კომპანია „ლიდერფუდის“დამფუძნებელი, ირაკლი დუმბაძე, მისი სიმამრისგან 2018 წელს იძულებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მან კომპანიის 50% 1 მლნ ლარად გადასცა დავით ზეიკიძეს. დუმბაძე, რომელსაც ორი ინსტანციის სასამართლო უკვე მოგებული აქვს, აცხადებს, რომ მისმა სიმამრმა შანტაჟით და მუქარით კომპანია „ლიდერფუდი“ გადააფორმებინა. პარალელურად, სიცოცხლის მოსპობისა და ფიზიკური მუქარის თაობაზე, ინგა ზეიკიძემ, მამის, დავით ზეიკიძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა პროკურატურას.
ირაკლი დუმბაძე, რომელიც ლიდერფუდის 100%-იანი წილის დამფუძნებელია for.ge-სთან სუბრისას აცხადებს, რომ კომპანია ნულიდან შექმნა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად ამიერკავკასიაში ნომერ პირველ ხორცპროდუქტების საწარმოდ აქცია. თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანია მაღალშემოსავლიანი გახდა, დავით ზეიკიძემ შანტაჟით, მუქარით და ცრუ დაპირებებით საკუთარ ვაჟებზე, რომლებიც კომპანიის განვითრებაში არ ყოფილან ჩართული, გადააფორმებინა კომპანია.
„2008 წლიდან მე გახლავართ ლიდერფუდის 100%-ანი წილის დამფუძნებელი და მისი დირექტორი, 2018 წლის მარტის ჩათვლით. ეს არის კომპანია, რომელიც ნულიდან შევქმენი, ჩემი შრომის შედეგად. თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანია მაღალშემოსავლიანი გახდა, ჩემი მეუღლის ძმის, ვიტალი ზეიკიძის წაქეზებით, ჩემმა სიმამრმა, დავით ზეიკიძემ შანტაჟითა და მუქარით გადაწყვიტა, რომ ზემოქმედება მოეხდინა ჩემზე. თავდაპირველად, მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობდით, რომ დავთანხმდებოდით მათ შემოთავაზებულ წინადადებას, იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი იყო, არ გვინდოდა მისი პატივისა და ღირსების შელახვა, არ გვინდოდა ამაზე ხმამაღლა საუბარი.
თუმცა სხვა გზა არ დაგვიტოვეს და გარკვეული დანაპირების სანაცვლოდ, მოხდა ისე, რომ დავთანხმდით ამ ყველაფერს. თუმცა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, მისი შესრულება მოინდომეს და სამწუხაროდ, იძულებული გავხდი დამეწყო სასამართლო დავა. დავით ზეიკიძე მემუქრებოდა თავისი გავლენების გამოყენებით, დაჭერით, ლიკვიდაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვებით და გადავწყვიტეთ, რომ ეს საქმე სამართლებრივად მიგვეყვანა ბოლომდე. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანზე მიწევს საუბარი, მისი ქალიშვილი ჩემი მეუღლეა და ჩვენ გვქონდა იდეალური ურთიერთობა. დავით ზეიკიძე არის, თავისი შვილის, ვიტალი ზეიკიძის მსხვერპლი ამ სიტუაციაში, ის მოქმედებს მისი მითითებით და მის ზურგს არის ამოფარებული“, - აცხადებს ირაკლი დუმბაძე.
მისივე თქმით, როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და ახლა უზენაესმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს დავით ზეიკიძის საჩივრის სამართლიანობის თაობაზე. როგორც დუმბაძე ამბობს, დავით ზეიკიძემ სასამართლოების წაგების შემდეგ საბოლოოდ დაკარგა სახე და ამჯერად, უკვე ცილისმწამებლური მეთოდებით ცდილობს გავლენა მოახდინოს უზენაეს სასამართლოზე.
