„სანამ ვინმეზე რაიმეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, ვინ გიხდით ხელფასს?“

„სანამ ვინმეზე რაიმეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, ვინ გიხდით ხელფასს?“

„ჟურნალისტიკა არის საზოგადოების მართვის საშუალება, ჟურნალისტიკა უნდა ემსახურებოდეს ხალხს“! - ეს მეოთხე ხელისუფლებად წოდებული ძალის, მედიის მოკლე და ყოვლისმომცველი განმარტებაა, რასაც საოცნებო ფაკულტეტზე მოხვედრილ თითოეულ მომავალ ჟურნალისტს უმაღლეს სასწავლებელში პირველივე დღეს აცნობენ. მოგვიანებით კი, მოვალეობების მთელ ნუსხასთან ერთად, ამ რთული და საპასუხისმგებლო პროფესიის მანდატსაც აბარებენ და გზას ულოცავენ... სწორედ ხალხის სამსახურში!... ამის შემდეგ არჩევანი თითოეულ მათგანზეა, გზა სიმართლისკენ - რთულად სავალი, მადლიერება ბევრი, საყვედური - უფრო მეტი, არის გამართლება, შეცდომებიც, ლანძღვა და ქება დამსახურებული, თუ დაუმსახურებელი... შრომა და პასუხისმგებლობა კი განუსაზღვრელი, - ისევე როგორც მედიის საზოგადოებაზე ზემოქმედების ბერკეტი.

და მაინც, რა როლი აქვს მასობრივ მედიასაშუალებებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, რატომ მძლავრობს ყალბი ინფორმაციების გამავრცელებელი მედია, ემსახურებიან თუ არა ჟურნალისტები საზოგადოების დაკვეთას და არიან თუ არა ისინი ნამდვილად ხალხის ხმა ხელისუფლებაში?! - for.ge-სთან საზოგადოების ცნობილი სახეები საუბრობენ:

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, მედიასაშუალებები ნაკლებად არიან ორიენტირებულნი და ამიტომაც არის დეზინფორმაციისა და ფეიკ-ინფორმაციების ბუმი საქართველოში. მისი თქმით, ქართული მედია „წიკვინა“ და სკანდალურ თემებს ეტანება, გლობალური, რეგიონალური თუ მსოფლიო ვითარების შეფასებით კი ნაკლებად ინტერესდება:

„რამდენიმე დღის წინ, დაიტესტა ახალი მილსადენი, რომელიც გულისმობს კასპიის რეგიონის რესურების გადაადგილებას, საქართველოს გავლით თურქეთის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით. სატრანზიტრო დერეფანი უკვე არსებული რესურსებით, საგანგებო მნიშვნელობისაა, რაც იყო და დარჩება პრიორიტეტთა შორის. სამწუხაროდ, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, მედია არც კი დაინტერესებულა ამით, მედიას ამაზე მეტად, პოლიტიკოსთა „გლადიატორული“ დაპირისპირებები აინტერესებს და არც კი უფიქრიათ ჩაიხედონ იმაში, თუ რას წარმოადგენს სატრანზიტო დერეფნისათვის საავტომობილო გზების ესოდენ სწრაფი და მნიშვნელოვანი მოცულობითი განვითარება. ახლა, როცა თურქეთმა 15-ჯერ შეამცირა რუსეთისაგან ენერგეტიკული რესურსის შესყიდვის მოცულობა, როცა ჩრდილოეთში და მათ შორის, გერმანიაში რუსეთს უარი უთხრეს და პარალელურად, ასეთი მნიშვნელობის პროექტი იწყება საქართველოში, როგორც ალტერნატიულ დერეფანში, ამ დროს, ჟურნალისტი მეკითხება, თინა ბოკუჩავამ რომ მომაყენა შეურაცხყოფა, რა პასუხს გავცემდი ამაზე?! ჟურნალისტებს, რომლებსაც მედიასაშულებები ჩვენთან უშვებენ, დავალებული აქვთ, რომ როგორმე ერთმანეთზე ალაპარაკონ პოლიტიკოსები, რათა მიეცეთ საშუალება სკანდალური თემების ასაგორებლად. თუკი მე მას პასუხს გავცემ, შემდეგ ის გაიქცევა, ამ პასუხს ოპონენტს მიუტანს და ტრიალებს ასე ერთი და იგივე სამარცხვინო და არაფრისმთქმელი ინფორმაცია. რატომ უნდა ეკითხებოდეს ჟურნალისტი მაგალითად „ნაციონალურ მოძრაობას“ უჩივლებენ თუ არა „ქართულ ოცნებას“ სასამართლოში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო? ამ დროს, როცა ვეკითხები, რომ თქვენ, პირადად რომელი შეზღუდვა გაწუხებთ, რომელმა შელახა თქვენი უფლებები? - ვერაფერს ამბობს, იმიტომ, რომ ის ჩამონათვალიც კი არ წაუკითხავს, არ იცის რა შეზღუდვებზეა ლაპარაკი...

