მერაბიშვილის კანდიდატურა ოპოზიციური გაერთიანების დაშლის საფუძველი ხდება

მერაბიშვილის კანდიდატურა ოპოზიციური გაერთიანების დაშლის საფუძველი ხდება

ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით დაწყებული კონსულტაციები, ოპოიციური გაერთიანების დაშლის საფუძველი ხდება. ოპოზიცია ცალკეულ რეგიონებზე ვერ თანხმდება, რაც უკვე გახდა განხეთქილების მიზეზი. მთავარი უთანხმოება ახალციხეში „ნაციონალური მოძარაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი, ვანო მერაბიშვილია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ შეთანხმება არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე პარტიის ვიწროპარტიული ინტერესი, ამიტომ ამ კონტექსტში სიხარბემ არავის არ უნდა სძლიოს. კაპანაძე ფიქრობს, რომ პირველ ტურებშივე უნდა მოხდეს მაჟორიტარების კოორდინირება და რაც შეიძლება მეტ ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატების წამოყენება.

„ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ თუ გვინდა ივანიშვილის დამარცხება, პირველ ტურში უნდა მოვახდინოთ მაჟორიტარების კოორდინირება და რაც შეიძლება მეტ ოლქში მოხდეს საერთო მაჟორიტარული კანდიდატების წამოყენება. ეს ნიშნავს, რომ დიდმა პარტიებმა: „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დათმონ უფრო მეტი. შეთანხმება არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე პარტიის ვიწროპარტიული ინტერესი, ამიტომ ამ კონტექსტში სიხარბემ არავის არ უნდა სძლიოს“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციას შორის მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების შანსი 80%-ია. ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ დიდმა ორგანიზაციებმა უნდა დათმონ. მისი თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს „ლელოს“ გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამ შეთანხმებაში, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუ არ მიიღო ამ შეთანხმებაში მონაწილეობა, ეს უკვე პრობლემა იქნება.

„დიდი ორგანიზაციაა, დიდ ორგანიზაციაში დიდი ბიუროკრატიაა და მათი სამზარეულო მოითხოვს დროსაც და მეტად პოზიციების შეჯერებას. ან მივიღებთ ყველაფერს და ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება, ან მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგად მეტს და ისევ ოპოზიციაში იქნება. დიდმა ორგანიზაციებმა უნდა დათმონ. ჯერ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე მაჟორიტარული ოლქების განაწილების კუთხით“, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

გერთიანებული ოპოზიციის წევრი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მაჟორიტარობის კანდიდატს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ჰქონდეს მოგების შანსი, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას მხარდაჭერა არ ექნება. ბურჯანაძის განმარტებით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, კონკრეტული რაიონისთვის ისეთი კანდიდატი უნდა იყოს წარდგენილი, რომელსაც იმ რაიონის მოსახლეობის მაქსიმალურად დიდი მხარდაჭერა და მოგების შანსი აქვს.

„განსხვავებები არსად არ წასულა. კატეგორიულად გამოვრიცხავ მე ამ ფორმულირებას, რომ ჩვენ დავთმობთ მანდატებს „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ, ან ისინი დათმობენ ჩვენ სასარგებლოდ. აქ არ არის ამაზე ლაპარაკი, აქ მნიშვნელოვანია, რომ პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ისეთი კანდიდატი იყოს რაიონისთვის, რომელსაც აქვს იმ რაიონის მოსახლეობის მაქსიმალურად დიდი მხარდაჭერა და მოგების შანსი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის მიერ დაწუნებული ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძარაობის“ სახელით მშობლიურ ახალციხეში შეეცდება მიიღოს დეპუტატის მანდატი. ნიკა მელიას განცხადებით, შესაძლოა, გარკვეულ ოლქებში ოპოზიციურ პარტიებს თავიანთი კანდიდატები ჰყავდეთ, ცალკეულ ადგილებზე კი - ერთიანი. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ერთობა მაქსიმალურად ყველა საკითხის გარშემო შედგეს.

