„მსოფლიო რაგბიმ“ 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო სქემა გამოაქვეყნა. მომავალი ტურნირის საგზურები განაღდებული აქვს გასული მსოფლიო თასის საუკეთესო 12 ნაკრებს. ესენია: სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ახალი ზელანდია, უელსი, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრალია, ირლანდია, შოტლანდია, იტალია, არგენტინა და ფიჯი.
ტურნირში მონაწილეობა ოცმა გუნდმა უნდა მიიღოს, დარჩენილია კიდევ 8 საგზური, რომელიც კვალიფიკაციაში გათამაშდება.
2023 წლის მსოფლიო თასზე პირდაპირ გავლენ რაგბის ევროპის ჩემპიონატი 2022-ის პირველ-მეორე ადგილოსნები, მე-3 პოზიციაზე გასული გუნდი კი რეპეშაჟში გადაერთვება.
გასულ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები 12 საუკეთესოს შორის პირდაპირ მოხვდა, ამჯერად კი, ბორჯღალოსნები კვალიფიკაციას დაუბრუნდნენ.
2021 წლის სექტემბერში ტონგა და სამოა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და მათ შორის საუკეთესო მსოფლიო თასზე გავა, დამარცხებულს კიდევ ერთი შანსი აზიის ჩემპიონთან მატჩში მიეცემა, ამ შეხვედრაში წაგებული კი რეპეშაჟში გადაერთვება.დასკვნითი მე-8 საგზური რეპეშაჟში გათამაშდება. მომავალ ტურნირს საფრანგეთი უმასპინძლებს. ტურნირი 2023 წლის 8 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში პარიზში, მარსელში, ლიონში, ლილში, ბორდოში, სენტ ეტიენში, ნიცაში, ნანტსა და ტულუზაში ჩატარდება. მსოფლიო თასის წილისყრა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ჩატარდება და ფინალურ ეტაპზე უკვე გასული 12 ნაკრები პირველ სამ კალათში იმ დროისთვის არსებული რეიტინგის მიხედვით გადანაწილდება.
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად რჩება.
“ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო რაგბის უმთავრეს ფორუმზე პირველად 2003 წელს ითამაშეს და მას შემდეგ არც ერთი ტურნირი (2007, 2011, 2015, 2019) არ გამოუტოვებიათ.