რაც უნდა მაგარი პიარი გვქონდეს, გადახედეთ სოციალურ ქსელს, სააგენტოებს, ტელეგადაცემებს, გახსენით ვისი გვერდიც გინდათ და ნახეთ, რომ ეს ინფორმაციები ჩვენს მედიას არ აინტერესებს. ასე რომ, თუკი ვინმე საყვედურს გვეტყვის, რომ მმართველ გუნდს პიარი არ გვივარგა, ეს ყველაფერი გაითვალისწინოს.

საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, მედიასაშუალებები ნაკლებად არიან ორიენტირებულნი და ამიტომაც არის დეზინფორმაციისა და ფეიკ-ინფორმაციების ბუმი საქართველოში. ჩვენი მედია ამ „წიკვინა“ სკანდალურ თემებს უფრო ეტანება, ვიდრე გლობალური, რეგიონალური თუ მსოფლიო ვითარების შეფასებას და მათ გავლენას ჩვენს პოლიტიკაზე. ყვითელი გახდა პრესა, სერიოზული მედია, სერიოზული ანალიტიკური გადაცემები, ანალიტიკური სტატიები არის ძალიან ცოტა, იმდენად ცოტა, რომ არასერიოზულობის შემოტევას ვერ ფარავს. ასეთი არასერიოზულობით, სკანდალურობით და დეზინფორმაციული შეტევებით, რასაკვირველია, პირველ ადგილზეა და გამოირჩევა ის მედიასაშუალებები, რომლებსაც აქვთ პირდაპირი პოლიტიკური კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტ ორგანიზაციებთან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ for.ge-სთან ინტერვიუში.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე კი თვლის, რომ მედია, გარკვეულწილად, ადამიანების ბედს წყვეტს და ჟურნალისტის პროფესიონალიზმი, არამხოლოდ მის განათლებაზე, არამედ, მის ზნეობაზეა დამოკიდებული:

„ბევრ ჟურნალისტს შეიძლება ჰქონდეს პასუხიმგებლობა გააზრებული, მაგრამ უმეტესობას, სამწუხაროდ, - არა! განათლება და წაკითხული წიგნების რაოდენობა არ არის ადამიანის, ამ შემთხვევაში, ჟურნალისტის შეფასების კრიტერიუმი, თუკი მას არ გააჩნია შინაგანი კულტურა და ზნეობა, თუკი არ არის ობიექტური... ზოგადად, ინფორმაცია ბევრს აქვს, მაგრამ როცა შენი საქმიანობით, გარკვეულწილად, ადამიანების ბედს წყვეტ, აღნიშნული თვისებების გარეშე, აუცილებლად ნეგატიურ შედეგს მივიღებთ. შესაბამისად, არა მხოლოდ ჟურნალისტიკაში, ბევრ სხვა სფეროშიც იგივე პრობლემა გვაქვს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ისეთი ინფორმაციული ნაკადი, რომელიც ფსიქოლოგიურად ახდენს ადამიანის ქცევის პროგრამირებას და ეს ხდება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების შეკვეთის შედეგად, რომელთა მოტივაცია ხშირად არაჯანსაღია. მედია, ასეთ შემთხვევაში, ცალკეულ ადამიანებზე კი არა, მთელ სოციუმზე ახდენს გავლენას. ამის ცოცხალი მაგალითია ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც ერთ დროს შემოიჭრა ქართულ საინფორმაციო სივრცეში და უზარმაზარი ნეგატიური გავლენა მოახდინა შემდგომ, საქართველოს უახლეს ისტორიაზე, შიშისა და პანიკის დათესვით, სიცრუითა და ადამიანების დაზაფვრით... გავრცელებული აზია, რომ თითქოს საზოგადოების დაკვეთაა ის, რასაც მას საინფორმაციო საშუალებები აწვდიან, მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან არსებობს პირდაპირი და უკუკავშირი. „რუსთავი 2“ და მისი საინფორმაციო სკოლა არ იყო ქართველი ხალხის დაკვეთა, ის ხალხს თავს მოახვიეს, და „შესვეს“ ამაზე!