„ისიც კი იკადრა, რომ მისივე ვაჟის რეკომენდაციით დანიშნული ბუღალტრის მიერ კომპანიის ქონების მითვისების ფაქტი, ჩემ სახელს დაუკავშირა, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელმა თანხა მას შემდეგ მიითვისა, რაც მე „ლიდერფუდში“ უკვე აღარ ვმუშაობდი. ყველანაირად ცდილობდა, ციხეში გამოვემწყვდიე, ხან ნარკომანობას მაბრლებდა, ხან თითქოს კაზინოში ვთამაშობდი. ისიც კი მოახერხა, რომ ჩემს მეუღლეს წერილი აჩვენა - ციხეზე იპოვა ე.წ. ნასედკა, რომელსაც ბუღალტერი უყვება როგორ ვიყავი მასთან კავშირში და ერთად ვთამაშობდით კაზინოში.
დავით ზეიკიძემ ძალიან კარგად იცის ადამიანის გაფუჭება და შავი პიარი, ახლაც ცდილობს ამ მეთოდით დამაშინოს, სასამართლოზე მოახდინოს ზემოქმედება და დაგვაბრალოს ყველაფერი. როგორ ფიქრობთ, მე რომ კავშირში ვყოფილვიყავი იმ ბუღალტერთან, გამოძიებისთვის რთული იქნებოდა ამ კავშირების დადგენა?“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას იარკლი დუმბაძემ.
ირაკლი დუმბაძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია სამარლებრივი გზა, რომ ბოლომდე მიიყვანოს დავა, როგორც პროკურატურაში, ასევე სასამართლოში.
„პარადოქსია ის, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი გამოდის და კორუფციაში გვადანაშაულებს მე და ჩემს ადვოკატს. თუკი ასეთ ფაქტს მათივე გაგებით ადგილი ჰქონდა, ბატონ კბილაშვილს არ უნდა ეშლებოდეს, რომ მიმართოს გამოძიებას და მოითხოვოს შესაბამისი რეაგირება. მაგრამ მიმართვის ნაცვლად დაჯდა და ტელევიზიის საშუალებით ელაპარაკება ადამიანებს, რომ კორუფციას ჰქონდა ადგილი. კორუფცია არის უმძიმესი დანაშაული და ამ უმძიმესი დანაშაულისთვის შეეძლო გამოძიებისთვის მიემართა და შედეგი დამდგარიყო“, - აცხადებს ირაკლი დუმბაძე.
ირაკლი დუმბაძის ადვოკატი, პაატა სალია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებული გახდა, 2018 წლის მარტში მისი კუთვნილი კომპანიის 50% შპს „ლიდერფუდი“ გადაეფორმებინა მისი სიმამრისთვის, დავით ზეიკიძისთვის, რომელიც მას ემუქრებოდა.
„ირაკლი დუმბაძეს სიმამრმა მოსთხოვა წილის 50%-ის მასზე გადაფორმება. გადაიფორმა საკუთარი სიძის წილი, არც ფული მისცა და არც სხვა ქონება. მეტიც, ამ ადამიანის მიერ აშენებულ და აწყობილ საწარმოში მისვლა აუკრძალა. დავით ზეიკიძე საკუთარ შვილს ეუბენობდა, რომ მის ქმარს ფიზიკურად გაანადგურებდა თუკი სარჩელს არ გამოიტანდა. ირაკლი დუმბაძის მეუღლეს, ირაკლის სიცოცხლის მოსპობისა და ფიზიკური მუქარის თაობაზე, მამამისის, დავით ზეიკიძის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილი აქვს სარჩელი, რომელიც განხორციელდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ზეიკიძეს სარჩელი მიღებული ჰქონდა.
ეს ადამიანი იმდენად დარწმუნებულია თავის ძალებში, იმდენად დარწმუნებულია, თითქოს მთელი ქვეყანა მის ხელშია და ისეთი გავლენა აქვს, რომ ყველაფერი შეუძლია და ყველაფერი ეპატიება. ჩათვალა, რომ დარეკვით და დაშინებით გაატანინებდა სარჩელს და ამით მოაგვარებდა ამ პრობლემას. ამ პერიოდში გაეპარა მას სწორედ 10-დღიანი ვადა. საყურადღებოა ის არის, რაზეც კბილაშვილი ამახვილებს ყურადღებას - როდესაც ჩაერთო ამ საქმეში, უკვე გარკვეული საპროცესო მოქმედებები იყო განხორციელებული. ამიტომ, სანამ კბილაშვილი რამეს იტყვის, აუცილებლად ყოველ ჯერზე უნდა თქვას, რომ მისი კლიენტისგან იცის რომელიმე ინფორმაცია და არ აქვს უფლება თქვას, რომ დანამდვილებით რამე იცის. იმიტომ, რომ ამ პერიოდში არ მონაწილეობდა ამ დავაში და არ იცის რეალურად რა კონვერტი მიიღო ზეიკიძემ“, - აცხადებს პაატა საალია.
