გასხივოსნებულები, შეპყრობილები, ნარცისები, ბოროტები და ხარბები, ანუ ქართული პოლიტიკის „ეშმაკნი“

გასხივოსნებულები, შეპყრობილები, ნარცისები, ბოროტები და ხარბები, ანუ ქართული პოლიტიკის „ეშმაკნი“

„რასაც ვასხივებ დღეს, მიხეილ სააკაშვილმა მომცა შესაძლებლობა, როცა 23 წლის ვიყავი“, - ამბობს გიორგი ვაშაძე და ყოფილ პრეზიდენტს ამაგს არ უკარგავს. თუმცა სააკაშვილის მიმართ მისი მადლიერება სულაც არ ნიშნავს ნაცების გულის მოგებას. ვაშაძის გაპრემიერების მოსურნე „ნაცმოძრაობაში“ არ მოიპოვება, რადგან მას არაერთ ცოდვას უხსენებენ, მათ შორის, იმასაც, როგორ უმუხთლა ვაშაძემ „ნაცმოძრაობას“ მაშინ, როცა „ნაცმოს“ ყველაზე მეტად უჭირდა და პარტიიდან გავიდა. ასევე, ვაშაძის კიდევ ერთ თვისებას იხსენებენ ნაცები, რომ ვაშაძე თან პოროშენკოს საარჩევნო შტაბში იყო, თან სააკაშვილთან თანამშრომლობდა...

ვაშაძის გაპრემიერებასთან დაკავშირებით გაერთიანებულ ოპოზიციაშიც აზრთა სხვადასხვაობაა. თაკო ჩარკვიანის რჩეულს ოპოზიცია არარსებული თანამდებობის გადანაწილებაშიც არ თანაუგრძნობს.

რა ხიბლი აქვს გიორგი ვაშაძეს?

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განმარტებით, გიორგი ვაშაძეს რომ დიდი ხიბლი ჰქონდეს, მისი პარტია 2%-ზე ცოტა მეტს მიიღებდა. ფაქტია, ეს არის ერთი კაცის პარტია, რომელიც გიორგი ვაშაძის ფიგურით სულდგმულობს. რაც შეეხება იმას, რომ გიორგი ვაშაძე თურმე სააკაშვილის გამო ასხივებს და სააკაშვილმა მისცა მას ამის შესაძლებლობა, კითხვა ასე უნდა დაისვას, სააკაშვილს ვინ მისცა ეს შესაძლებლობა?!

„ის, რასაც ვაშაძე თავის თავზე მიიწერს, თუნდაც იუსტიციის სახლის ერთი სარკმლის პრინციპი, გაკეთებულია ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ. მათ ჩამოიტანეს საქართველოში ტექნოლოგიები, მათ ჩამოიყვანეს ექსპერტები, დაატრენინგეს, დახარჯეს ფული და ჩააბარეს ეს სისტემა გიორგი ვაშაძეს, რომელიც მაშინ, ზუსტად ვიცი, იყო სამოქალაქო რეესტრის ფარგლებში მოქმედი იუსაიდის პროექტის ერთ-ერთი დირექტორი. კი, შეიძლება ვაშაძემ თვითონაც რაღაცები გააკეთა, მაგრამ ლომის წილი ამ ყველაფერში ეკუთვნით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც მაშინ უდიდესი დახმარება აღმოუჩინეს მიშა სააკაშვილს, რადგან ვარდების რევოლუციის შედეგად მოსულ მთავრობაში ძალიან დიდი ფული იდებოდა“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე for.ge- სთან საუბრისას.

რაც შეეხება ვაშაძის პრემიერად შერჩევის სურვილს, ანალიტიკოსი თვლის, რომ ეს ერთ-ერთი გამოძახილია იმ წინააღმდეგობრივი პროცესების, რაც მიმდინარეობს ოპოზიციურ ბანაკში, რომელიც ლეიბორისტების ოფისშია შეკრებილი. გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატურად დაასახელეს ისე, რომ ეს არ ყოფილა შეთანხმებული სხვა პარტიებთან, განსაკუთრებით, არც „ევროპულ საქართველოსთან“, არც „ნაცმოძრაობასთან“, რომლებიც იქ არიან მძიმე წონოსანი მოთამაშეები. მათი რეაქციაც შესაბამისი იყო.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი ვაშაძე არის შესანიშნავი ტექნოკრატი, გამორჩეული უნარების მქონე ადამიანი. ის არის იუსტიციის სახლების პროექტის ერთ- ერთი სულისჩამდგმელი, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, ვაშაძე არის ნული. მას არ აქვს შესაძლებლობა, ადამიანები აიყოლიოს.