ადამიანი არის არსება, რომელიც ექვემდებარება ზემოქმედებას და როდესაც მასზე ზემოქმედებს საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაფინანსებული მიზანმიმართული სტრუქტურა, ბუნებრივია, ამის წინაშე ადამიანების ნაწილი უმწეოა და ზომბირდება. სახელმწიფოს ფუნქცია ამ შემთხვევაში, უარყოფითი საინფორმაციო ნაკადის დარეგულირება უნდა იყოს, თუმცა ეს ზოგადად, ცივილიზაციის პრობლემაა და განსახორციელებლადაც ურთულესია, რადგან ნეგატიური ინფორმაციული ნაკადის ნორმატიული ბაზით და ცენზურით შეკავება, რაც ადრე ხდებოდა, ცივილიზებული სამყაროსთვის არაეფექტურია. ტექნოლოგიები ვითარდება და კაცობრიობა ზნეობრივად ეცემა, ეს არის პარადიგმა, პრობლემა და საფრთხე კი ისაა, რომ ტექნოლოგიურად განვითარებული და ზნეობისგან გათავისუფლებული საზოგადოება ძალიან ცუდ დასკვნებს აკეთებს რეალობისგან“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი for.ge-სთან საუბარში.

მისივე განმარტებით, ყალბი ინფორმაციებით გაჯერებული მედია, ასევე გლობალური პრობლემაა, ე.წ. ფეიკ-ინფორმაციები კი სოციალური კვლევის საკითხია:

„მედია არ უნდა აღვივებდეს ადამიანში დამანგრეველ, დესტრუქციულ ქვენა გრძნობებს. საზოგადოების უკეთეს ნაწილს აქვს დაკვეთა, რომ მედია იყოს მაქსიმალურად ინფორმატიული, მაქსიმალურად მიუკერძოებელი, სამართლიანი და ობიექტური. საზოგადება ითხოვს მედიისგან, რომ ის გამოხატავდეს ხალხის ნებას და იყოს მისი რუპორი ხელისუფლების წინაშე. საზოგადოების უკეთესი ნაწილი რომ ვთქვი, ის ადამიანები ვიგულისხმე, ვისაც აქვს ზნეობრივი ორიენტირი, ვისაც ესმის, რომ მთავარი საზოგადოებაში არის განათლება, კულტურა, რელიგია, რომ ადამიანი აღმავალი გზით უნდა ვითარდებოდეს და მედიაც უნდა იყოს ამ ზნეობრივობის სამსახურში.

საბოლოოდ, მივდივართ იქამდე, რომ ყველაფერი მაინც ზნეობაზეა დამოკიდებული, სირცხვილია, რომ ადამიანი რომელიც ცოტა ხნის წინ თვითონ იყო უსამართლობის სიმბოლო, ახლა ვითომ თვითონ გახდა იმასთან მებრძოლი, რის გამოც მას სდებდნენ ბრალს. ეს ყველაფერი ძალიან კომიკურ პოზიციაში აყენებს ადამიანებს.

