ცოტნე გამსახურდია: დამკითხეთ!.

ცოტნე გამსახურდია: დამკითხეთ!.

"ციხეში ყოფნისას მინახავს ავადმყოფი პატიმრების ცემა, დენზე შეერთება. არანაკლები წამებაა ავადმყოფების მკურნალობისა და წამლების გარეშე დატოვება. ცემით ისჯებოდა საბანაოდ თუ სასეირნოდ გასვლის მოთხოვნა. მართალია, პირადად მე ფიზიკურად არ შემხებიან, მაგრამ პატიმრები ციხეში ვიყავით სრულიად უუფლებონი. თავად მინახავს, როგორ ესწრებოდა ყოფილი დირექტორი ვაჟა ცხვედიანი პატიმრის წამებას დენზე შეერთებით და ცინიკურად ეკითხებოდა – "გტკივა?" მინახავს, როგორ სცემდნენ წელლს ქვემოთ მოწყვეტილ, ეპილეფსიით სნეულ მალხაზ ზედელაშვილს, არაერთხელ მინახავს, როგორ სცემდნენ და პირდაპირ ჭროლობებში ურტყამდნენ სულიერად ავადმყოფ ტარიელ საყვარელიძეს. მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში წამების აპროპირებული ფორმა იყო პატიმრების მორგში ჩაყვანა და მთელი ღამეების განმავლობაში ჩაკეტვა ცხედრებისთვის განკუთვნილ ბოქსებში. პატიმრებს აწმენდინებდნენ სისხლს, აბამდნენ ცხედრის გაკვეთისთვის განკუთვნილ მაგიდაზე და ამგვარად აწამებდნენ. ეს იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რასაც პატიმრები ხშირად ვერ უძლებდნენ და ჭკუიდან გადადიოდნენ!" – აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ცოტნე გამსახურდია: დამკითხეთ!".

"პატიმრების წამებაში აქტიურობდნენ ვაჟა ცხვედიანი, გოგა ბუთლიაშვილი, ავთო პოპიაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი… აქტიურობდნენ თვით ექიმებიც – ზვიად გრიგალაშვილი და ლადო ხარებაძე. მათ პირადად მე დამაინვალიდეს. ვაპირებ, მივმართო შესაბამის ორგანოებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენო! მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, პატიმრების მდგომარეობაც უმჯობესდება. ახლახან ზონიდან პატიმრებმა დამირეკეს - ადრე თუ ადმინისტრაციაში საცემად და სასჯელის დასამატებლად დავყავდით, ახლა სამკურნალოდ და გასათავისუფლებად გვეძახიანო. თუმცა, იქ ბევრი რამ კიდევ გამოსასწორებელია. მახსოვს ჯოჯოხეთური ხმები, გლდანის დაწესებულების აბანოდან რომ გამოდიოდა. პატიმრებს ძირითადად აბანოში, კარანტინში და კარცერებში აწამებდნენ ხოლმე. ვიღაცას თუ სააკაშვილი საკუთარ პროექტად მიაჩნია და არ უნდა, რომ სახელი გაუფუჭდეს, ნუთუ ამის გამო ჩემი ინტერესები უნდა დაზარალდეს?! დამნაშავეა, ვინც ამ გარეწრების სამართლებრივ დევნას სუბიექტიურად აფასებს! ვერ ვხვდები, ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს - ლობისტური სისტემის ნაკლოვანებების, ბიუროკრატულობის თუ, უბრალოდ, ბანალური კორუფციის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ცოტნე გამსახურდია.

"სააკაშვილს დაემართა ბანალური სენი - იგი ძალაუფლებამ გახრწნა. ამას ხელი შეუწყო საზოგადოების მოუმზადებლობამ, ხელისუფლების ქმედებებზე ლეგიტიმური კონტროლი დაემყარებინა. ბელარუსთან ერთად, საქართველო ევროპაში გახლდათ გამონაკლისი ქვეყანა, სადაც ერთპარტიული პარლამენტი მართავდა და ადგილობრივი, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებაც ერთი და იმავე პოლიტიკური ძალით იყო შევსებული. მე ამას პოსტსაბჭოთა ტოტალიტარიზმის ეპოქას ვუწოდებ, ოღონდ იდეოლოგიური ფაქტორის გარეშე… ამ ფონზე, სახელისუფლო ძალის შემდუღაბებლად იდეოლოგიურ ფაქტორს კორუფცია ჩაენაცვლა! აქ იყო "ომერტა". ჩინოვნიკებს კომპრომატებით მართავდნენ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მსოფლიოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, დასავლეთისკენ ორიენტაციას ალტერნატივა არ გააჩნია. თუნდაც იმიტომ, რომ ევროატლანტიკური სივრცე ადამიანის ოპტიმალურად განვითარების გარანტიაა. ადამიანის უფლებებიც ამ სივრცის შეუცვლელი პროდუქტია. ჩემი აზრით, მაგალითი იაპონიისგან უნდა ავიღოთ, რომელმაც, ერთი მხრივ, ლიბერალური დემოკრატია ჩამოაყალიბა, მეორე მხრივ კი, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებები შეინარჩუნა! რუსეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ევროატლანტიკური ორიენტაცია ამ ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის. რუსეთსაც ბევრი რამ აქვს ისეთი, რაც ქართველ საზოგადოებას მოხიბლავს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ოკუპირებული ტერიტორიებით სპეკულირება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვკარგავდით ტერიტორიებს, შემდეგ კი მოთმინებით ველოდით შანსს და კიდეც ვახერხებდით დაბრუნებას. მავანმა ის ეარ გაიგოს, თითქოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს იოლად შეველიე", - დასძენს ცოტნე გამსახურდია და შეკითხვას - "რომელი პოლიტიკური ძალები იმსახურებენ შენს სიმპათიას?" - პასუხობს:

"რაც შეეხება ძალას, რომელიც ადამიანურად ჩემს სიმპათიას იმსახურებს, ეს არის "ქართული ოცნება", თუმცა, ჰაველის სიტყვებით თუ ვიტყვით, ხელისუფალისთვის საუკეთესო დახმარება მათი ჯანსაღი კრიტიკაა… დიახ, ჯანსაღი კრიტიკა და არა ჩასაფრებულის ცილისწამება!"