვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. დღეს შემიძლია, შეფასება გავაკეთო პოლიტიკურ პროცესზე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოზე და ძალიან დიდი განსხვავებაა აზრის გამოთქმასა და უშუალოდ საარჩევნო აქტივობებში მონაწილეობას შორის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

 

ზურაბი დაგვცინიან უკრაინელები, უკრაინის მოქალაქე ქართული წარმოშობის კრიმინალი ჩვენს არჩევნებში არ უნდა ერეოდეს ქართული მხარის ხედვა ყოფილა,მალე ალბათ იმასაც იტყვიან იარაღით ხელში უნდა დავიცვათ ჩევენი მოქალაქე ქართული სამართლისაგანო.
3 წლის უკან