რაც შეეხება ყალბ და ე.წ. ფეიკ-ინფორმაციებს, ეს საინტერესო სოციოლოგიური კვლევის საკითხია. ხშირად შეგვხვედრია ინფორმაციები, სადაც აშკარად იგრძნობა, რომ „ფეიკია“, თუმცა, ამის მიუხედავად, აქვს მას ათასობით მოწონება, გაზიარება, კომენტარი, წყევლა-ლანძვა თუ ხოტბა-დიდება, გააჩნა, ვის რისი დანახვა სურს და სჯერა და მერე უყალიბდებათ ადამიანებს აზრი, რომ ნამდვილად ასეა, რითაც ძალიან კარგად სარგებლობენ დაინტერესებული ძალები. გარდა ამისა, მივეჩვიეთ, რომ ადამიანები მხოლოდ სათაურებს კითხულობენ, ვრცელ ტექსტებს კი, დროის უქონლობის თუ ინფორმაციის სიჭარბის გამო, საერთოდ აღარ კითხულობენ და ამის საფუძველზე გამოაქვთ დასკვნები. ამოგლეჯს მერე სიტყვებს ვისაც უნდა და ატრიალებს მხოლოდ იმ კუთხით, რაც თავად აწყობს. „ფეიკ-ნიუსებს“ კომერციულად მომგებიანი მხარეც აქვს, რითაც დაინტერესებული არიან გარკვეული ორგანიზაციები და მედია-საშუალებების ხელმძღვანელები და ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ისინი უნერგავენ ახალი თაობის ჟურნალისტებს განწყობას, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს სკანდალური, უნდა განხორციელდეს რესპონდენტზე პირდაპირი წესით „ნადირობა“ და ჟივილ-ხივილი, უნდა გვქონდეს ჩხუბსა და დაპირისპირებებზე ორიენტირებული ტოკ-შოუები და ეს არის თურმე კონკურენტუნარიანი ჟურნალისტიკა. რეალურად კი, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ მივიღოთ კიდევ მეტად არაჯანსაღი მდგომარეობა სოციუმში.

რა თქმა უნდა, გვყავს კომპეტენტური, ზნეობრივი ჟურნალისტებიც, რომლებიც საზოგადოების საუკეთესო ნაწილს წარმოადგენენ და სწორედ მათ უნდა მოიყარონ თავი, შექმნან ავტორიტეტული გაერთიანება და სიმართლით დაუპირისპირდნენ თუნდაც ამ სოროსის იდეოლოგიაზე აღმოცენებულ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომლებიც ეთიკაზე ლაპარაკობენ და სინამდვილეში, მთელი ცხოვრება ეთიკას ებრძვიან... როგორც ცნობილია, დაბალი ზნეობის ადამიანები ბანდებად იოლად ერთიანდებიან, უფრო განათლებულ და მაღალზნეობრივ ადამიანებს კი უჭირთ გაერთიანება და ისინი ამით სარგებლობენ, დომინირებენ და მათ სწორედ ეს დომინაცია უნდა მოვუსპოთ,“ - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

ბრიგადის გენერალი, სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე კი თვლის, რომ ადამიანები კარგა ხანია, ნეგატივზე „შესვეს“ და საზოგადოება საინფორმაციო ტერორის ქვეშაა, რასაც მავანი პოლიტიკური დაკვეთით ახორციელებს. დავალებები კი მოდის სხვადასხვა გამოცემის მფლობელებისა და იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, ვინც მათ უკან დგას:

„მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, მოსახლეობის დამთრგუნველი საინფორმაციო პოლიტიკა მიმდინარეობს, უკუღმა ავრცელებენ ინფორმაციებს, განსაკუთრებით ტელევიზიები. დამკვეთს პოლიტიკური მიზნები აქვს, მაგრამ ერთია პოლიტიკური მიზნები და მეორე საკუთარ მოსახლეობაზე ცდების ჩატარება. რამდენიმე წლის წინ ამ ყველაფერს საინფორმაციო ტერორი შევარქვი, რაც საკუთარ მოსახლეობასთან დღემდე ხორციელდება. ის, რა ზეგავლენაც აქვს არსებულ საინფორმაციო პოლიტიკას მოსახლეობაზე, არის ძალიან მავნებელი, ანგრევს ფსიქიკას, თრგუნავს ადამიანს, მის განწყობებს, ინიციატივას, ეკონომიკურ აქტივობებს და ა.შ.

