პოპულარულმა იაპონურმა გაზეთმა Nikkansports-მა თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული სუმოისტების გამოვლენის მიზნით გამოკითხვა ჩაატარა.
სულ გამოკითხვაში 50 635 ხმა დაფიქსირდა. მკითხველებს დღის განმავლობაში თავისი აზრის დაფიქსირება მხოლოდ ერთხელ შეეძლოთ.
შედეგების მიხედვით, იაპონურმა გამოცემამ 30-კაციანი სია შეადგინა, რომელშიც ყველაზე წარმატებული ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძეც მოხვდა. 32 წლის ტოჩინოშინმა 965 ხმა მიიღო და მე-18 ადგილი დაიკავა. Nikkansport-მა საუკეთესოებისთვის პოზიციების მისაჩენად ბანძუკეს (პროფესიული სუმოს რეიტინგი) სტრუქტურა გამოიყენა, გორგაძეს დასავლეთის მე-5 მაეგაშირას წოდება ერგო.
პროფესიული სუმოს საზაფხულო ტურნირი რიოგოკუ კოკუგიკანში 24 მაისიდან 7 ივნისამდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გამო, ის გაუქმებულად გამოცხადდა. ბოლო ინფორმაციით მომდევნო ბაშო 19 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში, ნაგოიას ნაცვლად, სწორედ ტოკიოში ჩატარდება, თუმცა უმაყურებლოდ. ტოჩინოშინს მიმდინარე რეიტინგში დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდება აქვს, თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ კი, უკვე რანგით მე-4 დივიზიონ სანდანმეშია და 28-ე საფეხური უკავია.0