მისი თქმით, სანამ სასამართლოში წავიდოდნენ, ერთი თვის შუალედში რამდენიმე წერილი გაუგზავნეს ზეიკიძეს, რომ ის ვალდებულება, რაც ჰქონდა აღებული, ან შეესრულებინა, ან წილი უკან დაებრუნებინა. რაზეც პასუხი ვერ მიიღეს.
„როდესაც კიდევ ერთხელ მივწერეთ და ვუთხარით, რომ ჩვენ მოვითხოვთ სასამართლოთი ჩვენი უფლებების დაცვას, წავიდა და დაიწყო წილის გადაფორმება თავის ვაჟზე. იცით, დავით ზეიკიძის ლოგიკა როგორია - მას ჰყავს 3 შვილი, მას უნდოდა, რომ ყველა ქონება და მათ შორის სიძის მიერ შექმნილი ქონება, გაეერთიანებინა და მერე გაენაწილებინა.
თან ამბობს, რომ მის ბიჭებს მეტი შვილი ჰყავთ, გოგოს ნაკლები და შვილიშვილების რაოდენობით დაიწყო ამ ქონების განაწილება. ამ დროს, მთალიანად ეს საწარმო თავიდან ბოლომდე არის ირაკლი დუმბაძის შექმნილი. ზეიკიძეს დღემდე აქვს თავისი „ზეიკიძე“, რომელიც მთელმა საქართველომ იცის რა ხარისხიც იყო, დღეს „შაროლე“ ჰქვია ამ კომპანიას. არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, თითქოს „ლიდერფუდი“ არის ზეიკიძის ბაზაზე შექმნილი. ეს არის სიმართლე ამ ქონებასთან დაკავშირებით.
როდესაც კბილაშვილი ამბობს, რომ ქონება 15 მილიონი ღირს, ხომ ჩნდება კითხვა, რატომ გადააფორმა ბიზნესმენმა ეს ქონება მილიონ ლარად, თუ არ არის სხვა გარემოება? სხვა გარემოება კბილაშვილისთვის არის ის, რომ ეს ყველაფერი ზეიკიძის იყო და ფორმალურად ჰქონდა სიძეზე გაფორმებული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ზეიკიძემ სიძეს წაართვა ქონება. ძალიან მიკვირს არჩილ კბილაშვილისგან, როდესაც კოლეგას და ამ შემთხვევაში მე, მაყენებს შეურაცხყოფას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პაატა სალიამ.
დავით ზეიკიძის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ადასტურებს, რომ სიმამრს სიძისთვის თანხა ნამდვილად არ გადაუხდია, თუმცა ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან დუმბაძე წილის ნომინალური მფლობელი იყო. ამის დასტურად კბილაშვილი ამბობს, რომ ეს ოჯახური ბიზნესია და რეალურად მცხეთაში მდებარე ხორცპროდუქტების საწარმოს აქტივები 25-30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, შესაბამისად 1 მლნ ლარად წილის ნახევარს არავინ გაასხვისებდა.
„ეს დავის შინაარსობრივი მხარეა, რომელსაც არ გავურბივართ. მეტიც, ვამბობთ, რომ მოდით, ეს განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ზეიკიძეს ეს მილიონი ლარი არ გადაუხდია და ამის მიზეზი იყო ის, რომ 2018 წელს, სანამ დავით ზეიკიძე 100%-ს გადმოიფორმებდა, 50% ეკუთვნოდა მის შვილს დიმიტრი ზეიკიძეს, ხოლო მეორე 50%, სიძეს – ირაკლი დუმბაძეს. ორივე ნომინალური მფობელები იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 2 მილიონ ლარად დავით ზეიკიძეს არავინ მისცემდა ქონებას, რომელიც დაახლოებით 25 მლნ დოლარი ღირს. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩაწერილი თანხა ფორმალური იყო“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.
აკი ნიკოლოზი გადავარდაო.......