დავალებები მოდის ტელევიზიების მფლობელებისა და იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, ვინც მათ უკან დგას. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება გვიან გამოფხიზლდა. წელიწადნახევარია, რაც აქტიურ საინფორმაციო პოლიტიკას ვადევნებთ თვალს ხელისუფლების მხრიდან. ეს დაიწყო, მეტწილად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, შედარებით დაბალანსდა სიტუაცია, მათ შორის, რეიტინგების კუთხითაც, ტელეკომპანია „იმედმა“ გადაინაცვლა პირველ ადგილზე და ეს მხოლოდ იმიტომ არ მომხდარა, რომ იქ მეტმა პროფესიონალმა მოიყარა თავი. ადამიანების განწყობებიც იცვლება ნელ-ნელა, თუნდაც, სოციალურ ქსელში, ამოუვიდა ყელში ხალხს ამდენი ნეგატივი. ამასაც თავისი მოქმედების ვადა აქვს. 8 წელია, ზიზღისა და სიძულვილის პროპაგანდა გრძელდება და დაიღალა ხალხი“- აცხადებს ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბარში.

ამირან სალუქვაძე, რომელიც 7 წლის განმავლობაში მედიის მონიტორინგზე, უცხო ქვეყნების მედიის ანალიზსა და ანალიტიკური პროდუქტების შექმნაზე მუშაობდა, უცხო ქვეყნების გამოცდილებას ქართულ მედიას ადარებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში, „ყველაფერი ამოყირავებულია“:

„აიღეთ წამყვანი რეიტინგული ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებები, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და შეადარეთ იმავე ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებს, უკვე 1-ელი ოქტომბრის შემდეგ. მთავარი აქცენტი, მთელი ამ წლების განმავლობაში, წინა წლებისგან განსხვავებით, მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციაზე კეთდება.

ავიღოთ, მაგალითად, კრიმინალის გაშუქება და შევადაროთ ევროპული და ამერიკული ტელევიზიის სტადარტებს. იქ საინფორმაციო გამოშვებები იწყება მნიშვნელოვანი შიდა თუ საგარეო პოლიტიკური სიახლეებით, მაგრამ როგორც წესი, შიდა პოლიტიკური სიახლეების შემდეგ, შუქდება შიდა ეკონომიკური თუ კულტურის სიახლეები, ის, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისკენ არის მიმართული, შემდეგ - საზღვარგარეთის მნიშვნელოვანი ინფორმაციები. კრიმინალი, როგორც წესი, სადღაც მეორე ან მესამე ბლოკში შუქდება, ისიც, თუ რაიმე განსაკუთრებული მძიმე შემთხვევა მოხდა და არა - ყველაფერი, ვინ ვის დანა გაუყარა, ვინ ვის ეჩხუბა! ნებისმიერი ქვეყნის საინფორმაციო გამოშვებები აიღეთ და ნახავთ, თუ ის სადმე მსგავსი ინფორმაციებით იწყება, როგორც ჩვენთან... ძალიან კარგად ვიცი, უცხოეთის ქვეყნებში როგორ არის აწყობილი ტელევიზიები, თუნდაც ბეჭდვითი და ინტერნეტ-გამოცემები... აქ კი ყველაფერი ამოყირავებულია.

რადგან კრიმინალზე ვსაუბრობთ, ავიღოთ და შევადაროთ, როგორ შუქდებოდა და შუქდება კრიმინალი დღევანდელი და თუნდაც წინა ხელისუფლების დროს (შორს რომ არ წავიდეთ). 2010 წლის კრიმინალის სტატისტიკის მიხედვით (არ დაგავიწყდეთ, ეს ის წელია, როდესაც სხვა წლებთან შედარებით, ბევრად ნაკლები კრიმინალური შემთხვევა ხდებოდა), დაახლოებით ყოველ მეორე-მესამე დღეს ხდებოდა განზრახ მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ასევე გაუპატიურება და გაუპატიურების მცდელობა, მობილურების, მანქანების ქურდობა... თუ არ ვცდები, 300-მდე ავტომობილია მოპარული მხოლოდ 2010 წელს და მთლიანობაში 31 ათასი სამართალდაღვევაა აღრიცხული. ეს რიცხვი რომ 365-ზე გავყოთ, დღეში დაახლოებით 85-90 სამართალდარღვევის ფაქტს მივიღებთ. აქ შედის მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ა.შ. ათასობით ფაქტი იყო ყოველთვიურად ძარცვის და ყაჩაღობის, ადამიანების უკანონოდ გატაცების, მძევლად აყვანის და ა.შ. მე გეუბნებით ამას საუკეთესო წელს, კრიმინალის თვალსაზრისით, თორემ თუ ცოტა უკან გადავახვევთ, 2-ჯერ მეტი სამართალდარღვევის ფაქტი ხდებოდა წლის განმავლობაში, მაგრამ არ შუქდებოდა ეს და სწორადაც კეთდებოდა, რომ არ შუქდებოდა.

