"მისი თამაშის ყურება მიყვარს" - კაფუმ მემკვიდრე დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარკოს კაფუმ თავისი მემკვიდრე დაასახელა. სამხრეთ ამერიკელი წლების განმავლობაში დაცვის მარჯვენა ფლანგზე გამორჩეული იყო და ახლა „ლივერპულის“ განაპირა მცველი, ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი აქო და ადიდა.

კაფუ მიიჩნევს, რომ ინგლისელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაც შეუძლია, არამხოლოდ თავის პოზიციაზე საუკეთესოობა.

„სენსაციური ფეხბურთელია, იშვიათად ნიჭიერი. თუ ასეთ დონეზე გააგრძელებს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებში გაერევა. ყველანაირი პოტენციალი აქვს, რომ ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიგოს. ტექნიკურად ბრწყინვალეა, ბრაზილიური სტილის მოთამაშეა, მიყვარს მისი თამაშის ყურება. ასეთ დიდ გუნდში თამაში კი განვითარებაში ეხმარება“, - თქვა კაფუმ.

შეგახსენებთ, არნოლდი მხოლოდ 21 წლისაა და „ლივერპულის“ მთავარ გუნდში უკვე მოასწრო 125 შეხვედრაში 6 გოლისა და 34 საგოლე პასის საკუთარ აქტივში ჩაწერა.