„აქტიურად ვართ ჩართულები ამ პროცესში. საერთო მაჟორიტარულ ოლქებშიც ჩვენი როლი მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური. თუმცა, ბუნებრივია, შესაძლებელია, ცალკეულ ოლქებში საერთო შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი ინტერესი იყოს, რომ ოპოზიციას ყავდეს არა ერთი კანდიდატი, არამედ რამდენიმე, რომ ამით გონივრულად დავუპირისპირდეთ ოლიგარქს. არის ოლქები, სადაც ცალსახად საერთო კანდიდატი უნდა იყოს. „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე, სხვა პარტიებთან კონსულტაციების შედეგად“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები მიუღებელია დამოუკიდებელი დეპტატისთვის. როგორც დავით ჭიჭინაძე აცხადებს, ოპოზიციის ნაწილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არანაირი განსხვავება არ არის. მისი თქმით, თუ ღირებულებითი თანხვედრა არ გაქვს პოლიტიკურ ძალებთან, არ შეიძლება რაღაც გაუგებარ გარიგებებზე წახვიდე, მით უმეტეს ხალხის ინტერესების საპირისპიროდ.

„ვთვლი, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც დღეს ყველაზე უფრო აქტიურობს და „ქართულ ოცნებას“ შორის, რეალურად არანაირი განსხვავება არ არის. თავის დროზე მოსახლეობას ყველამ საკმაოდ სერიოზულად გაუცრუა იმედები და ამომრჩეველი მოატყუა. შესაბამისად, ამ მოცემულობით, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება.

რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას, ჩვენი შეთავაზებები მოსახლეობისთვის სრულიად განსხვავებულია. ჩვენ განვსხვავდებით ჩვენი პოლიტიკური ხედვებით, რადგან ვებრძვით ლიბერალურ ეკონომიკას, რომელმაც არა მარტო ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიო ჩიხში შეიყვანა. ამიტომ არ ვაპირებთ ხელოვნური უმრავლესობის შექმნას შევუწყოთ ხელი და ჩვენი ამომრჩეველი შეცდომაში შევიყვანოთ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ოპოზიციის მხრიდან საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება რომ უსაფუძვლოა, ამაში დარწმუნებულია პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, არ არის მოსალოდნელი, რომ ნინო ბურჯანაძის მომხრეებმა მხარი დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, მაგრამ ქვედა დონეზე ეს შეთანხმება არ იმუშავებს.

„რთული იქნება მაჟორიტარებზე შეთანხმება, იმიტომ, რომ ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში წამყვანი პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“. გამოვა, რომ რაიონებში ან რეგიონში სხვა პარტიიდან თუ იქნება მაჟორიტარი დასახელებული, „ნაციონალური მოძრაობის“ პირველმა ეშელონებმა ადგილზე უნდა იმუშაონ სხვა პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ და ძალიან რთულია ასეთ დროს დაარწმუნო პარტიის წევრები, რომ იმუშაონ სხვა პარტიებისთვის.

როცა ლაპარაკია, რომ ეს მეორე ტურშიც შესაძლებელია, ეს შეუძლებელია. კი, შეიძლება პარტიის ლიდერებმა მოუწოდონ ამომრჩევლებს, რომ ხმა მიეცით მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატს, მაგრამ ასე მარტივად არ ხდება, რომ პარტიის ლიდერის მოწოდებაზე ამომრჩეველი აუცილებლად ხმას მისცემს ოპოზიციურ კანდიდატს. ამიტომ, ეს არის რთული პროცესი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

იმ შემთხვევაში, თუკი ძალისხმევა იქნება, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება შესაძლებელი გახდეს. მისი განმარტებით, გამარჯვებისთვის კომპრომის მიღწევა აუცილებელია.

„არ არის გამორიცხული, ჯერ კიდევ უზარმაზარი დროა მყარი შეთანხმებებისთვის და თუ ძალისხმევა იქნება, შესაძლოა, შეთანხმება შედგეს, მით უმეტეს ძნელია იმის თქმა, რომ რომელიმე მათგანს გამარჯვების დიდი შანსი აქვს. როცა ადამიანები ერთ და არცთუ ისე სასურველ ბედქვეშ ხვდებიან, საერთოს უფრო ადვილად პოულობენ და კომპრომისზეც უფრო ადვილად მიდიან. ერთი რამ უდავოა, რომ შეთანხმება გამარჯვებისთვის საჭიროა. ვის აქვს კონკრეტულ ადგილზე გამარჯვების შანსი, ეს მხოლოდ იმით გაირკვევა, თუ ჩაატარებენ რეგიონში პრაიმერიზს, სოციოლოგიურ გამოკვლევას ან რაიმე ისეთს, რაც უკარნახებთ, ვის როგორი შანსი აქვს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.