რა თქმა უნდა, „ნაციონალების“ ხელისუფლება კრძალავდა მსგავსი ფაქტების ინტენსიურად გაშუქებას, ისევ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. კრიმინალი შუქდებოდა, ოღონდ იქ, სადაც უნდა გაშუქდეს, საინფორმაციო გამოშვებების მეორე-მესამე ბლოკში. როდესაც რეზონანსული მკვლელობა ხდებოდა, საინფორმაციო გამოშვებები აშუქებდნენ ამას, მაგრამ ეს იყო ცალკეული შემთხვევები და არა ისე, რომ დღეში 10 გამოშვებაა და ათივე იწყება სიუჟეტით მკვლელობაზე, ყაჩაღობასა თუ ქურდობაზე. მთავარია, პირველი ეს გითხრან, ეს ინფორმაცია მოგაწოდონ და დანაჩენს უკვე მოისმენ თუ არა, აღარ აინტერესებთ. ამას შეგნებულად აკეთებენ, რადგან, ყოველდღიური ნეგატივი საზოგადოებაზე მოქმედებს და ადამიანებში დაუცველობის განცდას აყალიბებს. ეს არის მედიის დამსახურება, მაგრამ მედია პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია ამ შემთხვევაში. იმას კი არ ვამბობ, რომ დავუმალოთ ადამიანებს უარყოფითი ინფორმაციები და არ ვაჩვენოთ, უბრალოდ, გავაშუქოთ იმ ბლოკში და იმ დოზით, როგორც საჭიროა. ჯერ უნდა შუქდებოდეს ძირითადი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიახლეები და შემდეგ სხვა დანარჩენი. ზიზღის და აუტანლობის ენა საქმიანი, პროფესიონალური, თემატური კრიტიკით და დისკუსიებით უნდა შევცვალოთ, კარგის აღიარება და სიხარულის გამოხატვა შევძლოთ, ცუდი გავაკრიტიკოთ და დავგმოთ. დაძაბული ფონი უნდა განიმუხტოს, სხვაგვარად მოქმედება სახელმწიფოებრიობის და ქვეყნის საწინააღმდეგოა“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე განმარტებით, ჟურნალისტი ვალდებულია, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ხელისუფლების ყურადღება პრობლემებზე მიმართოს, თუმცა, როგორ და რა ფორმით გააკეთებს ამას, სწორედ ამით განისაზღვრება მისი პროფესიონალიზმი:

„მაქსიმუმ 3-4 არხს უყურებს ადამიანი და როგორც წესი, უყურებენ საინფორმაციო გამოშვების დასაწყისს, სადაც არის მძაფრი სიუჟეტები, ხოლო როგორც კი დაიწყება პოზიტიური სიახლეები, რომ სადმე საწარმო, ავტობანი თუ საავადმყოფო გაიხსნა, ხელისუფლების წარმომადგენელმა მნიშვნელოვან სიახლეზე ისაუბრა, მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა და ა.შ. ამას ისეთ დროს აშუქებენ, რომ აღარავინ უყურებს...

