ვახტანგ მაისაია: ჭანკოტაძის მეშვეობით სააკაშვილი სამხედრო გადატრიალების წინაპირობის შექმნას ცდილობს

ვახტანგ მაისაია: ჭანკოტაძის მეშვეობით სააკაშვილი სამხედრო გადატრიალების წინაპირობის შექმნას ცდილობს

გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომელიც პოლიტიკაში მიდის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მართული პირია, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, 7 ნოემბრს დემონსტრანტების დარბევაში ჭანკოტაძეც მონაწილეობდა, ამ პერიოდში იგი გენერალური შტაბის უფროსი იყო. თუმცა, თავად ოპოზიციაში გენერალის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას", მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ ჭანკოტაძე გმირია, მასთან გაერთიანება კი პარტიას მხოლოდ სიკეთეს მოუტანს.

ვახტან მაისაიას განცხადებით, ჭანკოტაძე მომხრეა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება სამხედრო გადატრიალების საფუძველზე უზრუნველყოს. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ჩიქოვანი „რეზონანსთან" ჭანკოტაძის პოლიტიკურ პერსპექტივაზე საუბრობსს და აღნიშნავს, რომ გენერალი პარტიას მეტ პოლიტიკურ წონას შეჰმატებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გენერალი დევი ჭანკოტაძე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას იმით ხსნის, რომ ხელისუფლებამ არასწორი კურსი აირჩია და სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ის მის პოლიტიკურ კარიერას „ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშორებს. ამასთან არ გამორიცხავს, რომ მისი მეგობრებიც და სხვა მებრძოლებიც გაჰყვებიან მის გზას.

ჭანკოტაძის განცხადებას გამოეხმარა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას თავად მიესალმება.

„მე მხარს ვუჭერ ნამდვილი გმირის პოლიტიკაში მოსვლას! ლიდერი ის კი არაა ვინც საეჭვო წარმოშობის ფულს ხარჯავს საკუთარ "ლიდერობაზე" და მომავალ თანამდებობაზე აწეულ PR კამპანიაზე, არამედ, აი, ეს ნამდვილი პატრიოტი და სამშობლოს გენერალი," - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" გენერალ დევი ჭანკოტაძის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჭანკოტაძეს სხვა სამხედრო პირები მხარს არ აუბამენ.

„დევი ჭანკოტაძე აფხაზეთის ომის ვეტერანია. შემდეგ უკვე პოლიტიკუსი კომისარი გახდა, პოლიტიზირებული არმიის სუბიექტი იყო და მან დიდი როლი ითამაშა არმიის პოლიტიზაციის საქმეში. პოლტიზირებული სამხედრო პირების ჩართვა დღევანდელ პოლიტიკაში არ მიმაჩნია დადებით ფაქტად, მითუმეტეს ეს უკვე გაშიფრული პიროვნებაა, - სააკაშვილთან დაახლოებულია და თავის დროზე მან არმიას მოუწოდა, არ დამორჩილებოდა უმაღლეს მთავარ სარდალს, რომელიც არჩეული იქნა მოსახლეობის უმრავლესობით.

„როგორც ჩანს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის იდეა, ჩართოს არმია და ყოფილი სამხედროები გამოიყენოს, როგორ მას ახასიათებს, თავის ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში. ალბათ ის (სააკაშვილი) არ ენდობა საკუთარ თანამებრძოლებს და ცდილობს, სამხედრო გადატრიალების წინაპირობა შექმნას.

„პრაქტიკულად დევი ჭანკოტაძემ გაიმეორა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება სამხედრო გადატრიალების შესახებ, ეს მოვისმინეთ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ასეთი პოლიტიზირებული სამხედროები თავის დროზე საბჭოთა ტოტალიტარულ სახელმწიფოს ჰყავდა. მიხეილ სააკაშვილმა გადმოიღო ეს წესი, რაც გამოიკვეთა 7 ნოემბრის მოვლენებსა და 2012 წლის 1-ელ ოქტომბერში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამზადებდა მორიგ სამხედრო გადატრიალებას. მაშინ დევი ჭანკოტაძე გენერალური შტაბის უფროსი იყო.

„არ მგონია ნამდვილმა სამხედროებმა და ღირსეულმა ჯარისკაცებმა, ამასთან ვეტერანებმა მას მხარი აუბან," - თქვა მან.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ" პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჭანკოტაძის კანდიდატურა წამოაყენონ, აღნიშნა, რომ გამარჯვების რეალური შანსი გენერალს მაინც არ ექნება.

„ნაცმოძრაობამ" მათ გეგმებში თუნდ პრემიერ-მინისტრად აირჩიონ, თუნდაც პრეზიდენტად, მაგრამ მსგავსი რამ გამორიცხულია. მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, ყოველთვის იყურება ძალაზე და მომხრეა ძალისმიერი მეთოდით მოვიდეს ხელისუფლებაში, რაც არაერთხელ დაამტკიცა," - აღნიშნა მაისაიამ.

მამუკა ჩიქოვანის თქმით, „ნაცმოძრაობაში"ჭანკოტაძის გაერთიანება მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს, როგორც პარტიისთვის, ასევე ქვეყნისთვისაც.

„ის არის გმირი, საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი და მხოლოდ მისასალმებელია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა. მისნაირი ერთგული, ქვეყნის მოყვარული და პატრიოტი ადამიანები უნდა იყვნენ ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილი. ის რომ „ნაცმოძრაობასთან" ერთიანდება, ძალიან კარგია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე პარტიისთვის," - თქვა ჩიქოვანმა.