„ის არის საქმის შემსრულებელი, მას შეუძლია სისტემურად წარმოიდგინოს, როგორი იქნება იუსტიციის სახლი და მართოს ეს პროცესი. ახლა ისეთ რამეს ეჭიდება, რაც მისი საქმე არ არის - სტრატეგია „აღმაშენებელი“, ეს ფანტაზიორობაა, კარგი სადღეგრძელოებია, მაგრამ რეალობასთან კავშირი არ აქვს. მას უნდა დაავალო, ააშენოს იუსტიციის სახლი, ამას გაგიკეთებს, მაგრამ, როგორც კი „ნაცების“ ბანაკში ჩაეწერა, მაშინვე გახდა ნეგატიური როლის შემსრულებელი“,- აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბარში.

რაც შეეხება თაკო ჩარკვიანს, რომლის კანდიდატურაცაა გიორგი ვაშაძე, ანალიტიკოსის განმარტებით, ჩარკვიანის უკმაყოფილება „ოცნების“ მიმართ რამდენიმე ინტერესს ეფუძნება. თაკო ჩარკვიანი თვლის, რომ მან ღირსეული ადგილი „ოცნების“ შიგნით ვერ დაიმკვიდრა, ფიქრობს, მეტი ეკუთვნოდა და ვერ მიიღო.

„რატომ თვლის ასე? რადგან ჯანსუღის შვილია, ელიტას აკუთვნებს საკუთარ თავს და თვლის, რომ „ოცნებამ“ ვერ დააფასა. ამაზე განაწყენდა და გადავიდა ოპოზიციაში. დაახლოებით იგივეა გუბაზის შემთხვევაშიც, ოღონდ გუბაზს კიდევ მერკანტილური ინტერესიც აქვს. გაერთიანებულ ოპოზიციას პრემიერის პოსტზე დიდი არჩევანიც არ აქვს. პოლიტიკურ ფიგურებზე თუ ვისაუბრებთ, ნაცების ბანაკში ვისაც შეუძლია რამის გაკეთება, სულ რამდენიმეა. ერთია თვითონ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლიტიკურ ნებას აყალიბებს, ანუ პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორია და ამაში გუბაზ სანიკიძე არ ცდება. სხვა საქმეა, სააკაშვილის პოლიტიკა ბოროტების მხარესაა, თუ სიკეთის. რასაკვირველია, ეს არის ბოროტების მხარეს, რადგან მისი მთავარი ინტერესია პირადი სარგებლის მიღება და ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია.

მეორე პერსონაა ბოკერია, რომელიც იდეოლოგიური შეშლილია, ფანატიკოსია, ის არის ცრუ ლიბერალიზმით შეპყრობილი. მას მატერიალური ან პოლიტიკური სარგებლის ინტერესი კი არ აქვს მხოლოდ, არამედ შეპყრობილი ადამიანია და ბოროტებას აკეთებს ბოროტებისთვის“,- აცხადებს დავით ზარდიაშვილი, რომლის აზრითაც, სულ რამდენიმე ფიგურაა, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური ნების ფორმირებაზე მოახდინოს ზეგავლენა და ერთ-ერთი მათგანია ნინო ბურჯანაძე, რომელსაც აქვს იდეა რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რაც აბსოლუტურად არარეალურია.

„ამ სამ პერსონას გამოვყოფდი, სხვა ფიგურები ოპოზიციაში არ მეგულება. ნათელაშვილი ხომ საერთოდ ტაკიმასხარაა, მას არავითარი ზეგავლენა პოლიტიკურ ნებაზე არ აქვს. ნულოვანია მისი გავლენა, პოლიტიკური ამოცანის დასახვაც არ შეუძლია, იმდენად ოდიოზური ვიღაცაა“.

რაც შეეხება მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიებს, ანალიტიკოსი თვლის, რომ ასეთებიც თითზე ჩამოსათვლელია, მხოლოდ 3-4-ის დასახელება თუ შეიძლება, რომელსაც შეუძლია პოლიტიკურ ნებაზე გავლენა მოახდინოს. შეიძლება ამას მივათვალოთ „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც პოლიტიკურ ნებას აყალიბებს. ამ ჩამონათვალში, ალბათ, არ შევა „ლელო“, რომელსაც ძალიან ვიწრო ინტერესი აქვს. ეს არის საკუთარი ბიზნესინტერესების დაცვა. „ლელოს“ არც ამბიცია აქვს, რამე შეცვალოს.