მე ძალიან მიყვარს ეს პროფესია და ჟურნალისტები, იმის მიუხედავად, რა დავალებებსაც უნდა ასრულებდნენ ისინი, თუმცა, მორალის ამბავიცაა. შეიძლება აკეთებდე მსგავს სიუჟეტებს, მაგრამ ვაკვირდები სოციალურ ქსელში და ვხედავ, რომ არა მხოლოდ სამსახურის გამო ასრულებენ ამას, არამედ, თვითონ დგანან ამ ნეგატიურ პოზიციებზე. წარმოუდგენელია, ადამიანი დღეში 15-20 სტატუსს აქვეყნებდე და ყველა იყოს ნეგატიური... დაიკავებ მობილურს ხელში, დილიდან, ყავის დალევამდე იწყებ და ამთავრებ ნეგატივით... ამ ნეგატივზე „შესვეს“ ადამიანები, უბრალოდ...

მე ახლა ამით, რასაც ვსაუბრობ, იმას არ ვამბობ, რომ აყვავებულები ვართ, რომ ძალიან მაგრად ვცხოვრობთ, თუმცა, საბედნიეროდ, არც ისეა დანგრეული ქვეყანა, როგორც ამას აჩვენებენ და როგორი მცდელობაც არის. არის რაღაც ელემენტარული სტანდარტები, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის, კარგი გაგებით, თვითცენზურა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა არის საზოგადოების ინტერესი?! - ზედმეტი პანიკის გამოწვევა თუ ნეგატივის ზომიერად გაშუქება, ისე, რომ ხელისუფლების ყურადღება მიიქციო გარკვეულ პრობლემებზე?! - ამას როგორ გააკეთებ, ეს არის ხელოვნება.

რა თქმა უნდა, შეგიძლია მწვავე ფორმითაც მოსთხოვო ხელისუფლებას პასუხი, ოღონდ კარგად მოგეხსენებათ ჟურნალისტებს, როგორ კეთდება ნორმალური სიუჟეტი, თუნდაც ძალიან მწვავე და რას ნიშნავს აჟიოტაჟი, - ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ცნებაა. ასე რომ, სანამ ვინმეზე რაიმეს იტყვით და დაწერთ, მით უმეტეს გადაუმოწმებელს, კარგად დაფიქრდით ერთ გარემოებაზე: ვის მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებაში მუშაობთ და ვინ გიხდით ხელფასს? ნუთუ ასე დაჩლუნგებულად აღიქვამთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ამ იაფფასიან სანახაობებს აცქერინებთ?! თუ თქვენი მედიის დამფინანსებელი არის ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებული, გადასახადების დამმალავი, თქვენც თანამონაწილე ხართ და, თითქოს რომ გული შეგტკივათ, ზუსტად იმ პენსიონერების და სოციალურად დაუცველების ჯიბეში გაქვთ ხელი ჩაწყობილი“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

 

romani თანამედროვე მედიის მიერ, საზოგადოებისათვის მიყენებული ზარალი და მავნებლობის ხარისხი დიდათ აღემატება მის სიკეთეს. პოლიტიკური და კომერციული ინტერესების შერწყმას ( რასაც ყოველთვის ქონდა ადგილი) დაემატა თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაც მედიას უაღრესად საშიშ და დესტრუქციულ ძალად აქცევს და ახალ უბედურებებს უქადის ჩვენს შთამომავლობას. ახალი დრო უჩუმრად შემოსრიალდა და გამეფდა, ჩვენ მხოლოდ სტატისტების როლი გვარგუნა, რომელთაც არაფერი ძალუძთ, თუმცა შუაგულ ბრძოლაში აღმოვჩნდით. ასეთ დროს, უნებლიედ თუ ლოგიკურად, აზრი და თვალი კვლავ ძლიერი ხელის მოძიებას ლამობს, კვლავ სხვის ან სასწაულის იმედზეა. ცხოვრება ამ პირობებშიც შეიძლება და, დიდი ალბათობით, ასეც გაგრძელდება. ყველაფერს ხომ ალტერნატიული ფასი აქვს - აი, რისი შეწირვა მოგვიწევს, ეს არის საკრალური და ყველაზე მტკივნეული კითხვა. მე მგონი, და, ეს, წერილშიც არის ხაზგასმული, კვლავ, ზნეობრივი დეგრადაციის ხარჯზე მოხდება. როგორც ჩანს, იგი ყველაზე იოლად გვეთმობა.
3 წლის უკან