„ტოტენჰემში“ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი Tottenhamhotspur-ი ავრცელებს.
პრემიერლიგის კლუბებში 1-2 ივნისს ჩატარებული 1 197 ტესტიდან, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა. კლუბს არ დაუსახელებია იმ ადამიანის სახელი, ვისაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ინფიცირებული ერთკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფება, რის შემდეგაც განმეორებით ანალიზს ჩააბარებს.
პრემიერლიგაში 5 079 ტესტი ჩატარდა და ჯამში კორონავირუსით დაინფიცირების 13 შემთხვევა გამოვლინდა.
ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს, 2 მატჩით განახლდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.